გოგონები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ბიჭები ცისტიტი, ანუ შარდის ბუშტის ანთება, საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა პედიატრიაში. მისი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვი ზუსტად ვერ აღწერს სიმპტომებს, ამიტომ ხშირად დაავადება შეუმჩნეველი ხდება და მკურნალობა დროულად არ ტარდება. ცისტიტი - ეს არის ანთებითი პროცესი შარდის ბუშტში, რომელიც ინფექციის ფონზე მიმდინარეობს. ეს დაავადება საკმაოდ ხშირად გვხვდება ბავშვებში. მაგრამ გოგონები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ბიჭები, რაც განპირობებულია შარდგამომყოფი სისტემის თავისებურებით. ცისტიტის გამომწვევი ფაქტორი შეიძლება იყოს ავიტამინოზი, ტრავმები, გაცივება, კენჭოვანი დაავადებები, პირადი ჰიგიენის დაუცველობა. პატარებში ცისტიტი შეიძლება გამოიწვიოს პამპერსებმაც. თუ ბავშვს დიდი ხნის განმავლობაში უკეთია პამპერსი, მას უჩნდება კანის გაღიზიანება და გამონაყარი, ხოლო შარდგამომყოფი არხიდან ხდება სახვადასხვა სახის ინფექციის შეჭრა. ამიტომ პედიატრები ურჩევენ მშობლებს, ხშირად უცვალონ საფენები პატარებს, თითქმის ყოველი მოშარდვის შემდეგ. ეს ძირითადად ახალშობილებს ეხება. ცოტა მოზრდილებს კი, განსაკუთრებით გოგონებს, ასევე ხშირად უცვალონ ქვედა საცვალი და მიადევნონ თვალი, რომ ფეხებზე და წელს ქვემოთ არ სციოდეს.
ცისტიტის სიმპტომებია: მუქი ფერის შარდი, მაღალი ტემპერატურა, შარდის შეუკავებლობა ან ხშირი შარდვა, ტკივილი მუცლის ქვედა არეში, მოუსვენრობა (ეს ეხება პატარებს 1 წლამდე). თუ ბავშვს აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, მიმართეთ პედიატრს ან უროლოგს.
მკურნალობა მიმდინარეობს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დიაგნოსტიკისთვის ექიმი ნიშნავს შარდის ბუშტის და თირკმლების ექოსკოპიას და შარდის ბიოქიმიურ ანალიზს. საჭიროა წოლითი რეჟიმი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 1 კვირა. ცისტიტის დროს ექიმი ნიშნავს გვირილის, სალბის და კალენდულას აბაზანებს. საჭიროა სპეციალური დიეტა. უნდა გამოირიცხოს ცხიმიანი, მარილიანი პროდუქტები და გაიზარდოს ხილის, ბოსტნეულის მოხმარება, ასევე რძის პროდუქტები, მოხარშული ხორცი. თუმცა ექიმთან ვიზიტი ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, თუ ცისტიტის ნიშნები აქვს ბავშვს.
როგორ დავიცვათ თავი ცისტიტისგან?
ერიდეთ გადაცივებას; დაიცავით პირადი ჰიგიენა, რათა ბაქტერიები შარდის გამომყოფ გზებში არ მოხვდეს; ასევე აუცილებელია რეგულარულად შარდის დაცლა - შარდის დიდხანს შეკავება შარდის ბუშტში ბაქტერიების გამრავლებას იწვევს.
ასევე არ არის სასურველი (განსაკუთრებით ცოტა უფრო წამოზრდილ გოგონებში) მეტისმეტად მოჭერილი ტანსაცმელი. სასურველია, დიდხანს არ იჯდეთ ერთსა და იმავე პოზაში - ეს მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის შეგუბებას იწვევს.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ