რა უნდა ვაჭამოთ ბავშვს, მოზარდს, როდესაც წონის პრობლემა აქვს და რა უნდა გავითვალისწინოთ ზრდასრულებმაც, ასევე როგორი უნდა იყოს ჩვენი შვილების ულუფა ყოველდღიურად და რომელ პროდუქტებს ენიჭება განსაკუთრებული ყურადღება - აქტუალურ თემაზე ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში
"პირადი ექიმი" საუბრობს:
- სამი გასაღები გვაქვს: ეს არის რეჟიმი, ულუფა და რაციონი. როგორც წესი, ადამიანები ჯადოსნურ რაციონს ვეძებთ. სინამდვილეში, გაცილებით მნიშვნელოვანია, კვების გადანაწილება დროში დავიწყოთ, რადგანაც ჩვენი კვების საფუძველი რეჟიმია. ადამიანი ბიოლოგიური არსებაა და რიტმზეა ორიენტირებული. ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო აქტიურები, ზოგჯერ კი უფრო მოდუნებულები ვართ. ამას ჩვენი ბიოლოგიური საათი განსაზღვრავს. ასევეა, კვების შემთხვევაშიც. კვება იმ ჩონჩხს დროში ჰქმნის, რომელზეც ჩვენი აქტივობა უნდა აეწყოს და არის მეორე შემთხვევაც, ჩვენი აქტივობა ბუნებრივ ჩონჩხს ერგება, რომელიც ჩვენს ბიოლოგიურ რიტმსა და საათს აქვს. საღამოს ვდუნდებით, გვიან საღამოს ძილისკენ მივდივართ და წარმოიდგინეთ, ასეთ დროს კვება როგორი დიდი ტვირთი შეიძლება აღმოჩნდეს. პირიქით, როდესაც დილით ენერგიულები ვართ, დღის განმავლობაში ვმუშაობთ, ვმოძრაობთ, ტვინი ათასი ამოცანის შესრულებითაა დაკავებული, ასეთ დროს ენერგეტიკული დანახარჯი მაღალია და ჩვენი კვების რაციონის, რეჟიმისა და ულუფის მისადაგება დღის აქტივობასთან გაცილებით მნიშვნელოვანია. როდესაც ცდილობთ, შეაფასოთ, რატომ გაექცა თქვენს შვილს წონა, ან კიდევ უკვე ზრდასრული ადამიანი ცდილობს საკუთარ თავზე დაკვირვებას, ყურადღება მიაქციეთ, შემთხვევით, ულუფა ხომ არ გაგექცათ? შეიძლება ჭურჭელი შეცვალეთ და მან გაცდუნათ, შეიძლება გარემოცვა, კვების რეჟიმი შეცვალეთ და ის გახდა მიზეზი. ძალიან ბევრი ფაქტორი შეიძლება დავასახელოთ, რაც ადამიანის ულუფას გაზრდის. ეს შეიძლება იყოს ინფორმაციული ნაკადი, სტრესი და ასე შემდეგ. ან შესაძლოა პირიქით გააკეთოთ და უკიდურესად შეამცირეთ ულუფა.
მარი მალაზონიამ ასევე ისაუბრა, რა უნდა გააკეთოთ მაშინ, როდესაც ბავშვი კონკრეტული პროდუქტის ჭამაზე აუარს ამბობს:
- თუ თქვენი შვილი რომელიმე ჯგუფის პროდუქტზე შეგნებულად ამბობს უარს, აუცილებლად დააზუსტეთ, რატომ არ მოსწონს, ეს პროდუქტები. მაგალითად, გემო არ მოსწონს, ან კიდევ თქვენ მიერ მომზადებული რეცეპტი მის სურვილებს არ შეესაბამება. შეიძლება უბრალოდ ახირება იყოს ან არჩევანი, რომელიც საკვების ვიზუალურ მხარეს ან კონსისტენციას უკავშირდება. მაგალითად, ბევრს ჟელე არ უყვარს, ან კიდევ სოკო, რომელიც პირში სრიალებს. მაგრამ, თუ ამის მიღმა დისკომფორტია და თქვენი შვილი ამბობს, რომ პარკოსნები, რომელიმე ბოსტნეული არ უყვარს, რადგან მისი მირთმევის შემდეგ დისკომფორტი აქვს, გადაამოწმეთ, ეს ნაწლავის თავისებურება ხომ არ არის. ამას შესაძლოა სამედიცინო შეფასება დასჭირდეს.
რაც შეეხება ბავშვებში ჭარბ წონას, სწრაფ კვებაზე აღარ ვისაუბრებ, არც იმ ბრალდებულებზე, რომლებიც კონკრეტული საკვების სახითაა ცნობილი, მაგრამ ორ დიდ ჯგუფად დავყოფ: ეს არის ნახშირწყლებით მდიდარი საკვები და ეს არის პროცესირებული საკვები. აღმოჩნდა, რომ ისინი ხშირად ერთმანეთთანაა შერწყმული. საუბარია ადვილად შეთვისებად ნახშირწყლებსა და პროცესირებულ საკვებზე, რომელთა შემადგენლობაშიც შეიძლება ნაჯერი ცხიმი, ტრანსცხიმი აღმოჩნდეს. რაც ყველაზე საყურადღებოა, ასეთ საკვებში მინიმალური რაოდენობითაა ან საერთოდ არ არის მცენარეული ბოჭკო. ეს არის ის მძიმე რისკი, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ყველა ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება ხოლმე. მაგრამ, შეიძლება ბავშვის ჯანმრთელობისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. დღეს უკვე ცნობილია, ბავშვი, რომელიც დიდი რაოდენობით მიირთმევს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა ტექნოლოგიურად დამუშავებული ცხიმები და ნახშირწყლები, სხვადასსხვა სახის ხემსსა და ნუგბარს, ეს ტვირთია არა მხოლოდ ენერგეტიკული თვალსაზრისით, არა მხოლოდ ჭარბი წონისა და სიმსუქნისთვის, არამედ ჯანმრთელობის სხვადასხვა პარამეტრის მოშლისთვის. რაც შეეხება შაქრის დღიურ ნორმას, ზრდასრულ ქალბატონებში არა უმეტეს 6 კოვზისა, მამაკაცების შემთხვევაში კი 9 კოვზი უნდა იყოს. ბავშვების შემთხვევაში, 2-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს ვგულისხმობ, დღიურად მოხმარებული შაქრის რაოდენობა აუცილებლად უნდა შევუფასოთ. ყველა შემთხვევაში, ეს 28 გრამზე ნაკლები ნაკლები, ანუ 5 კოვზზე ნაკლები უნდა იყოს.
მარი მალაზონიამ ყურადღება გაამახვილა იმ პროდუქტებზე, რომლებიც ბავშვებს ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის ყოველდღიურად აუცილებლად სჭირდებათ:
- ბავშვებისთვის რძის ნაწარმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, ბურღულეული, ცილოვანი კომპონენტის მრავალფეროვნება, როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული წარმოშობის, აუცილებელია. ბავშვებს სჭირდებათ თევზიც, ხორციც, კვერცხიც, თხილეულიც. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნე, ყოველდღიურად წყალთან ერთად რძის ნაწარმი მათ რაციონში აუცილებელი კომპონენტია. როდესაც ბავშვს სიმსუქნე აქვს, ბალანსირებული, რაციონალური კვება, მოწესრიგებულ რეჟიმთან და ოპტიმალურ ულუფასთან, აქტივობის შესაბამის რიტმთან, ძილის მოწესრიგებულ რეჟიმთან და მაქსიმალურად განეიტრალებულ სტრესფაქტორებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია. არა მარტო იმაზე უნდა ვიფიქროთ, რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს, არამედ როგორ გარემოში ვაჭმევთ, რამდენად მოსიყვარულე და თბილი ურთიერთობები გვაქვს ოჯახში და რამდენად ხშირად ვიზიარებთ ტრაპეზს, სადაც ყველა საერთო პრინციპით იკვებება. უმნიშვნელოვანესია არა მარტო ის, თუ რა უდევს ბავშვს თეფშზე, არამედ როგორია თანმხლები ურთიერთობები, რომელიც ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია, როგორც რისკფაქტორად, ასევე პრობლემების შემცირებისა და დაძლევის ძალიან კარგ შესაძლებლობად.