რამ შეიძლება შეაწუხოს ძილის დროს პატარა და როგორ დავეხმაროთ მას? მშვიდი, ღრმა ძილი და მისი ხანგრძლივობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, წინა ძილის ხანგრძლივობასა და სიღრმეზე; რაც უფრო მეტად დაიღლება პატარა, მით უფრო მეტხანს იძინებს, კარგად დანაყრებულსაც ტკბილად სძინავს... მაგრამ ყოველთვის ასე როდია. ძილს ბევრი რამ უშლის ხელს - ტკივილი, მაღალი სიცხე, ხველა, გულისრევა, მძიმე და ჩახუთული ჰაერი... კიდევ რამ შეიძლება შეაწუხოს ძილის დროს პატარა და როგორ დავეხმაროთ მას? ამის შესახებ პედიატრი ია წიწილაშვილი გვესაუბრება.
- ცნობილია, რომ ბავშვი ძილში იზრდება. მაინც რამდენი უნდა ეძინოს მას?
- რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით მეტი სძინავს. ორ თვემდე ასაკის ჩვილს დღე-ღამეში 18-20 საათი უნდა ეძინოს, ოთხ თვემდე ასაკისას - 17-19 საათი, 6 თვემდე - 15-16 საათი, 7 წლამდე - 14-15 საათი. მნიშვნელოვანია, როგორ დავაწვენთ ბავშვს. ახალშობილს უნდა ეძინოს ზურგზე, უბალიშოდ. 12-16 თვემდე ბალიში საჭირო არ არის - მან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ტანდეგობაზე. ორი თვიდან შეგვიძლია დროდადრო გვერდზე გადავაბრუნოთ. თუ ჩვილს ძილის დროს თვალს ადევნებთ, შეამჩნევთ, რომ ხან იღიმება, ხან ტუჩებს აცმაცუნებს, ეცვლება გამომეტყველება. ეს ზედაპირული ძილია. ამ დროს მცირე ფაჩუნიც საკმარისია, რომ გამოეღვიძოს. ღრმა ძილის ფაზა ჩვილს ჩაძინებიდან 20-30 წუთის შემდეგ ეწყება. ამ დროს სუნთქვა თანაბარი აქვს, გამომეტყველება - მშვიდი, კიდურები - მოდუნებული, მტევნები - გაშლილი. ღრმა ძილს ისევ ზედაპირული მოჰყვება: სუნთქვა ხშირდება, ქუთუთოები თრთის, ხელები მუშტადაა შეკრული. ამ დროს ოთახში სიწყნარე უნდა იყოს, თორემ ბავშვს გაეღვიძება, გამოუძინებელი დარჩება და იჭირვეულებს.
- ჯერ ჩვილებზე რომ ვისაუბროთ, ყველაზე ხშირად რა უფრთხობს პატარას ძილს?
- ჩვილის უძილობის, ჭირვეულობის, ტირილის ყველაზე ხშირი მიზეზი ნაწლავთა ჭვალია. ესაა მოვლითი ხასიათის ტკივილი, რომლის შეტევებიც ორი-სამი კვირის ასაკიდან იწყება და სამ-ოთხ თვემდე გასტანს, მერე კი თავისთავად გაივლის. შეტევის დროს პატარას მოხრილი ფეხები მუცელთან მიაქვს, მერე კი სწრაფად შლის - თითქოს მიგვანიშნებს, რა სტკივა. ზოგს ჭვალი იშვიათად აწუხებს - კვირაში მხოლოდ 2-3-ჯერ მართავს “ღამის კონცერტს”, ზოგს კი ისე ხშირად, რომ მისი მშობლების ცხოვრება კოშმარს ემსგავსება.
- რა უწყობს ხელს კოლიკის განვითარებას?
- კვების ხასიათსა და კოლიკას შორის ასეთი დამოკიდებულებაა: ჩვილებს, რომლებიც დაბადებიდან ხელოვნურ კვებაზე არიან, უფრო მკვეთრად გამოხატული სპაზმური შეტევები აწუხებთ, ვიდრე ბუნებრივ კვებაზე მყოფთ. შესაძლოა იმიტომ, რომ ძუძუს წოვისას უფრო მჭიდრო კონტაქტი აქვთ დედასთან, რაც ტკივილს ამსუბუქებს, ხოლო ძილს უფრო მშვიდსა და უშფოთველს ხდის.
კოლიკის განვითარებას ხელს უწყობს:
ფსიქოსოციალური ფაქტორები: დედის სტრესული მდგომარეობა, არაჯანსაღი ოჯახური ატმოსფერო და სხვა; დედის მავნე ჩვევები - თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკი; დედის კვების რეჟიმი - პარკოსნები, კომბოსტო, ყურძენი, პომიდორი, ციტრუსები, ძროხის ცხიმიანი რძე, ტკბილი საკონდიტრო ნაწარმი თვით დედის ორგანიზმშიც წარმოქმნის აირებს და მასაც უქმნის დისკომფორტს, რძის მეშვეობით კი აირთა წარმოქმნის ხელშემწყობი ნივთიერებები ბავშვის ორგანიზმშიც ხვდება.
ამრიგად, ძუძუთი კვება ჩვილის მშვიდი ძილისთვის არ კმარა. დედამ თავადაც უნდა დაიცვას კვების სწორი რეჟიმი, მიირთვას ჯანსაღი, უვნებელი საკვები. ხშირად საჭიროა, დედამ და ჩვილმა ერთდროულად მიიღონ ფერმენტები, პრობიოტიკები, რათა პატარას მშვიდად ეძინოს.
- ხშირად მშობლები ჩივიან, რომ პატარას დღისით სძინავს, ხოლო ღამით თვალს არ ხუჭავს, არც არაფერი აწუხებს და თამაში უნდა. რით აიხსნება ეს?
- ეს შებრუნებული რეჟიმის დაავადებაა. თუმცა დაავადება ხმამაღალი ნათქვამია, ის უფრო სოციალური პრობლემაა. მისი წამალი არ არსებობს. ვითარების გამოსწორება თავად მშობლებმა უნდა შეძლონ, გააანალიზონ მდგომარეობა, გაერკვიონ და გამოსავალი იპოვონ.
- ზოგი ბავშვი ძილში ლაპარაკობს. რისი ბრალია ეს?
- ძილში ლაპარაკს მედიცინაში სომნოოფიას ვუწოდებთ. არსებობს რამდენიმე თეორია მის ასახსნელად. ერთი მათგანის თანახმად, ეს გადატანილი სტრესის, დადებითი თუ უარყოფითი ემოციის შედეგია. თუ ბავშვს ძილში ლაპარაკის გარდა არავითარი ნევროლოგიური გადახრა არ აღენიშნება, დამამშვიდებელი და ძილის მომგვრელი მედიკამენტები საჭირო არ არის. ეცადეთ, ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაასეირნოთ, შინ მშვიდი გარემო შეუქმნათ, ტელევიზორს, ვიდეოთამაშებს, კომპიუტერს მოარიდოთ, ძილის წინ კი ოთახი გაანიაოთ. სომნოლოგებმა, რომლებიც ძილსა და მის ფაზებს შეისწავლიან, დაადგინეს, რომ ადამიანი სწრაფი ძილის დროს ლაპარაკობს. თუ ბავშვი რამდენიმე ფრაზას წარმოთქვამს, მერე კი მშვიდად განაგრძობს ძილს, მშობლებს ვურჩევთ, მოეფერონ პატარას, ალერსიანი სიტყვები ჩასჩურჩულონ ისე, რომ არ გამოაფხიზლონ. ეს მეორე თეორიაა. თეორია მესამე - პატარა ბავშვისთვის, რომელიც ჯერ გამართულად ვერ ლაპარაკობს, ძილში წარმოთქმული სიტყვები და ფრაზები შესაძლოა ახალი გამოცდილებისა და ცოდნის გამოძახილი იყოს. მეოთხე მოსაზრების თანახმად, ძილში ლაპარაკი შესაძლოა ნერვული სისტემის პათოლოგიის ნიშანი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მას თან უნდა ახლდეს სხვა ნიშნებიც.
- როდის არის საჭირო ექიმთან მისვლა?
- ნევროპათოლოგს უნდა მიმართოთ, თუ ბავშვს ძილში ლაპარაკთან ერთად:
უწითლდება სახე; მეტისმეტად ოფლიანდება; უძლიერდება ნერწყვდენა; ხედავს კოშმარებს, ყვირის; აქვს მოხრჩობის შეტევები; ახალგამოღვიძებული დიდხანს ვერ მოდის გონს, უჭირს გამოფხიზლება; გონს მოსვლის შემდეგ ცნობიერება არეული აქვს.
მშობლებს ვურჩევთ, ნევროლოგთან მისვლამდე დააკვირდნენ:
რამდენად ხშირად ლაპარაკობს ბავშვი ძილში; ცალკეულ სიტყვებს, ფრაზებს წარმოთქვამს თუ გრძელ ამბებს ჰყვება; ერთი და იგივე თემა ხომ არ აქვს აკვიატებული; გარკვევით ლაპარაკობს თუ არა; რაზეც ძილში ლაპარაკობს, ნამდვილად მოხდა თუ მისი ფანტაზიის ნაყოფია. ეს ინფორმაცია ექიმს დიაგნოზის დასმაში დაეხმარება. განაგრძეთ კითხვა