ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა დროული კორექციის გარეშე სხვადასხვა დაავადებას იწვევს - პედიატრის რჩევები ბავშვის ორგანიზმის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ვიტამინებსა და მინერალებს. მათი ნაკლებობა სერიოზულ პრობლემებს უქმნის ბავშვის მოზარდ ორგანიზმს. როგორ ვლინდება ამა თუ იმ მიკროელემენტისა თუ ვიტამინის ნაკლებობა, ამის ცოდნა აუცილებელია მშობლისთვის, რათა დროულად მოხდეს სათანადო რეაგირება და დეფიციტის შევსება. გვესაუბრება პედიატრი მამუკა მაისურაძე.
- რა იწვევს ვიტამინომინერალურ დეფიციტს?
- ამ ნივთიერებათა უკმარისობის გამომწვევი ფაქტორები ორი ტიპისაა: გარეგანი ანუ ეგზოგენური, რაც საკვების მეშვეობით მათ არასაკმარის მიღებას გულისხმობს და შინაგანი ანუ ენდოგენური, რაც ორგანიზმის მიერ საკვებთან ერთად მიღებული ვიტამინებისა და მინერალების ათვისების შეუძლებლობას ნიშნავს. მათი შერწყმისას კი შერეულ მიზეზებზე ლაპარაკობენ. ბავშვთა ვიტამინომინერალური დეფიციტი თვით ბავშვის ან დედის არასრულფასოვან ან არასწორ კვებას უკავშირდება. დიდი მნიშვნელობა აქვს მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების მარაგის შექმნას. ვიტამინომინერალურ უკმარისობას აღრმავებს მშობლების მავნე ჩვევები (მწეველ დედას დღე-ღამეში დამატებით 35მგ ჩ ვიტამინი სჭირდება), საკვების არასწორი ტექნოლოგიური დამუშავება, დაბინძურებული გარემო (რადიაცია, გამონაბოლქვი), გარემოს გეოქიმიური თავისებურებანი (წყალსა და ნიადაგში ფთორისა და იოდის დაბალი შემცველობა). ახლა - რაც შეეხება დეფიციტის უშუალო მიზეზებს. მიკროელემენტებისა და ვიტამინების უკამრისობას უნდა ველოდეთ, როდესაც:
ბავშვი დღენაკლული იბადება, აღენიშნება მორფოფუნქციური უმწიფრობა ან, პირიქით, 4კგ-ზე მეტს იწონის;
დედა 18 წელზე უმცროსი ან 36 წელზე უფროსი ასაკისაა;
ორსულობისას დედამ გადაიტანა ვირუსული დაავადება ან მძიმე ტოქსიკოზი;
ორსულობისა და ძუძუს წოვების დროს დედა ცუდად იკვებებოდა;
ჩვილი ცუდად იკვებება, საკმარის დროს არ ატარებს სუფთა ჰაერზე.
ასევე:
მრავალნაყოფიანი ორსულობისას;
რთული მშობიარობის შემდეგ;
არაკეთილსაიმედო სომატური ფონის - მცირე წონის, ცნს-ის დაზიანების, სასუნთქი სისტემის ინფექციების, ნაწლავების დისფუნქციის შემთხვევაში.
გახსოვდეთ: ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა, განურჩევლად იმისა, პირველადია თუ მეორეული, დროული კორექციის გარეშე სხვადასხვა დაავადებას იწვევს. ამ პროცესის საფეხურებრივი მიმდინარეობა სქემატურად ასე შეიძლება გამოისახოს:
ვიტამინების+მინერალების დეფიციტი;
უჯრედის კვების დარღვევა;
ორგანიზმის სხვადასხვა სისტემისა და ორგანოს დისფუნქცია;
ჩამორჩენა ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური განვითარების მხრივ;
იმუნიტეტის დასუსტება+ორგანიზმის ნერვულ-რეფლექტორული კავშირების რღვევა;
კონკრეტული დაავადება.
ცალ-ცალკე განვიხილოთ დაავადებები, რომლებიც ამა თუ იმ ვიტამინისა თუ მიკროელემენტის ნაკლებობას მოჰყვება.
D ვიტამინის ნაკლებობა
განურჩევლად იმისა, არის თუ არა ორგანიზმში ამ ვიტამინის დეფიციტი, ორი თვიდან ჩვილს მისი მიღება სჭირდება. D ვიტამინს ორგანიზმი დიდი ოდენობით ითხოვს კბილებისა და ძვლების ნორმალური ფორმირებისა და ზრდა-განვითარებისთვის. ის ხელს უწყობს იმ კალციუმისა და ფოსფორის ათვისებას, რომელსაც კუჭ-ნაწლავი საკვებიდან შეიწოვს. ამიტომ აუცილებელია, ჩვილს D ვიტამინი დამატებით მივცეთ წვეთების სახით. ჩვეულებრივი სურსათი D ვიტამინს ძალიან ცოტას შეიცავს, მაგრამ მზის სხივების ზემოქმედებით ორგანიზმი მას თავადაც გამოიმუშავებს. ასე რომ, თუ ბავშვი მზეზე საკმაო ხანს იმყოფება, ის სათანადო ოდენობის D ვიტამინს მიიღებს. დაავადებას, რომელსაც D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს, რაქიტი ეწოდება. რაქიტი განპირობებულია იმ შეუსაბამობით, რომელიც იქმნება მზარდი ორგანიზმის მიერ კალციუმისა და ფოსფორის მოთხოვნასა და მის მიწოდებას შორის. მისთვის დამახასიათებელია ცილების ცვლის, ცხიმების ჟანგვის პროცესების დარღვევა, მაგნიუმის, სპილენძის, რკინისა და პოლივიტამინების უკმარისობა. D ვიტამინის საუკეთესო წყაროა თევზის ქონი და სინთეზური პრეპარატები (ვიგანტოლი, აკვადეტრიმი), თუმცა მოიპოვება კვერცხსა და კარაქშიც. ჩვილი, რომელიც მზეზე ნაკლებ ხანს ატარებს, ამ ვიტამინს უნდა იღებდეს ზამთარ-ზაფხულ, განურჩევლად იმისა, ბუნებრივ კვებაზეა თუ ხელოვნურზე. რაქიტის პროფილაქტიკა განსაკუთრებით სჭირდებათ ტყუპებს და იმ ბავშვებს, რომლებიც:
დაიბადნენ დღენაკლულები ან მცირე წონისანი;
დაიბადნენ ცნს-ის თანდაყოლილი დისფუნქციით - ასფიქსიით, სამშობიარო ტრავმით;
აქვთ მალაბსორბციის სინდრომი (ცელიაკია, ექსუდაციური ენტეროპათია);
აქვთ კრუნჩხვითი სინდრომი;
გადიან ანტიკონვულსიურ (კრუნჩხვის საწინააღმდეგო) თერაპიას;
აქვთ ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებები;
ხშირად ემართებათ მწვავე რესპირაციული ინფექცია;
იკვებებიან არაადაპტირებული რძის ნარევებით.
კალციუმის ნაკლებობა
კალციუმის ნაკლებობა ჩვილ ბავშვებში რაქიტს იწვევს. მომდევნო პერიოდში საკვებთან ერთად მისი არასაკმარისი მიღება ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის სიმყარეს და ზრდის ოსტეოპოროზის (ძვლის დაშლის) განვითარების რისკს. ყველაზე მეტ კალციუმს ორგანიზმი აქტიური ზრდის პერიოდში ითხოვს. არსებობს დაავადებებიც, როდესაც ამ მიკროელემენტზე მოთხოვნილება იზრდება. ასეთია, მაგალითად, ღვიძლისა და თირკმლის ზოგიერთი დაავადება, რომლებიც D ვიტამინის სინთეზის დაქვეითებას იწვევს და ამის კვალობაზე, ნაწლავებიდან კალციუმის ათვისებას აფერხებს. სისხლში კალციუმის დონის დაქვეითებას მაგნიუმის დეფიციტი განაპირობებს. როდესაც კალციუმზე მოთხოვნილება იზრდება და ორგანიზმი მას საკვების მეშვეობით ვერ იღებს, ხდება მისი გადმოსროლა დეპო ორგანოებიდან, კეროდ, ძვლოვანი ქსოვილიდან. ჩვილ ბავშვებში კალციუმის დეფიციტი ვლინდება თავის ქალას ძვლების დეფორმაციით - შუბლის ბორცვების წინ წამოწევით, კეფის გაბრტყელებით, კოშკისებრი თავის ქალათი, ასევე - კეფის გამელოტებით, კბილების დაგვიანებული ამოსვლით, კბილებს შორის მანძილის გაზრდით, ამოსვლის თანამიმდევრობის დარღვევით; შედარებით მოზრდილ ასაკში - ხერხემლის დეფორმაციით (სკოლიოზი, კიფოზი და სხვა), კიდურების დეფორმაციით, ხშირი მოტეხილობით, კბილების კარიესული დაზიანებით, თანკბილვის დარღვევით, სარძევე კბილების ძირითადით შეცვლის დაგვიანებით. ეს ყველაფერი რაქიტისა და მისი ნარჩენი მოვლენებისთვის არის დამახასიათებელი. სხვა სისტემების მხრივ კალციუმის ნაკლებობას ავლენს შემდეგი ნიშნები:
კუნთების განვითარების ჩამორჩენა და სისუსტე; კუნთების კრუნჩხვა, კრთომა;
ოფლიანობა, აგზნებადობის მომატება;
გულის რიტმის დარღვევა;
მადის გაუკუღმართება (კედლების ჭამა, ფრჩხილების კვნეტა და ა.შ.);
კანის სიმშრალე, აქერცვლა;
ფრჩილების მტვრევადობა, თეთრი ხაზები ფრჩხილებზე;
უხეში თმა გამელოტებული უბნებით.
ასევე იხილეთ: როგორ მივაწოდოთ ბავშვს კალცის დღიური ნორმა