როგორ საწოლზე უნდა ეძინოს ბავშვს, რა ასაკშია რეკომენდებული კენგურუ და ჭოჭინა, რამდენად საშიშია ნაკეცების ასიმეტრია... რა შემთხვევაში უნდა მიმართოს მშობელმა ორთოპედს, როგორ საწოლზე უნდა ეძინოს ბავშვს? რამდენად საშიშია ნაკეცების ასიმეტრია? ამ და სხვა აქტუალურ შეკითხვებს ორთოპედი ნინო ჭოლოკავა პასუხობს.
- გარდა გეგმიური შემოწმებისა, მშობელმა ორთოპედს უნდა მიმართოს ძვალ-კუნთოვანი სისტემის გაურკვეველი სახის ტკივილის და დეფორმაციების გამოვლენის შემთხვევაში. სასურველია, ყველა ახალშობილმა 2-დან 3 თვემდე გაიაროს კონსულტაცია ორთპედთან და გაკეთებული ჰქონდეს მენჯ-ბარძაყის სახსრის ექოსკოპიური კვლევა.
- როგორ საწოლზე უნდა ეძინოს ჩვილ ბავშვს? მოზარდს?
- ჩვილ ბავშვს სასურველია ეძინოს ნახევრად მყარ, სწორ საწოლზე. ბალიშის გარეშე. რაც შეეხება მოზარდებს, რეკომენდაციები დაახლოებით მსგავსია, თუმცა ამ შემთხვევაში სასურველია, გავითვალისწინოთ მოზარდის სურვილები და გემოვნება.
- რამდენად არის რეკომენდებული ბალიში?
- როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვილი ბავშვისთვის ბალიში არ არის რეკომენდირებული და მისი გამოყენება უნდა დავიწყოთ რაც შეიძლება გვიან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს გარკვეული სამედიცინო ჩვენება, როდესაც ორთპედი იძლევა ბალიშის აუცილებლობის რეკომენდაციას. მაგალითად კისერმრუდობა, თავის ქალის არასწორი ფორმა, ხშირი ამოქაფება, კუნთთა ჰიპერტონუსი და სხვა შემთხვევები.
- რამდენად სასარგებლოა ხოხვა?
- ხოხვა ჩვილი ბავშვის გავითარების ერთ-ერთი ეტაპია, ისევე როგორც თავის დაჭერა, გადაბრუნება, ჯდომა და ასე შემდეგ. ბავშვები, რომლებიც ხოხავენ, გაცილებით მალე სწავლობენ მყარად სიარულს. თუმცა, არსებობენ ბავშვები, რომლებიც იმდენად მოკლე პერიოდის განმავლობაში ხოხავენ, რომ მშობლების გამოცემით, ისინი თითქოსდა ახტებიან ამ ეტაპს. მაგალითად, ისეთი ბავშვები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ჭოჭინაში ან დედიკოს ხელში აყვანილები. ეს არ ითვლება პათოლოგად, თუ, რა თქმა უნდა, ბავშვს არ აღენიშნება სხვა რამე სახის ნევროლოგიური დარღვევა და მისი გავითარება შეესაბამება ასაკობრივ ნორმებს.
- რამდენად რეკომენდებულია ბავშვისთვის ჭოჭინა? რომელი ასაკიდან შეიძლება მისი გამოყენება?
- მიუხედავად ამჟამად გავრცელებული აზრისა, რაიმე სახის მეცნიერულად დამტკიცებული ინფორმაცია ჭოჭინის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ, ცნობილი არ არის. თუმცა, არსებობს რამოდენიმე რეკომენდაცია: 1. სასრუველია ჭოჭინით სარგებლობის დაწყება მას შემდეგ, რაც ბავშვი მყარად ზის. 2. ეცადეთ, ჭოჭინა იყოს ისეთი ზომის, რომ ბავში მასში არ იყოს ჩამოკიდებული და ის გადაადგილებისთვის გამოიყენოს და იაროს არა თითის წვერებით, არამედ დადგას ტერფი. და ასევე სასურველია, სანამ ჭოჭინაში ჩასმის გადაწყვეტილებას მიიღებთ, რჩევა ჰკითხოთ ორთოპედს.
- რა ასაკიდან არის რეკომენდებული კენგურუ? რამდენად მიზანშეწონილია 2-3 თვის ჩვილი ბავშვის კენგურუთი ტარება. რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს კენგურუს როგორც დედაზე, ისე ბავშვზე?
- აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეულწილად ჩამოყალიბებული არ არის. არსებობს მეცნიერთა ჯუფი, რომელიც იძლევა რეკომენდაციას კენგურუს ხმარებისა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვი იწყებს ჯდომას. თუმცა, ამ ეტაპზე შემუშავებულია გარკვეული მოდიფიკაციის კენგურუები, რომლებიც იძლევა მისი ხმარების შესაძლებლობას შედარებით ადრეული ასაკიდან. ეცადეთ, გაითვალისწინოთ იარლიყზე მითითებული ასაკობრივი ნორმები. კენგურუს საზურგე უნდა იყოს მყარი, დასაჯდომი - საკმაოდ ფართე, დააკვირდით, რომ იგი არ იწვევდეს ჩანაჭდევებისა და შეწითლების გაჩენას ბარძაყზე ან დუნდულოზე. ასევე სასურველია, შიგნითა ზედაპირი იყოს რბილი. რაც შეეხება რეკომენდაციებს მშობლებისთვის: ეცადეთ შეიძინოთ კენგურუ ისე, რომ მისი ღვედები იყოს მაქსიმალურად ფართე, შეასაძლებელი ჰქონდეს სიგრძის მარეგულირებელი ბავშვის სიგრძის მიხედვით. და გახსოვდეთ, 3 თვემდე ბავშვი უნდა ატაროთ სახით მშობლისკენ, ხოლო 3 თვის შემდეგ - სახით გარემოსკენ.
- როგორ შეგვიძლია პატარებს გავუკეთოთ ბრტყელტერფიანობის პრევენცია?
- რბილქსოვილოვანი ბრტყელტერფიანობა, უმეტესწილად, არ წარმოადგენს დაავადებას და არის კონსტიტუციური თავისებურება. ამის გამო არ არსებობს მისი პრევენციის მეთოდები.
- როდის უნდა ჩავაცვათ ბავშვს მაგარი ფეხსაცმელი ?
- მყარი ფეხსაცმლის ჩაცმა სასურველია მას შემდეგ, რაც ბავშვი დაიწყებს პირველი ნაბიჯების გადადგმას. ამ შემთხვევაში ასაკი ინდივიდუალურია. ასევე რეკომენდებულია ფეხსაცმლის ჩაცმა იმ შემთხვევაშიც, თუ ბავშვს ვსვამთ ჭოჭინაში.
- უქმნის თუ არა საფრთხეს სიმსუქნე ხერხემლის და ტერფების ფორმირებას?
- ჭარბი წონა საზიანოა არა მარტო ტერფებისა და ხერხემლისათვის, არამედ
მთლიანად საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისთვის. მას შეუძლია გამოიწვიოს მთელი რიგი დეფორმაცია და სხვადასხვა სახის ტკივილი.
- რამდენად საშიშია ნაკეცების ასიმეტრია?
- თავისთავად ნაოჭების ასიმეტრია არ წარმოადგენს რაიმე სახის საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. მაგრამ, ამავე დროს იგი წარმოადგენს მენჯ-ბარძაყის დისპლაზიის მეორად ნიშანს. ამიტომ, ჩვილი, რომელსაც ნაოჭთა ასიმეტრია აღენიშნება, აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ორთოპედთან.
- სპორტის რომელი სახეობაა რეკომენდებული პატარა ასაკში?
- ზოგადად, სასურველია სპორტული აქტივობის დაწყება 5-6 წლიდან. რა თქმა უნდა, ორთოპედიული თვალსაზრისით, იდეალურ სპროტად ითვლება ცურვა, რადგან ამ შემთხვევაში მინიმალური დატვირთვა მოდის სახსარზე, ხოლო მაქსიმალური - კუნთებზე. ნებისმიერ სპორტის სახეობას აქვს რეკომენდებული ასაკი.მნიშვნელოვანია არა მარტო სპორტის სახეობა, არამედ დატვირთვის სიძლიერის დოზირება ასაკთან შეფარდებაში.
ესაუბრა სალომე გორგოშიძე