იმუნოლოგ-ალერგოლოგი, თსსუ-ს პროფესორი დავით თელია გადაცემაში
"პირადი ექიმი" მშობლებისთვის აქტუალურ თემაზე საუბრობს. იგი პასუხობს კითხვას, არსებობს თუ არა იმუნიტეტის გასაძლიერებელი მედიკამენტები, რა ეხმარება ადამიანს იმუნიტეტის გაძლიერებაში და წელიწადში რამდენჯერ გაციება შეიძლება ჩაითვალოს ნორმად:
- სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ, სამწუხაროდ, ისეთი პრეპარატი, რომელიც იმუნურ სისტემას ასტიმულირებს, აძლიერებს და სპეციფიკურს ხდის, ბუნებაში არ არსებობს. სხვადასხვა რეკომენდაციით სავსეა ლიტერატურა, მათ შორის, სოციალური ქსელები. დღეს მედიცინაში ერთი მთავარი პრობლემა არსებობს - ეს სარწმუნო სამედიცინო ინფორმაციაა. სარწმუნო რეკომენდაციების მოძიება უფასო რესურსებში ძალიან რთულია. ინტერესთა კონფლიქტიც ძალიან ხშირადაა გამოხატული და, სამწუხაროდ, პაციენტებს ძალიან ხშირად ამის სჯერათ. მინდა გითხრათ, რომ ზოგჯერ ასეთი საშუალებების გამოყენება გაცილებით ცუდ შედეგს იძლევა. იმუნური სისტემის მობილიზაციის და მისი ნორმალური ფუნქციონირების ერთადერთი საშუალება ადამიანის ცხოვრების წესია. ამაში შედის ნორმალური კვება, ნორმალური ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობა. ადამიანმა ბუნებრივ გარემოსთან ურთიერთობა არ უნდა შეწყვიტოს. თუ გვინდა, რომ იმუნური სისტემა ფორმაში იყოს, ადამიანი მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ ბუნებასთან ახლოს იყოს. ძალიან კარგია ცხოველებთან, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებთან ურთიერთობა. იმუნურ სისტემას ესეც ასტიმულირებს. ჩაკეტვა და მუდმივი შიში, რომ რაღაც ინფექცია დაგვემართება, საჭირო არ არის. რაც უფრო მეტ ინფექციას ხვდება ადამიანი, მისი იმუნური სისტემა უფრო ვარჯიშობს. ძალიან ხშირად მშობლები მოდიან ჩივილით, რომ მათი შვილები წელიწადში 4-5-ჯერ ცივდებიან და ვირუსული ინფექცია აქვთ. მინდა მშობლები დავამშვიდო, 6-7 და ზოგიერთი მონაცემებით, 8 სეზონური ინფექცია მისაღებია. თუ ამდენჯერ ავად გახდა ვირუსული ინფექციით, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს იმუნოდეფიციტური მდგომარეობა აქვს. პირიქით, ეს ყველაფერი იმუნურ სისტემას აძლიერებს, მას ასტიმულირებს და ეს უნდა გავითვალისწინოთ. ყველა სხვა პრეპარატი- ვიტამინები თუ სხვა, სამწუხაროდ, არაეფექტურია. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ასეთი საშუალებები ყოფილიყო, მაგრამ დღესდღეობით მსგავსი რამ არ არსებობს.