"ანტიბიოტიკების სისტემატურმა და არასწორმა გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ ბავშვს კუჭ-ნაწლავის სისტემა სრულიად დაერღვას..."
ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი ექიმი მარი მალაზონია ამჯერად კიდევ ერთ ძალიან აქტუალურ საკითხზე - აცრებისა და ანტიბიოტიკების თემაზე საუბრობს.
- აცრები და ანტიბიოტიკები არის თემა, რომელიც მშობლებს ძალიან აღლევებთ, აზრი იყოფა... ამიტომ გვჭირდება თქვენგან რჩევა ამ საკითხების გარშემო...
- ანტიბიოტიკების არსებობამ იმუნიზაციასთან და ჰიგიენის დამკვიდრებასთან ერთად კაცობრიობის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 30-35 წლით გაზარდა. ეს იყო უზარმაზარი მონაპოვარი და საშუალება, დაემარცხებინათ მანამდე დაუძლეველი დაავადებები. შესაბამისად, სრულიად არალოგიკური იქნება, ვამტიკოცთ, რომ ჩვენ ამ ყველაფრის გადალახვა ანტიბიოტიკების, იმუნიზაციის და ჰიგიენის გარეშე შეგვეძლო. უფრო მეტიც, ჩვენ ყოველდღე ვართ იმ დაავადებების გავრცელების საფრთხის წინაშე, რომელთა წინააღმდეგაც არსებობს ვაქცინები, იმუნიზაციის საშუალებები, მაგრამ შეიძლება, შეგნებულად არ ვიყენებთ. ეს არასწორი ინფორმირებულობის შედეგია, მაგრამ გასათვალისწინებელია შემდეგი: უნდა ავწონოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია, რისკი, რომლის წინაშეც დგება ბავშვის სიცოცხლე, თუ იმუნიზაციის შედეგად მოსალოდნელი გართულებები, რომელიც სტატისტიკურად ძალიან მცირეა. გარდა ამისა, ხშირად მოავადე ბავშვების იმუნიზაციისთვის არიდება, კიდევ უფრო სახიფათოა. პირიქით, ხშირად მოავადე ბავშვს კიდევ უფრო სჭირდება დაცვა, იმუნიზაცია კი ერთ-ერთი საყოველთაო მეთოდია.
- რაც შეეხება კომერციულ აცრებს ამა თუ იმ ვირუსის წინააღმდეგ, რამდენად ეფექტურია?
- გრიპის საწინააღმდეგო აცრა ემსახურება იმ გამომწვევისგან თავდაცვას, რომელიც უხშირესად ფიქსირდებოდა ამა თუ იმ პოპულაციაში. შესაბამისად, თუ შესწავლილ ჯგუფში დადგინდა მაგალითად, ა ტიპის ჯგუფის ესა და ეს ქვეტიპი, ვაქცინა იქნება მის საწინააღმდეგოდ და შესაბამისად დაგვიცავს იმ კონკრეტული ტიპის გრიპისგან. ზოგადად, აღმოჩნდა, რომ ეს პრაქტიკა გამართლებულია, იმიტომ, რომ მოსახერხებლია იმის პროგნოზირება, რომელი ტიპის ვირუსი იქნება აქტიური ამ სეზონზე და შესაძლებელია დამიზნებით მის წინააღმდეგ ბრძოლა. რასაკვირველია, შეიძლება გვქონდეს საპირისპირო მოსაზრება, რომ სხვა ტიპის ვირუსის შემთხვევაში ეს ვაქცინა არაა უნივერსალური თავდაცვის საშუალება. მაგრამ უნივერსალური თავდაცვის საშუალება შეიძლება არც ერთი ვაქცინა არ აღმოჩნდეს, რადგან შეიძლება ბავშვი იყოს აცრილი და ის კონკრეტული დაავადება მაინც შეეყაროს. უპირატესობა კი ასეთ მდგომარეობაში არის ის, რომ ძალიან მსუბუქად, ან თითქმის შეუმჩნევლად გადაიტანს ამ პრობლემას. ასეთ შემთხვევაში რასაკვირველია, გამართლებულია აცრა, გასაკუთრებით კი ხშირად მოავადე და სუსტი იმუნიტეტის, ეპიდემიური რისკის ჯგუფში მყოფ ბავშვებში. თან ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვები არიან მჭიდრო სოციუმის წევრები, ეს ეხება როგორც საბავშვო ბაღებს, ასევე სასკოლო კოლექტივებს, სადაც ჩაკეტილ სივრცეში შეიძლება, რამდენიმე ათეული ბავშვი იყოს ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების რისკი მაღალია, თავდაცვისთვის კი ყველა მშობელმა უნდა იმეცადინოს, კარგად შეისწავლოს მისი შვილის ინდივიდუალური თავისებურება, ეს ყველაფერი გაიაროს პედიატრთან და ზოგადად იმეგობროს მასთან. მერე კი შეიარაღდეს იმ ინსტრუმენტებით, რომელიც მისცემს საშუალებას მაქსიმალურად დაიცვას შვილი.
რაც შეეხება ანტიბიოტიკებს, ესაა ეფექტური ანტიბაქტერიული პრეპარატი, რომლის აქტუალობა არათუ განელდა, პირიქით, იმატებს კიდეც, მაგრამ საფრთხე, რაც მის გამოყენებას ახლავს, რასაკვირველია, უნდა იყოს გათვალისიწნებული. არ ვამბობ იმას, რომ ყველა ანტიბიოტიკოთეარაპიის შემდეგ ერთი და იგივე შედეგი გვექნება, მაგრამ დღეს კაცობრიობა დგას ძალიან რთული ამოცანის წინაშე. დროთა განმავლობაში შეიძლება, ყველა ის ანტიბიოტიკი, რომელსაც აქამდე ვიყენებდით, არაეფექტური აღმოჩნდეს და მისი მეშვეობით ვერ მოვერიოთ დაავადებას. ეს კი შედეგია იმისა, თუ ჩვენ არასწორად, არარაციონალურ შემთხვევაში ვიყენებდით ანტიბიოტიკს. ანტიბიოტიკების სისტემატურმა და არასწორმა გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს იქმადე, რომ ბავშვის ორგანიზმში ნაწლავის ბაქტერიების მიერ სათანადო რაოდენობის Ka ვიტამინი აღასდროს არ გამომუშავდეს, ან ბავშვს ჰქონდეს მუდმივად ყაბზობის, ან დეარიის პრობლემა, იმიტომ, რომ ანტიბიოტიკების არასწორმა გამოყენებმ დაარღვია ნორმალური ფლორა, ანუ ბაქტერიებს შორის ბალანსი.
ამ ყველაფერთან ერთად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ანტიბიოტიკებთან ერთად უამრავი დაავადება დავამარცხეთ. შესაბამისად ჩევნ უარი კი არ უნდა ვთქვათ მათზე, უნდა ვისწავლოთ მათი სწორი გამოყენება. და საერთოდ, ნებისმიერი მოვლენის უარყოფა კი არ არის გამოსავალი, არამედ ამ მოვლენასთან სწორი თანაცხოვრება, იმ უსაფრთხოების ზომების მიღება, რაც მავნე ზეგავლენისგან გვიცავს. ანტიბიოტიკები მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, საჭირო და აუცილებელი დოზით უნდა დაინიშნოს და პაციენტმა ექიმის მიერ მითითებული ხანგრძლივობით უნდა მიიღოს ის. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა ბავშვის მდგომარეობა უმჯობესდება სამ დღეში, ანტიბიოტიკი დანიშნული იყო 6 დღის განმავლობაში, მშობელი კი თვითნებურად წყვეტს მიღებას ან ამცირებს დოზას. ამით მან შეიძლება კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს მიკროორგანიზმების გამძლეობა და მდგრადობა ანტიბიოტიკების მიმართ და ეს ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ბავშვის ჯანმრთელობას.
როდესაც ანტიბიოტიკებს ვიყენებთ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ვიმეგობროთ რძის ნაწარმთან, განსაკუთრებით მაწონთან. თუ ბავშვს ხანგრძლივად ჭირდება ანტიბიოტიკოთერაპია, მაშინ მის რაციონში აუცილებლად უნდა ჩავრთოთ მაწონი, რადგან ესაა ცოცხალი ბაქტერიების საუკეთესო წყარო და გვეხმარება ნაწლავის ფლორის აღდგენაში. ანტიბიოტიკის მიღებას სჩვევია ორგანიზმიდან კალციუმის დაკარგვა, ამიტომ უნდა მივიღოთ ის პროდუქტები, რაც ამ ელემენტებს შეიცავს. ამ ვიტამინს შეიცავს ყველა მწვანე პროდუქტი, სალათის ფურცელი, ისპანახი, ბროკოლი, ზოგადად, კომბოსტო, კვერცხი, რძე, ამიტომ თუ მშობლები გაითვალისიწინებენ, როგორ შუხამონ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას კვება, მაშინ იმ მავნე შეედგების დაბალანსება შეიძლება, რაც მოაქვს წამალს.
ციცი ომანიძე