ცნობილი ექიმის პასუხები მშობლების აქტუალურ შეკითხვებზე ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი ექიმი მარი მალაზონია ამჯერად ბევრი მშობლისთვის აქტუალურ და მტკივნეულ საკითხზე - ბავშვის იმუნიტეტზე და ჰაერის გამოცვლის სარგებლობაზე გვესაუბრება.
- ქალბატონო მარი, როგორ გავუძლიეროთ ბავშვს იმუნიტეტი?
- ამასთან დაკავშირებით არსებობს არასწორი წარმოდგენა, რომ ჩვენ შეიძლება, დავლიოთ წამალი და ერთაბაშად გადავჭრათ ეს პრობლემა. არ არსებოს უნივერსალური პრეპარატი, რომელიც იმუნიტეტის უნივერსალურ ზრდას უზრუნველყოფს. უმჯობესია, გამოვიყენოთ, შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ ის რესურსები, რაც ბუნებრივად გვაქვს. თუ ვთვლით, რომ სუსტია იმუნიტეტი, ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად გვჭირდება ორგანიზმის გაკაჟება, ფიზიკური დატვირთვა, სწორი ფიზიკური დატვირთვის შეხამება სწორ ძილთან და საკვები პროდუქტების, პირველ რიგში ბოსტნეულისა და ხილის მაღალი წილი საკვებ რაციონში. ეს პროდუქტები თვითონ შეიცავს იმ ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმის დამცველობითი ძალების გაძლიერებას უზრუნველყოფს.
- ჰაერის გამოცვლას რა წვლილი მიუძღვის იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში?
- რასაკვირველია, ძალიან მნიშვენლოვანია იმიტომ, რომ არსებობს აეროთერაპია, კურორტოთერაპია, კლიმატოთერაპია და ესაა მედიცინის დარგი ბუნებაში არსებული ფაქტორების გამოყენებით. არსებობს მკურნალობა იმ ყვავილის თუ წიწვის სურნელით, რითაც ბავშვის ორგანიზმის მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდება, ამიტომაცაა საჭირო სუფთა ჰაერზე ბავშვის სეირნობა ქალაქის დაბინძურებული ჰავის პირობებშიც კი. კურორტის შერჩევისას გასათვალისწინებელია ერთი გარემოება - ყველა ბავშვი ერთნაირად მზად არაა სხვადასხვა ჰავის მისაღებად. თუ ბავშვს აქვს მომატებული მგრძნობელობა სხვადასხვა ნივთიერების მიმართ და მათ შორის იმათ მიმართ, რომელიც შეიძლება იყოს ბუნებრივ გარემოში, მაგალითად, ყვავილის, ჰაერის მტვერი, მაშინ ამ ბავშვების კურორტოთერაპია ძალიან ფრთხილად გადასაწყვეტი საკითხია და აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული პედიატრთან, იმიტომ, რომ ზუსტად უნდა შეირჩეს, სად და რამდენი ხნით უნდა წავიყვანოთ ბავშვი. არიან ბავშვები, რომელთაც შეიძლება მაღალტენიანი გარემო სჭირდებათ, მაგრამ ასევე არიან ისეთებიც, რომელთათვისაც მშრალი გარემო უკეთესია. შეიძლება ბავშვი დასავლეთ საქართველოში ზღვის სანაპიროზე ცხოვრობდეს, მაგრამ თუ ამ ბავშვს აქვს ბრონქული ასთმა, არ შეიძლება ის იმავე სივრცეში დავტოვოთ დასასვენებლად, მისთვის გაგიკვირდებათ და, გაცილებით უფრო კომფორტული გარემო თბილისი აღმოჩნდება.
გარდა ამისა, არსებობს ზოგადი წესები, რომელიც უნდა იყოს დაცული. სიცოცხლის პირველ წლებში მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ბავშვები მზის პირდაპირი გამოსხივებისგან და ეს წესი საერთოა ყველასთვის, იმიტომ, რომ ბავშვის არა მარტო კანი, არამედ ორგანიზმი არაა მომწიფებული იმისათვის, რომ გაუმკლავდეს გარემოს მავნე გავლენას და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას. კანს აქვს ფოტომეხსიერება, ანუ ის იმას კი არ იმახსოვრებს, წელს რამდენით დავტვირთეთ კანი და რამდენჯერრ გავრუჯეთ, არამედ იმახსოვრებს, მთელი ცხოვრების მანძილზე რამდენჯერ მიიღო ნამზეური და რამდენად აღემატება ეს სასურველ და უსაფრთხო დოზას.
- თუ ბავშვი წავიყვანეთ საზღვაო კურორტზე, დავიცავით მზის უშუალო ზემოქმედებისგან თუნდაც ქოლგით, ესეც საზიანოა? ამ შემთხვევაშიც არ შეიძლება ბავშვის საზღვაო კურორტზე წაყვანა?
- კი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება. ბავშვი არ უნდა აღმოჩნდეს მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ, სანაპიროზე უნდა გაიყვანოთ დილით, მაქსიმუმ 11 საათამდე. ზღვის წყალი ზოგადად ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ბავშვების შემთხვევაში საჭიროებს დიდ სიფრთხილეს ჰიგიენიდან გამომდინარე. ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია აუზის შემთხვევაშიც, ზღვის წყალი შეიძლება სახიფათო იყოს ინფიცირების თვალსაზრისით, მაგრამ აუზის წყალი, რომელიც ქიმიურადაა დამუშავებულივ პატარა ბავშვებთან მიმართებაში საყურადღებოა, ანუ ასეთ დროს ჰიგიენის წესები უმნიშვნელოვანესია.
- რამდენად სწორია გაზახფულსა და შემოდგომით ვიტამინების მიღების პრაქტიკა?
- შემოდგომაზე, როცა ქართული ტრადიციული კალათა სავსეა ვიტამინებითა და მინერალებით დატვირთული ხილით, ბოსტნეულით, რატომ უნდა გაგვიჩნდეს სურვილი, რომ ხელოვნურად მიღებული ესა თუ ის ვიტამინი ჩავრთოთ ბავშვის რაციონში? მით უფრო, რომ რეალურად ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამოკიდებულია კვებაზე, სწორ კვებაზე, რაც არ ნიშნავს მსუყედ კვებას და დამოკიდებული არაა ფინანსურ მდგომარეობაზე. ბევრ მშობელს გული სწყდება, რომ არ აქვს სათანადო ფინანსური მდგომარეობა და ფიქრობს, რომ ბევრი აკლდება ბავშვს. მათ გასაგონად უნდა ვთქვა, რომ შეიძლება მწირი ბიუჯეტითაც კი, ბავშვებს სწორად შევურჩიოთ საკვები. ჩვენ არც ისე მდიდრები ვართ, რომ თავს უფლება მივცეთ, არასწორ პროდუქტებში დავხარჯოთ ფული. ჩვენ უნდა შევიძინოთ მხოლოდ ოჯახისა და ორგანიზმისათვის საჭირო პროდუქტები.
ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ ბავშვმა იავადმყოფა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს გარკვეული პრობლემები, პედიატრის შეფასებით ბავშვს განვითარებისთვის სჭირდება ვიტამინი, რასაკვირველია, უნდა ჩავრთოთ. მეტიც, თუ გამოკვლევებით დადგინდა, რომ ბავშვს აქვს მაგალითად, რკინის ნაკლებობა, ან კონკრეტული ჯგუფის ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში, მაშინ არ მოვიტყუოთ თავი და არ გვქონდეს იმის იმედი, რომ მხოლოდ საკვებით შევავსებთ დანაკლისს. თუ დეფიციტი ანალიზებით დადასტურდა, დიახ, უნდა მივცეთ მედიკამენტები და საკვები დამხმარე ფუნქციას შეასრულებს, მაგრამ თუ ამის საჭიროება არაა, მაშინ სწორი, დაბალანსებული, რაციონალური კვებით შეიძლება ყველა საჭიროების დაკმაყოფილება.
ძალიან დიდი სურვილი მექნება, მშობლებმა ყველა პრობლემის გადაჭრის უნივერსალურ გზად არ ჩათვალონ ვიტამინები, რადგან ვიტამინები გახლავთ წამალი, წამალი სჭირდება ავადმყოფს და თუ ასეთი საჭიროება არ არის, ყოველი შემთხვევისთვის, ისე, პროფილაქტიკისთვის, ვიტამინების მოხმარება არასწორი გადაწყვეტილება, რადგან ყველა ბავშვს ვიტამინებზე ერთნაირი მოთხოვნილება არ აქვს და ყველას ვიტამინების შევსების ერთნაირი საჭიროება არ აქვს. თუ ჩვენ ორგანიზმს ხელოვურად, დამატებით ვიტამინით ვამარაგებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება მოხდეს დოზის გადაჭარბება, ვიტამინების სიჭარბე კი ისეთივე სახიფათოა, როგორც ნაკლებობა.
ციცი ომანიძე