თვითნებურად შერჩეულმა პრეპარატმა შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს თუ პატარა ხშირად ავადმყოფობს, მშობელი მიდის აფთიაქში და ყიდულობს „რამეს“ - იმუნიტეტისთვის. მაგრამ მკურნალობის მაგივრად ამ “რამემ“ შეიძლება პირიქით, ავნოს ბავშვს.
ხშირად, როდესაც მშობლები გადაწყვეტენ, შვილს უყიდონ ახალი პრეპარატი, კმაყოფილდებიან მხოლოდ ფარმაცევტის კონსულტაციით: „სინჯეთ ეს იმუნომოდულატორი, მას ყველა აქებს!“ ან ახლობლების რჩევით: “მე ვუყიდე ბავშვს და დავისვენე, საერთოდ აღარ ავადმყოფობს“. მაგრამ „იმუნიტეტის პრეპარატების“ უკონტროლო მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დაცვითი სისტემების ჰიპერსტიმულაცია, ამ დროს კი იწყება ბრძოლა საკუთარ ორგანიზმთან.
საშიში თვითმკურნალობა
„იმუნური სისტემა საბრძოლო მზადყოფნაშია მაშინ, როცა საჭიროა მოიგერიოს მტერი - ეს იქნება ვირუსები თუ ბაქტერიები“, - გვიყვება ექიმი იმუნოლოგი მაქსიმ გულტიაევი. თუ ბავშვს გამუდმებით მივცემთ იმუნოსტიმულატორებს, იგი დაიწყებს „გარეული“ მტრის ძებნას და თუ ვერ იპოვის, დაიწყებს ორგანიზმში ჯანმრთელი უჯრედების განადგურებას. ამან კი შეიძლება აუტოიმუნურ დაავადებამდე მიგვიყვანოს: სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, ბაზედოვის დაავადება, თიროიდიტი და მრავალი სხვა. უმეტესობა ჩამოთვლილი დაავადებიდან შეიძლება განვითარდეს მშობლის დაჟინებული სურვილით „გაუძლიეროს იმუნიტეტი“ თავის შვილს.
არანაკლებ საშიშია მკურნალობა ინტერფერონით. თუ ყოველი უმნიშვნელო გაციების შემთხვევაშიც ბავშვს ინტერფერონს ჩავაწვეთებთ, ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ ორგანიზმი გადაეჩვევა საკუთარი ინტერფერონის გამომუშავებას.
დანიშვნა წესის მიხედვით
ხშირ შემთხვევაში წამლის გარეშე წარმოუდგენელია დაავადებასთან გამკლავება. საჭიროა ვიმოქმედოთ ექიმის დანიშნულებით. ინტერფერონის პრეპარატი ინიშნება ხანმოკლე კურსით: სანთლები - 5 დღე, ცხვირის წვეთები - 3-4 დღე. ისიც იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი მძიმედ არის ავად: აქვს მაღალი ტემპერატურა ან ძლიერი ინტოქსიკაცია. იმუნოსტიმულატორებს ნიშნავს მხოლოდ ექიმი იმუნოლოგი - მკაცრად შერჩეული ჩვენების მიხედვით. არსებობს სპეციალური იმუნოლოგიური ანალიზი, რომლის მიხედვითაც ექიმი აფასებს დამცველი სისტემის მდგომარეობას. ზოგჯერ იმუნური უჯრედები ცოტაა ან სუსტია. ასეთ შემთხვევაში ექიმი არჩევს წამალს, რომელიც გააძლიერებს იმუნიტეტის “პრობლემურ რგოლებს“.
ვის სჭირდება იმუნიტეტის გაკონტროლება?
იმუნიტეტის გაკონტროლება სჭირდებათ ხშირად და მძიმედ მოავადე ბავშვებს. ადრე ნორმად ითვლებოდა, თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვი წელიწადში 5-6 ჯერ იავადმყოფებდა, ახლა ეს მაჩვენებელია 8-9. ამიტომ საჭიროა შეფასდეს, თუ როგორ ავადმყოფობს ბავშვი. თუ ინფექციამ ისე „ჩაიარა“, რომ არ წარმოიშვა გართულებები - ბრონქიტის, ოტიტის, პნევმონიის სახით, ე. ი. იმუნიტეტი მწყობრშია. თუ ნებისმიერი მწვავე რესპირატორული დაავადება მიმდინარეობს გართულებით - ე.ი. იმუნურ სისტემაში რაღაც დარღვევაა.
ზოგჯერ მშობელს უხარია, როდესაც რესპირატორული დაავადება ტემპერატურის გარეშე მიმდინარეობს. მაღალი ტემპერატურა კლავს ვირუსებსა და მიკრობებს. თუ ტემპერატურა არ ადის მაღლა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვის ორგანიზმში გამომუშავდება ნაკლები რაოდენობის ინტერფერონი. თუ ბავშვი ხშირად ავადმყოფობს, პირველი რაც უნდა გააკეთოს მშობელმა - ჩაუტაროს საჭირო კვლევები და დაადგინოს გამომწვევი ფაქტორები.
გამოკვლევების გარეშე, მხოლოდ გარეგნული მონაცემებით ან მინიმალურ ანალიზებზე დაყრდნობით, დაუშვებელია დაინიშნოს პრეპარატი იმუნიტეტისთვის. ეს უნდა ახსოვდეს ექიმსაც და მშობელსაც.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ