საქართველოში კერამიკულ ჭურჭელში ტყვიის აღმოჩენის გამო იმპორტიორს პროდუქციის ამოღება დაევალა - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.
"მიმდინარე წლის 25 ივლისს ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება (2022.4294), რომლის მიხედვითაც პოლონეთის კომპეტენტურმა სამსახურმა ბაზარზე განხორციელებული კონტროლის დროს გამოავლინა ჩინური წარმოების -He Tai Ceramic Manufacturing CO., LTD კერამიკული თეფშებიდან (საკვებთან შეხებაში მყოფი მასალიდან), ტყვიის მიგრაციის ფაქტი (1,5+/-0,4 მგ/დმ2).
საქართველოში აღნიშნული პროდუქციის - თეფშები -
Ambition Junior, დიამეტრი-19 სმ, რაოდენობა-144, პარტიის ნომერი-281799BB, მიმღებ-იმპორტიორად დასახელებულია შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" - სავაჭრო ჰიპერმარკეტი "დომინო". სააგენტო მოუწოდებს იმ მომხმარებელს, ვისაც უკვე შეძენილი აქვს შეტყობინებაში მითითებული ჭურჭელი, მისი გამოყენებისგან თავი შეიკავოს (
იხილეთ თანდართული ფოტოები).
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული ფაქტის შესახებ იმპორტიორს წერილობით აცნობა და მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, თეფშების დასახელებული პარტიის ამოღება დაავალა." - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განგვიცხადეს, იმპორტიორმა შეტყობინება და ყველა სახის ინფორმაცია სასწრაფოდ მიიღო და ახლა მათი ვალდებულებაა, რომ საქართველოში შემოტანილი პროდუქცია ბაზრიდან ამოიღონ და უკან გაითხოვონ.
ზოგადად კი ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის საშიშროებაზე უამრავი მშობელი ღელავს. ამასთან დაკავშრებით კი სპეციალისტებიც არაერთ განმარტებას აკეთებენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონისა და ამით გამოწვეული პრობლემების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა და მშობლებსა და მეურვეებს რეკომენდაციებით მიმართა.
ტყვიით ექსპოზიციასთან დაკავშირებული ძირითადი სიმპტომებია:
- სწავლის უნარის დაქვეითება;
- დაბალი მაჩვენებლები ინტელექტის შეფასების ტესტებში;
- ზრდისა და განვითარების პროცესის დარღვევა;
- ყურადღებისა და კონცენტრირების პრობლემები;
- მეტყველების პრობლემები;
- დაბალი აკადემიური მოსწრება სკოლაში;
- კოორდინაციის დარღვევები;
- ქცევითი პრობლემები;
- ჰიპერაქტიურობა.
მნიშნველოვანია, გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
- ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენს შვილს ხელი არ მიუწვდებოდეს ტყვიის შემცველი საღებავის ანაფხეკთან და ამგვარი საღებავებით შეღებილ ზედაპირებთან;
- რეგულარულად დაბანეთ ბავშვს ხელები და გარეცხეთ სათამაშოები;
- რეგულარულად დაასუფთავეთ ოთახები სველი წესით;
- ნუ მიმართავთ ხალხურ მედიცინას;
- ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენს შვილს ხელი არ მიუწვდებოდეს კოსმეტიკურ საშუალებებთან;
- მოარიდეთ ბავშვები იმ ადგილებს, სადაც მიმდინარეობს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები;
- განაცალკევეთ საცხოვრებელი/სათამაშო სივრცე ტყვიის ცნობილი წყაროებისაგან;
- არ მიაკაროთ ბავშვები ნაგავსაყრელებს;
- ყურადღება მიაქცეთ, რომ ბავშვებს არ ჰქონდეთ კონტაქტი ნიადაგთან (არ ითამაშონ მიწით/მიწაში). თუ შესაძლებელია, უზრუნველყავით ისინი სპეციალური სათამაშო ქვიშის ყუთებით, ან მოაწყვეთ მიწის ზედაპირის საფარი ბალახით/ხის ნაფოტით;
- არ მოწიოთ ბავშვების თანდასწრებით;
- ყურადღება მიაქცეთ, რომ ბავშვმა მიიღოს რკინით, კალციუმითა და C ვიტამინით მდიდარი საკვები;
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ:
თამარ იაკობაშვილი