სინამდვილეში, საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა
წელს ინფექციური მონონუკლეოზის საკმაოდ ბევრი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადება - ინფექციური მონონუკლეოზი, ბევრს არც სმენია. ხოლო ვისაც გაუგია მის შესახებ, მიაჩნიათ, რომ ეს საკმაოდ საშიში და იშვიათი დაავადებაა. სინამდვილეში, საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, თუმცა ზოგი ისე გადაიტანს მას, ვერც ხვდება. ხოლო გართულებულ ფორმებში - საშიშიცაა. რასაკვირველია, ჯობს იცოდე, რომ უკეთ დაიცვა თავი და უკეთ ებრძოლო.
ცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი გვესაუბრება ამ დაავადების შესახებ.
მონონუკლეოზი ვირუსული დაავადებაა. ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან თუ ინფექცია ბაქტერიულია, მისი მკურნალობა შესაძლებელია ანტიბიოტიკებით, ხოლო ვირუსული ინფექციისგან განკურნება უფრო რთულია.
მონონუკლეოზის ნიშნებია - გადიდებული ლიმფური კვანძები (ხშირად თავის ქვემოთ, კეფასთან ადგილს იტკიებენ), ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება, ჩირქი ყელში, რომელიც ჰგავს ანგინას. მომატებული ოფლიანობა, ხშირ შემთხვევაში - სიცხე, მადის დაკარგვა, უხასიათობა, საერთო სისუსტე, იმუნიტეტის დაქვეითება. ეს სიმპტომები ექიმებისთვის დიდი ხანია ცნობილია.
1920 წელს უკვე შესაძლებელი გახდა ამ ვირუსის სისხლის საერთო ანალიზით ამოცნობა. ასევე კეთდება კონკრეტული ანალიზი სისხლში ეპშტეინ ბარის ვირუსის არსებობის დასადგენად. ეს ანალიზი საქართველოში არსებულ ბევრ ლაბორატორიაში კეთდება და დაახლოებით 40 ლარი ღირს. დღესდღეობით საქართველოში შესაძლებელია სწრაფი ტესტის გაკეთებაც მონონუკლეოზზე, რომელიც მხოლოდ 30%-ში არის მცდარი, პასუხს კი იმავე დღეს, 10-15 წუთში შეიტყობთ.
1963 წელს კი ორმა მეცნიერებმა ეპშტეინმა და ბარმა დაადგინეს, რომელი ბაქტერია იწვევდა ამ ვირუსს. დღეს კი ყველამ იცის, რომ მონონუკლეოზს იწვევს ეპშტეინ-ბარის ვირუსი.
ამ დიაგნოზის დროს არ არსებობს კონკრეტული მკურნალობა. საჭიროა სიმპტომური მიდგომა. მონონუკლეოზის დროს ანტიბიოტიკების გამოყენებამ 95%-ში შეიძლება ძალიან ცუდად იმოქმედოს პაციენტზე, გართულება გამოიხატება ძლიერ ალერგიაში. შეიძლება გამოაყაროს მთელ ტანზე.
დედამ ბავშვის ტანზე უცნაური გამონაყარი შეამჩნია... ვერაფრით დაიჯერებდა, რა იყო ამის მიზეზი
დაავადება მჭიდრო კონტაქტით, ნერწყვით გადადის, ასევე - დაბინძურებული საკვებისა და წყლის, სათამაშოების, სხვა ნივთების საშუალებით. ვირუსი მხოლოდ მჭიდრო კონტაქტის დროს გადაეცემა. არ გამოიყენოთ სხვისი კოვზი, ჭიქა, ჩანგალი, პირადი ჰიგიენის ნივთები.
ინფექციური მონონუკლეოზის მსუბუქი ფორმების დროს და ავადმყოფის იზოლაციის შესაძლებლობისას მკურნალობა ხორციელდება ბინაზე. დაავადების მძიმე მიმდინარეობისას, გართულებების შემთხვევაში აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია ინფექციურ განყოფილებაში. ინიშნება წოლითი რეჟიმი, სიმპტომური თერაპია. ანტიბიოტიკები გამოიყენება მხოლოდ ბაქტერიული გართულებების შემთხვევაში.
პროგნოზი, როგორც წესი, კეთილსაიმედოა. თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ავადმყოფს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება და იმუნიტეტის გაძლიერება. თავი უნდა აარიდოს ვირუსებს, არაა რეკომენდებული ცხელ კლიმატურ ზონებში დასვენება.
სტატისტიკურად 40 წლის ასაკისთვის თითქმის ყველა ადამიანს აქვს მონონუკლეოზი გადატანილი. ხშირ შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ისე, რომ ადამიანი ვერც კი ხვდება. მონონუკლეოზით დაავადება მეორედაც შესაძლებელია. პრაქტიკულად მსოფლიო მოსახლეობის 95%-ს აქვს ეს დაავადება. ძალიან იშვიათად ხდება მისი გართულება, რაც გამოიხატება ელენთის და ღვიძლის გადიდებაში. ექიმის მთავარი დანიშნულებაა გაარჩიოს ჩვეულებრივი ანგინა, გაციება მონონუკლეოზისგან, დანიშნოს სპეციალური კვლევები და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს დანიშნულება პაციენტს.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ