რომელი ქართული კურორტებია საუკეთესო ბავშვებისთვის - პედიატრის რჩევები
რომელი ქართული კურორტებია საუკეთესო ბავშვებისთვის - პედიატრის რჩევები
ბავშვისთვის (მშობლებზე აღარაფერს ვამბობთ) დასვენება, ჰაერის გამოცვლა აუცილებელია, მით უმეტეს, თუ ის ქალაქში ცხოვრობს და სუსტი ჯანმრთელობა აქვს. სად წავიყვანოთ დასასვენებლად პატარა, რომ დასვენება მისთვის სასიამოვნოც აღმოჩნდეს და სასარგებლოც? გვესაუბრება პედიატრი ნინო მეზვრიშვილი.

- ბავშვი ზაფხულის სიცხეს, მტვერს, უჰაერობას რომ უნდა გავარიდოთ, ყველამ ვიცით, მაგრამ თუ ის ჯერ მეტისმეტად პატარაა, იქნებ მისთვის კლიმატის შეცვლა საერთოდ არ იყოს მიზანშეწონილი?
- ზაფხულში ჰაერის გამოცვლა სწორედ ჩვილისთვის არის საჭირო. მშობლებს აშინებთ ქალაქიდან მოშორებულ
კურორტზე პატარას წაყვანა და უპირატესობას თბილისის შემოგარენს ანიჭებენ. არც ეს არის ურიგო გამოსავალი, რადგან თბილისი მთის კლიმატური კურორტებით არის გარშემორტყმული, რომელთა ღირსება ტერიტორიის გაშლილობა, მცენარეთა სიუხვე, ჰაერის ზომიერი ტენიანობა და მუდმივი მოძრაობაა. წყნეთი თბილისთან ყელაზე ახლოს, სულ 10 კილომეტრზე, ზღვის დონიდან 800-1000 მეტრზე მდებარეობს. კოჯორი თბილისიდან 18 კილომეტრზე, ხოლო ზღვის დონიდან 1300 მეტრზეა. აქ შესანიშნავი მთის ჰავაა, რომელიც განსაკუთრებით უხდება ბავშვებს. კოჯორში დასვენებას ვურჩევთ იმ პატარებს, რომლებსაც აქვთ ბრონქადენიტი, ლიმფადენიტი, ბრონქული ასთმა, ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზი, ჰიპოქრომული ანემია, რაქიტი, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ნერვული სისტემის ფუნქციური მოშლილობა. კიკეთი - მდებარეობს თბილისიდან 27კმ-ზე, ხოლო კოჯრიდან 9კმ-ის მოშორებით, ზღვის დონიდან 1100მ-ზე. მისი მშრალი ჰავა განსაკუთრებით ბავშვებისთვის არის
სასარგებლო. მანგლისი თბილისიდან 64 კილომეტრზე (კოჯრის გავლით), ზღვის დონიდან 1200 მეტრზეა. მისი სამკურნალო ფაქტორია მთისა და წიწვოვანი ტყის ჰავა, რომელიც ასევე ძალზე სასარგებლოა პატარებისთვის.

- ბავშვების გასაკაჟებლად პედიატრები მშობლებს მთიან კურორტებს ურჩევენ. რომელი მათგანია საუკეთესო მცირე ასაკის ბავშვებისთვის და რატომ?
- მცირეწლოვანი ბავშვებისთვის განსაკუთრებით კარგია დაბალი მთის კურორტები, სადაც ჰავა გარდამავალია ბარსა და მთას შორის, ორგანიზმზე ძლიერ ზემოქმედებას არ ახდენს და არც შეგუებას (აკლიმატიზაციას) ართულებს. ასეთია ბორჯომი, სურამი, ქვიშხეთი, ახალდაბა, საირმე, ზვარე. დაბალი მთის კურორტების უმრავლესობა შერეული ტიპისაა - აქ ხელსაყრელ კლიმატურ პირობებთან ერთად არის მინერალური წყლებიც. წაღვერი, ცემი, ბაკურიანი, წყნეთი, კიკეთი, მანგლისი, კოჯორი, აბასთუმანი, შოვი, ლებარდე, ფასანაური, გომბორი, ტბა (ბაკურიანთან) საშუალო მთის კურორტებია. მათ გარს არტყია ტყის დიდი მასივები, რომლებიც ჰაერს ოზონით ამდიდრებენ და ულამაზეს ლანდშაფტს ქმნიან. ჰაერი აქ სუფთა და გამჭვირვალეა, დღეღამური ტემპერატურა - ზომიერად ცვალებადი, მზის რადიაცია - ინტენსიური და ხანგრძლივი. მზე ზაფხულობით თითქმის ორჯერ მეტხანს ასხივებს, ვიდრე ზამთარში. სამაგიეროდ, ზამთრობით ჰაერი ნაკლებად შეიცავს ორთქლს. საშუალო მთის კლიმატი უხდება ფილტვის ტუბერკულოზს, ბრონქულ ასთმას (მსუბუქ ფორმას) და სხვა ალერგულ დაავადებებს. მაღალი მთის კურორტების ჰავა ორგანიზმის გასაკაჟებლად საუკეთესოა. საქართველოში მაღალი მთის ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია ბახმარო. იგი ზღვასთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ მისი ჰავა ზღვის კლიმატით არის შეზავებული, რაც მას არბილებს და განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებს. ბახმაროს ჰავას ყველა ასაკის ბავშვები კარგად იტანენ. აქ მკურნალობენ ქრონიკულ ბრონქიტს, მშრალ პლევრიტს, ლიმფადენიტებს, მსუბუქ და საშუალო სიმძიმის ბრონქულ ასთმას, ანემიას. განსაკუთრებით კარგია ბახმაროში დასვენება ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ. ბავშვებისთვის, რომლებიც ხშირად ცივდებიან, ავადმყოფობენ და, საზოგადად, იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული, საუკეთესოა მთის კლიმატური კურორტები.

- სად წავიყვანოთ ბავშვი, რომელსაც რაქიტის ნიშნები აქვს?
- რაქიტი ძვალსახსროვანი და ნერვული სისტემის პათოლოგიაა. სამწუხაროდ, ეს დაავადება ბავშვების უმრავლესობას აქვს. იგი წლამდე ასაკში ვლინდება და გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს. რაქიტის არა მარტო სამკურნალოდ, არამედ პროფილაქტიკის მიზნითაც სასურველია ბავშვის წაყვანა ზღვის კურორტზე, სადაც სამკურნალო ეფექტი აქვს მზეს, მარილიან წყალსა და მაგნიტურ ქვიშას. ასეთი ადგილი საქართველოს სანაპირო ზოლზე ურეკია. ურეკის სამკურნალო მაგიტური ქვიშა XIX საუკუნის შუა წლებიდან არის ცნობილი. მისი ძირითადი მინერალები შესანიშნავ სამკურნალო ეფექტს იძლევა ძვალსახსროვანი და ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიების დროს. ქვიშა დიდხანს ინარჩუნებს სითბოს, თანაბრად გადასცემს მას სხეულს და აფართოებს სისხლძარღვებს, რის შედეგადაც უმჯობესდება ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების კვება. ამავე დროს მექანიკურ, მასაჟის მსგავს ზემოქმედებას ახდენს სისხლძარღვებსა და ლიმფურ სისტემაზე. ქვიშის თბილ აბაზანებს აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც.

იხილეთ სრულად
121755
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (15)
თამო
0
ნამდვილად რომ ცხვარიჭამია შეუდარებელი საკურორტო ზონაა თბილისთანაც ახლო არის მისი ბუნება ულამაზესი და ჯანმრთელობისვისაც სასარგებლოა
15:48 / 05-06-2019
te
0
რაჭა არაჩვეულებრივია ყველასათვის!
11:52 / 03-07-2017
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```