ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში
"პირადი ექიმი" იმ საშიშ მეტალებზე საუბრობს, რომლებიც ბავშვთა ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით სარისკოა და სხვადასხვა გართულებას იწვევს:
- გამოყვეს 4 მძიმე მეტალი: დარიშხანი, ვერცხლისწყალი, ტყვია, კადმიუმი. ამ ოთხი მძიმე მეტალის ბრალეულობა ბავშვების ჯანმრთელობის პრობლემებთან მიმართებით კვლევებითაა დადასტურებული. ზოგიერთ შემთხვევაში, აუტისტური სპექტრის აშლილობა და ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი, ჰიპერაქტივობის სინდრომი, ბავშვების ორგანიზმის დაბინძურებითაა განპირობებული. ამ ნივთიერებების მაქსიმალურად შესაზღუდად ბავშვთა კვებაში გაცემულია რეკომენდაციები და ეს რეკომენდაციები პირველ რიგში ე.წ. ინდუსტრიულ საკვებს უკავშირდება. ინდუსტრიული, უკიდურესად პროცესირებული პროდუქტები ბავშვთა ჯანმრთელობისათვის მაღალ რისკს წარმოადგენს. თუმცა, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ერთჯერადად გამოყენება არ იგულისხმება. ყვითელ ზონაში მოთავსებული პროდუქტები (ფუნთუშა, გაზიანი სასმელები, ტკბილეული...) ბავშვებს არასოდეს გავასინჯოთ, არ მივცეთ და ავუკრძალოთ - ეს არასწორი მიდგომაა. განსაკუთრებით მაშინ, რომცა ბავშვი სოციუმის ნაწილია. ამ პროდუქტების ერთჯერადი გამოყენება არ არის კატასტროფა, ამ პროდუქტების ყოველდღიური, სისტემატური მოხმარებაა მაღალი რისკი მათი ჯანმრთელობისათვის. განსაკუთრებით კი იმ ბავშვების ჯანმრთელობისათვის, რომლებიც საკმარისად ნაკვები არ არიან. სამწუხაროდ, როგორც გამოცდილება და კვლევები აჩვენებს, საქართველოში ბავშვების დიდი ნაწილი შეიძლება არასაკმარისად ან არასწორად ნაკვები იყოს, რაც თავის მხრივ რისკების დიაპაზონს ზრდის. ამიტომაც, თუ ჩვენ იმ ოთხ მძიმე მეტალს, დარიშხანს, ვერცხლისწყალს, ტყვიასა და კადმიუმს დავუბრუნდებით, განსაკუთრებით მოწყვლადი, ადვილი სამიზნე ამ ელემენტების მიმართ არასრულფასოვნად ნაკვები ბავშვი ხდება. ასევე, ის ბავშვი, რომელიც კალციუმითა და რკინით არ არის უზრუნველყოფილი. დადგინდა, ბავშვები, რომლებსაც კალციუმისა და რკინის ქრონიკული დეფიციტი აქვთ, ტყვიით მოწამვლას ძნელად უმკლავდებიან. ბავშვები, რომლებიც არასრულფასოვნად ნაკვები არიან, მათ ორგანიზმში საკმარისი რკინა და კალციუმი არ არის, ვერ უმკლავდებიან სხვა მძიმე მეტალებთან დაკავშირებულ პრობლემებს. რკინის შემცველია წითელი ხორცი, ნაკლები რაოდენობითაა ფრინველის ხორცში. ასევე, მშრალი ლობიო, სოკო, გამოიყენეთ ატამი, ქლიავი. მნიშვნელოვანია ამ პროდუქტების შერწყმა C ვიტამინის შემცველ პროდუქტებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, რკინას ვერ შევითვისებთ. კალციუმის შემცველ პროდუქტებში არა მარტო რძის პროდუქტები უნდა განვიხილოთ, არამედ ყველა იმ მცენარეული პროდუქტის გამოყენება, რომელიც ნიადაგიდან წამოღებული კალციუმითაა მდიდარი. მაგალითად, კომბოსტო, სხვადსხვა სახის სალათი, მწვანე ფოთლები და ასე შემდეგ.