თანდაყოლილი უნარი ბავშვს თავად კარნახობს, რამდენი და რა სახის საკვები მიიღოს ძალიან რთულია, როცა თქვენი შვილი თანატოლებისგან ჭარბი წონით გამოირჩევა. მსუქან ბავშვს თავადაც აწუხებს საკუთარი განსხვავებული გარეგნობა, სხვა პრობლემებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ექიმები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვის გასუქება ხშირად მშობლის ბრალია. წონა ხომ ერთ დღეში არ იმატებს? ცხიმოვანი ქსოვილი ბავშვის სხეულში თვეების და წლების განმავლობაში იზრდება, ამ დროს კი მშობელი არ ღელავს არც ბავშვის გასუქებაზე და არც მისი კვების რეჟიმი აფიქრებს. ფიქრობს, რომ გაიზრდება და ყველაფერი თავისით მოგვარდება.
ბავშვების ჭარბი წონის მიზეზებზე დიეტოლოგებს რამდენიმე მოსაზრება აქვთ. პირველ რიგში, ბავშვის გასუქება გაძლიერებულ მადასა და ჭამის დაუოკებელ სურვილს უკავშირდება. განსაკუთრებით, თუ ეს მოთხოვნილება დღის მეორე ნახევარში ჩნდება, როცა ლიპოსინთეზი, იგივე ცხიმების "ჩალაგების" პროცესი ფიზიოლოგიურად უფრო აქტიურია.
ჯანმრთელ ორგანიზმს ცილებზე, ცხიმებსა და ნახშირწყლებზე დახარჯული ენერგიის შესაბამისი მოთხოვნილება აქვთ. ანუ მოქმედებს ფორმულა "მიღებული კალორია = დახარჯულ ენერგიას". გასუქების შემთხვევაში კი ფორმულა ასეთია "მიღებული კალორია > დახარჯულ ენერგიაზე".
გამოდის, რომ ზედმეტი კალორიის მიღების საიდუმლო გადამეტებულ კვებაშია. თუმცა მხოლოდ ეს არ არის სიმსუქნის მიზეზი.დიეტოლოგები გადაჭარბებული კვების 2 სახეობას გამოყოფენ: აბსოლუტურსა და ქცევითს. აბსოლუტურთან შედარებით მარტივად არის საქმე - ბავშვი ჭამს იმაზე მეტს, რამდენიც მის ორგანიზმს სჭირდება. სულ სხვა ვითარებაა ქცევით სახეობასთან დაკავშირებით: ზოგჯერ ბავშვი ცოტას ჭამს, მაგრამ ის საკვები მისი ორგანიზმისთვის მაინც ზედმეტია. ეს ორგანიზმის ინდივიდუალურ-მემკვიდრული თვისებებით არის განპირობებული.
ძირითადად კი სიმსუქნის წარმოშობის სამი რისკფაქტორი არსებობს.
უზომო კვება
დამნაშავეა გაძლიერებული მადა, რაც თავის მხრივ ოჯახში გამომუშავებული ჩვევითაა გამოწვეული. ამის გამო ირღვევა შიმშილის ცენტრის მუშაობა და ნახშირწყლების ბალანსი.
ენერგიის არასაკმარისად ხარჯვა
ეს მჯდომარე ცხოვრების წესის ბრალია. ხელისშემწყობია ლოგინში "დიდი ხნით კოტრიალის" ჩვევაც.
ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობის ზრდა
ასეთ ბავშვებს ცილების სინთეზი დაქვეითებული აქვთ, ხოლო ცილებისგან ცხიმის წარმოქმნის პროცესი - გაძლიერებული. ცხიმის "წვის" პროცესიც შეფერხებით მიმდინარეობს და შედეგად კანქვეშა მარაგის სახით ვიღებთ.
ზოგჯერ ბავშვი ცუდად ჭამს და მშობლებს ვერ გაუგიათ, რატომ. სინამდვილეში ყველაფერი მათი ზედმეტი ძალისხმევის ბრალია, რადგან მთელი ძალით ცდილობენ ბავშვი კარგად და "წესიერად" გამოკვებონ. დიდი პრობლემაა ოჯახური ტრადიციებიც, სადაც ჭამის კულტია დაწესებული. ამ შემთხვევაში მშობლები ბევრს სცოდავენ საკუთარი შვილების წინაშე.
ცნობილი ამერიკელი პედიატრი, ბენჯამინ სპოკი აღნიშნავდა, რომ ლეკვებს მადის პრობლემები არ აწუხებთ, რადგან მათმა მშობლებმა კარგი კვების შესახებ არაფერი იციან.
ბავშვის ჯანმრთელ ორგანიზმს დაბადებიდან დაჰყვება უნარი, რომელიც თავად კარნახობს, რამდენი და რა სახის საკვები მიიღოს ზრდისა და გნვითარებისთვის. ამიტომ ბავშვს ძალით არ უნდა აჭამოთ. ძალა სხვა რამეზე დახარჯეთ - შეუქმენით ისეთი პირობები, რომ თავად მოუნდეს საკვების მიღება. ამ ყველაფრის მთავარი პირობა კი მოწესრიგებული რეჟიმია - ერთსა და იმავე დროს ჭამა.
ნორმის მიხედვით, ბავშვის მადა პიკს დილიდან, გაღვიძების შემდეგ უნდა აღწევდეს. ხოლო იმ ბავშვებს, ვისაც საკვებზე მოთხოვნა საღამოს აქვთ, ეს პიკი როგორმე დილით უნდა გადმოუნაცვლოთ.
როდის უნდა დაიწყოთ ბავშვის წონაზე ზრუნვა?
ბევრი ტაბულა და ცხილი არსებობს, სადაც ბავშვის ასაკის, სიმაღლისა და წონის მიხედვით ნორმიდან გადახრას დააფიქსირებთ, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და მემკვიდრული თვისებების მიხედვით ნორმიდან გადახრას ექიმი შეაფასებს.
თუ მშობლებ, ან ოჯახის ხსვა წევრებს სიმსუქნის პრობლემა აქვთ, ეს უკვე საკმარისი მიზეზია, რომ ყურადღებით ადევნოთ თვალი თქვენი შვილის წონას და მალევე მიმართოთ დიეტოლოგს.