ბავშვებისთვის, რომლებიც ხშირად ცივდებიან, საუკეთესოა მთის კლიმატური კურორტები ბავშვისთვის ჰაერის გამოცვლა აუცილებელია, განურჩევლად იმისა, ქალაქში ცხოვრობს იგი თუ სოფელში. სად წავიყვანოთ დასასვენებლად პატარა, მით უმეტეს, როცა მას ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს? ამ და სხვა კითხვებზე პედიატრი ნინო მეზვრიშვილი გვიპასუხებს.
- რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, ბავშვების უმრავლესობას აქვს რაქიტი - ძვალსახსროვანი და ნერვული სისტემების პათოლოგია. იგი წლამდე ასაკში ვლინდება და გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს. სად წავიყვანოთ გასაკაჟებლად ბავშვები, რომლებსაც რაქიტისთვის დამახასიათებელი ცვლილებები აქვთ?
- რაქიტის არა მარტო სამკურნალოდ, არამედ საპროფილაქტიკოდაც სასურველია ბავშვის წაყვანა ზღვის კურორტზე, სადაც სამკურნალო ეფექტი აქვს მარილიან წყალს, მზეს და მაგნიტურ ქვიშას. ასეთი ადგილი კი, მოგეხსენებათ, ურეკია. ურეკის სამკურნალო მაგნიტური ქვიშა XIX საუკუნის შუა წლებიდან არის ცნობილი. მისი ძირითადი მინერალები შესანიშნავ სამკურნალო ეფექტს იძლევა ძვალსახსროვანი და ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიების დროს. ქვიშა დიდხანს ინარჩუნებს სითბოს. იგი თანაბრად გადასცემს სითბოს სხეულის ზედაპირს და აფართოებს სისხლძარღვებს, რის შედეგადაც უმჯობესდება ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების კვება. ამავე დროს მექანიკურ, მასაჟისებურ ზემოქმედებას ახდენს სისხლძარღვებსა და ლიმფურ სისტემაზე. ქვიშის თბილ აბაზანებს აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც.
- როგორ გამოვიყენოთ ბუნებისგან ბოძებული ეს სიმდიდრე, რათა მან ნამდვილად არგოს და არავითარი ზიანი არ მიაყენოს ბავშვის ორგანიზმს?
- უპირველეს ყოვლისა, ქვიშა უნდა იყოს სუფთა. ხშირად სანაპიროს თვით დამსვენებლები აბინძურებენ ხილის, ნაყინის და საკვების ნარჩენებით. მათ ეხვევა უამრავი მწერი, რომელთა ნაკბენიც პატარასთვის სახიფათოა. ქვიშა სასურველია გაიცრას საშუალო ზომის საცერში. დილით ადრე გაცრილ ქვიშაში გააკეთეთ ორმო, 11-12 საათისთვის, როცა ქვიშა 50-55 გრადუსამდე გათბება, ბავშვი ორმოში ჩასვით და ზედ ცხელი ქვიშა დააყარეთ. ღია დაუტოვეთ თავი, კისერი, გულმკერდი. მზემ რომ არ დაჰკრას, უმჯობესია, პროცედურა ქოლგის ჩრდილში ჩაატაროთ. პროცედურის ხანგრძლივობა 1 წუთიდან იწყება და თანდათან 5-15 წუთამდე ადის. პროცედურის შემდეგ სხეულიდან ქვიშა ჩამოუბერტყეთ, ზეწარი შემოახვიეთ და 10-15 წუთით ჩრდილში დააწვინეთ, შემდეგ კი შეიძლება თბილი წყალი გადაავლოთ. მკურნალობის კურსი 10-15 აბაზანას მოიცავს.
- სად ურჩევთ დასვენებას ბავშვებს, რომლებსაც სასუნთქი გზების დაავადებები აქვთ?
- ბავშვებისთვის, რომლებიც ხშირად ცივდებიან და, საზოგადოდ, იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული, საუკეთესოა მთის კლიმატური კურორტები. ზღვის დონიდან დაშორების მიხედვით განასხვავებენ მაღალ, საშუალო და დაბალ მთის კურორტებს. მაღალი მთის კურორტებში ჰავა საუკეთესოა ორგანიზმის გასაკაჟებლად. ასეთია ბახმარო. იგი ზღვის ახლოს მდებარეობს, ამიტომ ჰავა ზღვის კლიმატით არის შეზავებული, რაც მას არბილებს და განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებს. ბახმაროს ჰავას ყველა ასაკის ბავშვები კარგად იტანენ. აქ ჩამოჰყავთ ბავშვები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული ბრონქიტი, მშრალი პლევრიტი, ლიმფადენიტი, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ბრონქული ასთმა, ანემია. ბახმაროს ჰავა კარგია ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, გამოჯანმრთელების სტადიაში. საშუალო მთის კურორტებია წაღვერი, ცემი, ბაკურიანი, წყნეთი, კიკეთი, მანგლისი, კოჯორი, აბასთუმანი, შოვი, ლებარდე, ფასანაური, გომბორი, ტბა (ბაკურიანთან). მათ გარს არტყია ტყის დიდი მასივები, რომლებიც ჰაერს ოზონით ამდიდრებენ. საშუალო მთის კლიმატი უხდება: ფილტვის ტუბერკულოზს, ბრონქულ ასთმას (მსუბუქ ფორმას), ალერგიულ დაავადებებს. განსაკუთრებით კარგია დაბალი მთის კურორტები მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. აქ ჰავა გარდამავალია ბარსა და მთას შორის, ორგანიზმზე ძლიერ ზემოქმედებას არ ახდენს და არც შეგუების პროცესია რთული. მშობლებს უჭირთ გადაწყვეტა, გაიყვანონ თუ არა ჩვილი ქალაქიდან. დაბალი მთის კურორტების უპირატესობა სწორედ ეს არის - იქ თამამად შეიძლება წლამდე ასაკის პატარების წაყვანაც. დაბალი მთის კურორტების უმრავლესობა შერეული ტიპისაა. ხელსაყრელ კლიმატურ პირობებთან ერთად აქ არის მინერალური წყლებიც. მათ მიეკუთვნება ბორჯომი, სურამი, ქვიშხეთი, ახალდაბა, საირმე. რამდენიმე დაბალმთიანი კურორტი თბილისის ახლოსაც მდებარეობს: წყნეთი, კოჯორი, კიკეთი, მანგლისი. დაბალი მთის კურორტებზე დასვენებას ვურჩევთ პატარებს, რომლებსაც აქვთ: ბრონქოადენიტი, ლიმფადენიტი, ბრონქული ასთმა, ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზი, ჰოპოქრომული ანემია, რაქიტი, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ნერვული სისტემის ფუნქციური მოშლილობა.
იხილეთ სრულად