არ შეიძლება, ტელევიზორთან ან კომპიუტერის მონიტორთან მჯდომ ბავშვს შოშიასავით ვაწოდოთ საკვები ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი ექიმი მარი მალაზონია, რომელიც მრავალმხრივ განათლებული ადამიანია, თუმცა პროფესიით ექიმი-ნუტრიციოლოგი გახლავთ, ამჯერად კვების თავისებურებებზე და აქტუალურ პედიატრიულ თემებზე გვესაუბრება.
- საზოგადოების მაღალი ნდობიდან გამომდინარე, გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება პედიატრიასთან, ბავშვის თუ ზოგადად ოჯახის კვებასთან დაკავშირებით...
- კვება არის უნივერსალური გასაღები, ვერ გეტყვით, რომ ყველა კარს აღებს, მაგრამ ცდილობს. თანამედროვე მედიცინის მტკიცებულების შესაბამისად, კვება ყველა სამედიცინო პრობლემის საუკეთესო პროფილაქტიკური, მკურნალობის პროცესში კი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. სრულიად ბუნებრივია, რომ მშობლებს აქვთ მაღალი ინტერესი ამ თემის მიმართ, მით უმეტეს, რომ საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც ბავშვი, შვილი მთავარი ზრუნვის საგანია. ასეთ დროს კი მშობლის განათლება და ცოდნა ძალიან დიდი ფუფუნებაა შვილისთვის.
რატომ? დავიწყოთ იქიდან, რომ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის ფორმირება ხდება მუცლადყოფნის პერიოდში, ანუ დედის და ზოგადად, მშობლის პასუხისმგებლობა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე ბავშვი დაიბადება. უფრო მეტიც, დღეს უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ეს პასუხისმგებლობა გვეკისრება ბავშვის ჩასახვამდეც კი. კვლევების მიხედვით დადგენილია, რომ ზოგიერთი საკვები ნივთიერების მიღება, მათ შორის ფოლიუმის მჟავით ორგანიზმის მომარაგება, საუკეთესო საშუალებაა ბევრი პრობლემის თავიდან ასაცილებლად, არა მარტო მუცლადყოფნის პერიოდში, არამედ დაბადების შემდგომ. ამიტომ შეთანხმდნენ, რომ დედამ და მამამ ბავშვის ჩასახვამდე კარგად უნდა გაიაზრონ პასუხისმგებლობა, მოემზადონ ამისთვის, ჩაიტარონ სათანადო კვლევები, მაგალითად, ზოგიერთ ინფექციაზე, მათ შორის უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე – C ჰეპატიტზე და მოამზადონ ორგანიზმი აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, იმიტომ, რომ უკვე ჩასახული ორგანიზმისთვის მერე დეფიციტი არ შეიქმნას. მუცლადყოფნის პერიოდში, რასაკვირველია, ქალს ჭირდება განებივრება, მოფერება, ზოგჯერ ახირებული კვებითი მოთხოვნების წახალისება, ზამთარში - მარწყვისა და ზაფხულში - გოზინაყის სურვილის დაკმაყოფილება. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ბავშვის კვებითი ჩვევები ჯერ კიდევ მუცლადყოფნის დროს ყალიბდება. მაგალითად, თუ დედა ურეჟიმოდ ცხოვრობს და იკვებება, ეს აისახება ბავშვზე, რადგან მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვის ბიოლოგიური რიტმი დედის ბიოლოგიურ რიტმზე სწორდება, მეტიც, დადგენილია, რომ ბავშვის სრულიად ინდივიდუალური ბიოლოგიური საათი, დროის ამთვლელი, ტაიმერი, დედის გულისცემაზე სწორდება. მოვლენას, როცა ქალი მშობიარობს და მას ბავშვს გულზე დააწვენენ, ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს, ამით ერთმანეთს მიკროორგანიზმებსაც კი უზიარებენ და რაც მთავარია, ბავშვი აღიქვამს დედის გულისცემას და უცხოდ არ გრძნობს თავს ახალ გარემოში.
ბავშვის დაბადების პირველი დღიდან, მნიშვნელოვანი საკითხია, როგორ კვებით ჩვევებს ჩამოვუყალიბებთ მას. აუცილებელია რამდენიმე პრინციპის დაცვა:
კვება, ისევე როგორც აქტივობა, უნდა იყოს რეჟიმული, სწორად უნდა იყოს გადანაწილებული დროში ბავშვის ასაკის მიხედვით. ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული საკვები რაციონი ბავშვის მოთხოვნილებების შესაბამისად. პირველივე დღიდან ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული მიღებული და დახარჯული ენერგიის შესაბამისობა იმისათვის, რომ ორგანიზმი მუდმივად იყოს წონასწორობაში. და რაც მთავარია, პრიორიტეტული პროდუქტები ჩვენი გემოვნების მიხედვით ცალსახად გამოყოფილი არ უნდა გვქონდეს, პროდუქტები უნდა შევარჩიოთ საჭიროების შესაბამისად. რასაკვირველია, გემოვნება უნდა გავითვალისწინოთ, არ შეიძლება საერთო წესები მოვარგოთ ყველა ბავშვს და ყველა ოჯახს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ინდივიდუალური თავისებურება შეხამებული იყოს საჭიროებებთან. რატომ არის მშობლის პასუხისმგებლობა ამ დროს ძალიან მაღალი? თუ დედა ცოდნას არ ფლობს, ის ოჯახის წევრებს და მათ შორის შვილებს სისტემატურად უმასპინძლდება საკვებით, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს არცთუ ისე სასარგებლო და ის დროთა განმავლობაში ამ ადამიანებს უყვარდებათ. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ უკვე ზრდასრულს ეუბნებიან, რომ ეს არაა სასარგებლო, მას აქვს დაუძლეველი სიყვარული და ლტოლვა ამ საკვების მიმართ. ხშირ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ოჯახში ჩვევად ჩამოყალიბებული ასეთი არასასარგებლო პროდუქტის მირთმევა და სიყვარული ტრადიციად მკვიდრდება თვითონ იმ ბავშვის ოჯახში, რომელსაც შემდეგ თავად ქმნის.
თუ ჩვენ გვინდა რომელიმე პროდუქტი ავარიდოთ ჩვენს შვილს, არაა საჭირო გავასინჯოთ. მაგალითად, თუ ვიცით, რომ რომელიმე ტიპის სასუსნავი სისტემატური მოხმარების შემთხვევაში მავნეა, ვეცადოთ რაც შეიძლება გვიან გავასინჯოთ. მაშინ მას აღარ გაუჩნდება დაუძლეველი სიყვარული, მაგალითად, ნუგბარის მიმართ და არ სთხოვს ბებოს, ბაბუს, მშობლებს, რომ წაახალისონ საყვარელი ტკბილეულით. უფრო მეტიც, სამსახურიდან დაბრუნებულებს ხშირად გვინდა, მაქსიმალურად მივეალერსოთ ჩვენს პატარებს, მაგრამ შინ მისულები ნუ მივუტანთ ნუგბარს, გავახაროთ ხილით, წიგნებით. ხილით და ბოსტეულით წავახალისოთ ბავშვები. არ ჭამენ? არ მოსწონთ? მივცეთ მათ ცხოველების სახე, ბავშვისათვის ნაცნობი სათამაშოების – კუბების, ჩხირების, წრეების, ფუნჯების, სახე და თამაშ-თამაშით მათთან ერთად ვახრამუნოთ ეს პროდუქტები. ასეთ შემთხვევაში ბავშვი შეეჩვევა ამ გემოს და მოგვიანებით თვითონ მოგთხოვთ. მაგალითად, როცა დედა ამზადებს წვნიანს, შვილი დაპატიჟოს დასახმარებლად. ყველა ბავშვს უხარია ცომში ხელის ჩაყოფა, საჭმელებში ხელების ტრიალი, შესთავაზეთ გამოსაყენებელი პროდუქტების დაგემოვნება, მასთან ერთად თქვენც შეგიძლიათ, მაგალითად, კომბოსტო ჩაახრამუნოთ და პატარა ფურცელი მასაც მიაწოდოთ. სტაფილოს ჭრით? პატარა მასაც მიეცით. ასე ცოტ-ცოტაობით ბოლოს აღმოაჩენთ, რომ საკმარისი ულუფა მიირთვა.
ამასთან ერთად, არ შეიძლება, ბავშვი შევაჩვიოთ ორ პროცესს ერთად. მაგალითად, თუ ბავშვის ჭამასთან დაკავშირებით გაქვთ პრობლემები, არაფრით არ შეიძლება, ბავშვს უფლება მივცეთ, დაჯდეს ტელევიზორთან ან კომპიუტერის მონიტორთან და შოშიასავით გაგვიღოს პირი. ასეთ სიტუაციაში შეიძლება, საწადელს მივაღწიოთ, ბავშვს მაინც ვაჭამოთ ჩაფიქრებული ულუფა, მაგრამ რის ხარჯზე? პირველი: როდესაც ბავშვი უყურებს ტელევიზორს, მონიტორის ეკრანს, ან კითხულობს და ჩვენ ამ დროს პირში საკვებს ვუდებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ დროს ბავშვის ორგანიზმში სისხლის გადანაწილების პრინციპი ირღვევა. სისხლი უნდა მიეწოდებოდეს იქ, სადაც მუშა ორგანოა, ასეთ შემთხვევაში ტვინთან ერთად კუჭიც უნდა დაიტვირთოს, როცა გაუცნობიერებლად ვაჭმევთ ბავშვს, ორგანიზმი იბნევა. გარდა ამისა, ბავშვს უქვეითდება საგემოვნო შეგრძნებები, ვერ აკონტროლებს, რა მიირთვა და რამდენი, ანუ ულუფასაც ვერ საზღვრავს, ამ დროს კი თქვენ შეიძლება იმაზე მეტი აჭამოთ, ვიდრე საჭიროა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასეთ დროს შესაძლებელია, ორგანიზმში ე.წ. ცხიმოვანი უჯრედები წარმოიქმნას, რაც არსად აღარ გაქრება. ეს ნიშნავს იმას, რომ სიმსუქნის წანამძღვარი ბავშვობაში ყალიბდება. მოგვიანებით, კიდევაც რომ გახდეს ადამიანი, ცხიმოვანი უჯრედები ზომაში დაპატარავდება, მაგრამ მისი რაოდენობა აღარ დაიკლებს და შანსი მიეცემა თუ არა, დააგროვებს ცხიმს, რის შედეგადაც ადამიანი სუქდება. ამიტომ ბავშვობაში გასუქებული ორგანიზმი, ცხოვრების რაღაც ეტაპზე, ადრე თუ გვიან ისევ შეეცდება, დაუბრუნდეს ამ მდგომარეობას.
რაც შეეხება კვებას და რეჟიმს, თუ ჩვენ გვიან ვბრუნდებით სამსახურიდან, არაა აუცილებელი ბავშვი დაგველოდოს და ჩვენთან ერთად ვახშმობდეს, რაც დროთა განმავლობაში ჩამოუყალიბებს ძილის წინ დანაყრების ჩვევას და რამაც ბავშვს შეიძლება, ძილის რეჟიმი დაურღვიოს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მთავარი პრინციპი – დაძინებამდე სამი-ოთხი საათით ადრე მიიღოს ბოლო კვება, არასდროს შესრულდება და ბავშვი გადაერთვება უფროსის რიტმზე, რომელიც ყოველთვის სწორი არაა.
არ უნდა გამოგვრჩეს წყლის მოხმარების კულტურა, ბავშვობაშივე უნდა შევაყვაროთ წყლის მიღება კვების წინ, არაა საჭირო, 200 მლ წყალი ერთდროულად დავალევინოთ, თუმცა მცირე ულუფის მოხმარება რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს.
(ინტერვიუს მომდევნო ნაწილში ქალბატონი მარი ბავშვის იმუნიტეტთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს)
ციცი ომანიძე