სიყვარულის და მზრუნველობის დეფიციტის შემთხვევაში ფერხდება ზრდის ჰორმონის გამომუშავება და ბავშვის ზრდის ტემპი დაბალია ადამიანის ზრდაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს:
• გენეტიკური - თურმე ჩვენს ორგანიზმში სიმაღლეში ზრდის პროცესს 120-ზე მეტი გენი აკონტროლებს. ამიტომაა, რომ მაღალ მშობლებს შვილებიც უფრო მაღლები ჰყავთ, ვიდრე დაბლებს. მაგრამ ამისათვის აუცილებელ პირობას სწორი კვება წარმოადგენს. მნიშვნელოვანია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ორსულობის დროს, ასევე - თავად ბავშვის ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესების ინდივიდუალური თავისებურებანი.
• ჰორმონალური - ზრდის პროცესში უდიდეს როლს ასრულებს ჰორმონული ბალანსი. ამიტომაც არის, რომ პაციენტებს, რომლებიც სიმაღლეში ჩამორჩენას უჩივიან, უმეტესად ენდოკრინოლოგის დახმარება სჭირდებათ. ძვლის ზრდას აკონტროლებს ეგრეთ წოდებული ზრდის ჰორმონი, რომელსაც თავის ტვინში მდებარე პატარა ჯირკვალი - ჰიპოფიზი წარმოქმნის. თვით ზრდის ჰორმონის გამომუშავებას კი თავის ტვინის სათანადო ცენტრები ასტიმულირებს. მაგრამ ზრდის ჰორმონი ორგანიზმის სიმაღლის ერთადერთი რეგულატორი არ არის.
ორგანიზმში გამოიყოფა მისი ანტაგონისტიც - ჰორმონი სომატოსტატინი. ადამიანის ნორმალური სიმაღლე სწორედ ამ ორი ჰორმონის ბალანსის საფუძველზე მიიღწევა. აღსანიშნავია, რომ ზრდის ჰრმონის გამომუშავება ძილშიხდება.
ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონს, რომელიც ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს. მისი ნაკლოვანება ანელებს ყველა ცვლით პროცესს, მათ შორის - ძვლოვან სისტემაშიც.
ნივთიერებათა ცვლაზე სასქესო ჰორმონი ტესტოსტერონიც მოქმედებს. მისი პროდუქციის მომატება განსაზღვრულ ზღვრამდე ასტიმულირებს ძვლის ზრდას, შემდეგ კი იწყებს ზრდის ზონების დათრგუნვას და ზრდის პროცესს ასრულებს. ეს პროცესი იოლი შესამჩნევია მოზარდებს შორის სქესობრივი მომწიფების პერიოდში: დაახლოებით 16-დან 18 წლამდე მიმდინარეობს სწრაფი ზრდა, რომელსაც ზრდის შენელება ენაცვლება. რაკი შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება, ერთ-ერთი მათგანის ფუნქციის ცვლილება ხშირად სხვების ფუნქციონირებაშიც იწვევს გადახრას. შესაბამისად, ირღვევა სიმაღლეში ზრდის პროცესიც.
• ზრდის ტემპზე მოქმედებს ქრონიკული დაავადებები, მაგალითად, თირკმელების, გულის, ფილტვების, საჭმლის მომნელებელი სიტემის ორგანოების მძიმე ფუნქციური დარღვევები. ისეთი დაავადებები, როგორიცაა, ქორნიკული ტონზილიტი, ფარინგიტი, ქოლეცისტიტი, ჩვეულებრივ არ მოქმედებს ბავშვის ზრდაზე. მაგრამ მეორე მხრივ, ისინი შეიძლება გახდნენ მადის დაქვეთების მიზეზი, რაც თავის მხრივ ნეგატიურად მოქმედებს ზრდის პროცესზე, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში.
• არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება;
• ფსიქოსოციალური ფაქტორი (სიყვარულის და მზრუნველობის დეფიციტის შემთხვევაში ფერხდება ზრდის ჰორმონის გამომუშავება და ბავშვის ზრდის ტემპი დაბალია). მაგალითად, ბავშვთა სახლებში, განსაკუთრებით, სადაც 3 წლამდე ასაკის ბავშვები ცხოვრობენ, ბავშვების 20%-ში შეინიშნება ზრდის ტემპის შეფერხება).
• ფიზიკური აქტიურობა. სამწუხაროდ, თანამედროვე ბავშვები ფიზიკური აქტიურობით არ გამოირჩევიან, ეზოში თამაშსა და სპორტდარბაზებში ვარჯიშს ტელევიზორსა და კომპიუტერს ამჯობინებენ. ფიზიკური აქტივობისა და სუფთა ჰაერის ნაკლებობა კი სიმაღლეში ზრდას ნამდვილად არ უწყობს ხელს.
უნდა გითხრათ, რომ ბიჭები 19-20 წლამდე იზრდებიან. გოგონები უფრო ადრე ასრულებენ ზრდას;