სამყარო იცვლება და მასთან ერთად, ტენდენციებიც. თუ წლების წინ ყველაზე აქტუალური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის განხილვა იყო, ახლა არანაკლებ ტენდენციური პლასტიკური ქირურგია და კომეტიკური პროცედურები გახდა. თუმცა, სოციალური მედიის განვითარების და უამრავი სარგებლის პარალელურად, პერიოდულად, საშიში და საზიანო წამოწყებებიც ვრცელდება, რაც ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
ექიმები კი ბოლო დროს გავრცელებულ ტენდენციაზე შეშფოთებას გამოხატავენ და განგაშს ტეხენ. კერძოდ, სოციალურ ქსელებში გოგონებმა სულ უფრო ხშირად დაიწყეს ისეთი ფოტოების გამოქვეყნება, სადაც ე.წ. აპრეხილი ცხვირი აქვთ და ამ შედეგს კონკრეტული ინექციებით აღწევენ.
"თანამედროვე კოსმეტოლოგიაში უკვე რამდენიმე წელია, ინექციური რინოპლასტიკა საერთოდ უგულებელყოფილია, რადგანაც მას უამრავი რისკი და გართულება ახლავს თან. შესაძლოა, განვითარდეს იშემია, დაზიანდეს ქსოვილები და ორგანოები, ან კიდევ ემბოლია, რაც სისხლძარღვების ბლოკირებას იწვევს. რაც მთელი ცხოვრების მანძილზე 100%-იან სიბრმავეს იწვევს." - ამბობენ სპეციალისტები და აღნიშნავენ იმასაც, რომ მსგავსი შემთხვევები მსოფლიოში უკვე ბევრია.
ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ცხვირთან დაკავშირებულ საკითხებზე უნდა დაუკავშირდეთ მხოლოდ პლასტიკურ ქირურგებს - არა კოსმეტოლოგებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირად მსგავს პროცედურებს სამედიცინო განათლების არმქონე ადამიანები ატარებენ და ეს კიდევ დამატებით რისკს ქმნის.
სპეციალისტების განმარტებით, ასეთი ინექციების ეფექტი ხანმოკლეა, შედეგები კი საშიში. როგორც წესი, მსგავსი პროცედურის დროს ცხვირში სპეციალურ იმპლანტებს დგამენ და საკმაოდ სერიოზულ მედიკამენტებს ნიშნავენ. ექიმები კი ამბობენ, რომ ეს დროებითი შედეგი ძალიან დიდ ზიანს აყენებს ადამიანებს და ბევრ შემთხვევაში, სიბრმავეს იწვევს.