ქვეყანაში ბოლო კვირებია, განსაკუთრებით ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ გრიპისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაღალი ტემპერატურა და ძლიერი სისუსტე აღენიშნებათ. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ბავშვთა ასაკშია, როცა მშობლები გაზრდილი შემთხვევების გამო, პედიატრს ვერ უკავშირდებიან და სასწრაფო დახმარებასაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდებიან. გამოხატავენ ეჭვს იმასთან დაკავშირებითაც, ხომ არ არის მიმდინარე ვირუსი კორონავირუსის სახეშეცვლილი ვარიანტი. რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს ახლა საქართველოში და როგორია ეპიდსიტუაცია წინა წლებთან შედარებით, საკითხზე Mshoblebi.ge დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს ხათუნა ზახაშვილს დაუკავშირდა:- ზამთრის სეზონზე რესპირაციული ინფექციების რაოდენობა ყოველთვის მატულობს. ამჟამად ქვეყანაში ყველაზე მეტად გავრცელებულია რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსი და ბოლო 5-6 კვირაა ცირკულირებს. ეს ერთ-ერთი სეზონური ვირუსია, რომელიც გაციებით მიმდინარე დაავადებას იწვევს და ახასიათებს ცხელება, სურდო, ყელის ტკივილი, გრძელდება 5-8 დღის განმავლობაში და ჩვეულებრივ, გამოჯანმრთელებით მთავრდება. ძალიან იშვიათად, ძირითადად მცირე ასაკის ბავშვებში, შეიძლება 1-2%-ს ჰოსპიტალური მართვა დასჭირდეს. დანარჩენ შემთხვევებში, დაავადება სიმპტომურად იმართება, ექიმის მიერ დანიშნული სიცხის დამწევებით, სითხის ადექვატური რაოდენობის მიღებით და იმ პირობების შექმნით, რომელსაც, როგორც წესი, ასეთ დროს პაციენტს ვუქმნით ხოლმე. მნიშვნელოვანია ოთახის განიავება, ხელების ხშირი დაბანა და ასე შემდეგ. ავადმყოფი აუცილებლად უნდა დარჩეს სახლში და ასევე, მოვერიდოთ მასთან სტუმრობას. ჯერჯერობით, შემთხვევების რაოდენობა გამოხატულად მომატებული არ არის. მსგავსი მატებები ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში გვქონია. გასული ორი წლის განმავლობაში, კორონავირუსის ფონზე, მსგავსი სეზონური ინფექციები შედარებით ნაკლები იყო. თუ მანამდე პერიოდს გავიხსენებთ, რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსი საკმაოდ აქტიურიად ცირკულირებდა ხოლმე, განსაკუთრებით კი ბავშვთა ასაკში. მეორე საკითხია გრიპი და მისი გავრცელება - საქართველოში გრიპის ვირუსმაც დაიწყო ცირკულაცია და ნელ-ნელა, სავარაუდოდ, ეს შემთხვევებიც მოიმატებს. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩავიტაროთ. თვის ბოლომდე ვაქცინაცია ნებისმიერი მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი და უფასოა. ეს არის ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც კონკრეტულად გრიპის ვირუსისგან იცავს. თუმცა, არ იცავს რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსისგან, პარაგრიპისგან, სხვა კორონავირუსებისგან, რინოვირუსისგან და სხვა ვირუსებისგან, რომლებიც ამ სეზონზე ვრცელდება ხოლმე." - ამბობს ხათუნა ზახაშვილი. იგი მშობლებს მოუწოდებს, რომ, პირველ რიგში, ოჯახის ექიმს დაუკავშირდნენ და მისი რეკომენდაციით გადაწყვიტონ, საჭიროა თუ არა სასწრაფო დახმარების გამოძახება:"მშობლებმა აუცილებლად უნდა მიმართონ თავიანთ ოჯახის ექიმს, პედიატრს. სასწრაფო დახმარების გამოძახების საჭიროება არის თუ არა, სწორედ ამ ექიმმა უნდა განსაზღვროს. გარდა ამისა, ოჯახის ექიმის გამოძახება ბინაზეცაა შესაძლებელი. თუ მშობელი ატყობს, რომ ბავშვი არის ავად, ეწყება ყელის ტკივილი, სურდო, ცხვირიდან გამონადენი, აუცილებლად დატოვონ სახლში და ნუ გაუშვებენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ბაღებსა და სკოლებში. დააკვირდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობას, დაუკავშირდნენ უბნის ექიმებს და სასწრაფო დახმარება გამოიძახონ იმ შემთხვევაში, როცა ბავშვს სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, ულურჯდება ცხვირ-ტუჩის მიდამო, ან ისეთი ტემპერატურის შემთხვევაში, რომელსაც მშობელი დამწევი საშუალებებით ვერ ერევა და უკონტროლოა." - აღნიშნავს ხათუნა ზახაშვილია. მას ასევე ვთხოვეთ, შეეფასებინა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ჰონგ-კონგის შტამი ცირკულირებს:"არანაირი ჰონგ-კონგის შტამი არ არის გავრცელებული. ახლა ქვეყანაში A გრიპის სეზონური ვარიანტები - H1 და H3 ცირკულირებს. რომელი გახდება დომინანტური, ამას უნდა დავაკვირდეთ." - ამბობს ხათუნა ზახაშვილი. სტატიის მომზადებისას რამდენიმე პედიატრთანაც ვცადეთ დაკავშირება, თუმცა ყველა მათგანმა უარი განგვიცხადა და აღნიშნეს, რომ პაციენტთა გაზრდილი რაოდენობაა და მუდმივ რეჟიმში უწევთ როგორც სატელეფონო კონსულტაციის, ასევე კლინიკაში დახმარების გაწევა. ასევე, დავუკავშირდით სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრსაც, სადაც გვითხრეს, რომ ყველა გამოძახებაზე ბრიგადა დაუყონებლივ რეაგირებს, გაზრდილი ინტერვალი კი ბევრი გამოძახებით აიხსნება. თუმცა, მათგან ოფიციალურ კომენტარსა და სტატისტიკას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ქვეყანაში განგაშის საფუძველი არ არსებობს და მსგავსი სტატისტიკა წინა წლების შემთხვევაშიც იყო."დაავადებათა კონტროლის მონაცემებით, ვირუსების ცირკულაცია წელს გასული წლებისგან არ განსხვავდება. მიმდინარე პერიოდში ყველაზე მეტად გავრცელებულია რინოვირუსი და რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსი. შედარებით დაბალ პროცენტშია ადენოვირუსი და ჯერჯერობით, მხოლოდ 5%-შია გრიპის ვირუსი. თუ ბავშვს სიცხე აქვს, მშობელმა ოჯახის ექიმთან უნდა გაიაროს კონსულტაცია და ბინაზე მართოს. ვირუსები უფრო მეტად საყურადღებოა იმ ბავშვებში, რომლებსაც თანხმლები ქრონიკული დაავადებები აქვთ. თავის დაცვისთვის ხელის ჰიგიენა და დისტანცია აუცილებელია. თუ ბავშვი ავადაა, სკოლაში არ უნდა გავუშვათ. განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს." - ამბობს თამარ გაბუნია. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის შემთხვევების პიკი მოსალოდნელია დეკემბერ-იანვრის პერიოდში, ამიტომ რისკჯგუფებში მყოფებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს."საქართველოში რიგ შემთხვევებში, მეორე პიკი მარტში ფიქსირდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და მძიმე ამ თვალსაზრისით დეკემბერ-იანვარია და ვფიქრობ, რომ მიმდინარე წელიც გამონაკლისი არ იქნება. იქნება თუ არა ეს მატება საშუალო მაჩვენებელზე მეტი, ამის შესახებ გარკვეული პროგნოზი ჯანმო-მ ჯერ კიდევ სექტემბერ-ოქტომბერში გააკეთა და დააფიქსირა, რომ პანდემიის მიმდინარეობისას 2-3 წლიანმა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებმა მოსახლეობაში პრაქტიკულად გააქრო გრიპის საწინააღმდეგო იმუნიტეტის მქონე ადამიანების ფენა. შესაბამისად, გრიპის საწინააღმდეგო ანტისხეულების დამცველობითი უნარი ძალიან ცოტას აქვს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. ამიტომ მოლოდინი, რომ შემთხვევები იქნება უფრო მეტი, ვიდრე პანდემიამდე პერიოდში, რეალურად არსებობს."- აცხადებს ივანე ჩხაიძე. რამდენიმე დღის წინ ამავე თემაზე ვესაუბრეთ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორს მაია ჩხაიძესაც, რომელმაც განგვიცხადა, რომ დღეში, საშუალოდ, გადაუდებელი დახმარების ცენტრს 50-55 პაციენტი მიმართავს."მომართვიანობა გაზრდილია ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, განსაკუთრებით 5-6 წლამდე ასაკის ბავშვებში. კიდევ უფრო მეტია წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, რომლებსაც ბრონქიოლიტის დიაგნოზი აქვთ. მას შემდეგ, რაც სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი განახლდა, მომართვიანობაც გაიზარდა. ახალი და განსაკუთრებული არაფერია, სეზონური ვირუსები, რომლებიც ადრე ცირკულირებდა, ახლაც იგივეა. მაგალითად: რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, ადენოვირუსი, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსიც უკვე გამოჩნდება. რასაკვირველია, კორონვირუსული ინფექცია ისევ არსებობს. ყველა რესპირატორულ ინფექციას ერთნაირი სიმპტომები აქვს, ამიტომაც გარჩევა, ტესტის გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია." - გვითხრა მაია ჩხაიძემ.მაღალი სიცხეები და შეუჩერერებელი ხველა, რომელიც საკმაოდ ხშირად რთულდება ფილტვების ან ბრონქების ანთებით, ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს ოჯახებს. როგორც აღვნიშნეთ, ამ ფონზე გაჩნდა ექიმამდე მისვლის პრობლემაც - პედიატრები გადატვირთულები არიან და ვერ ახერხებენ ოპერატიულად უპასუხონ შინ მყოფი პაციენტების ზარებს, ზოგან საერთოდ არ უშვებენ ექიმთან სიცხიან პაციენტებს, სასწრაფოების გადატვირთულია.როგორ უმკლავდებიან მშობლები ამ პრობლემს მაშინ, როცა ოჯახში ყველა ბავშვი ავადაა, ჩვენს მკითხველებს ვთხოვეთ კომენტარები:
თამარ იაკობაშვილი
გრიპის ვაქცინაციის უფასოდ ჩატარება თვის ბოლომდე შეგეძლებათ - ნახეთ კლინიკების ჩამონათვალი