ტერფის თანდაყოლილი და შეძენილი ცვლილებები - ორთოპედის რეკომენდაციები მშობლებს!
ტერფის თანდაყოლილი და შეძენილი ცვლილებები - ორთოპედის რეკომენდაციები მშობლებს!
ჯანსაღ ტერფს, რომელიც განივი და გასწვრივი თაღებისგან შედგება, რკალისებური მოხაზულობა აქვს. თანდაყოლილ თუ შეძენილ მიზეზთა გამო ზოგჯერ ეს თაღები სწორდება, ბრტყელდება, შიგნით შებრუნდება ან გარეთ მიიქცევა. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს? გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ტრავმატოლოგ-ორთოპედი თამაზ გაბუნია.


- რა არის ტერფმრუდობა და მისი რამდენი ფორმა არსებობს?
- ტერფმრუდობა ძვალსახსროვანი სისტემის თანდაყოლილი პათოლოგიაა. ის შეიძლება იყოს ცალმხრივი, ორმხრივი, ორივე ტერფით შიგნიდან გარეთ მიქცეული (ვალგუსური ორიენტაცია) ანდა მიზიდული.
თანდაყოლილი ტერფმრუდობა ორი ტიპისაა:
ა) ძვლოვანი - როცა პათოლოგიას ტერფის რომელიმე ძვლის ნაკლებობა განაპირობებს;
ბ) მყესკუნთოვანი - ეს მიმზიდველი კუნთის მყესის პათოლოგიაა.
არსებობს II ხარისხის ნეიროგენული ბუნების ტერფმრუდობაც. ეს დაავადების ერთ-ერთი რთული ფორმაა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების ფონზე ვითარდება.

- არსებობს თუ არა ტერფმრუდობის განვითრების რისკფაქტორები? გენეტიკურად ხომ არ გადაეცემა ეს პათოლოგია?
- ტერფმრუდობა გენეტიკურად არ გადაეცემა, თუმცა არ არის გამორიცხული, მესამე-მეოთხე თაობაში გამეორდეს. გარკვეულ როლს ასრულებს ნაყოფზე თამბაქოს, ალკოჰოლის, რადიაციის ზემოქმედება. ერთ-ერთი მეცნიერული გამოკვლევის შედეგების თანახმად, რომელიც ამერიკელმა მკვლევრებმა გამოაქვეყნეს, ნაყოფის ფიზიოლოგიურ განვით
არებაზე უარყოფითად მოქმედებს ორსულობის მეხუთე თვის შემდეგ ხშირი ექოსკოპიური (ულტრაბგერითი) გამოკვლევაც.

- რას უნდა მიაქციოს დედამ ყურადღება, რათა ტერფმრუდობა არ გამოეპაროს?
- ბავშვის ტერფმრუდობას პირველად ნეონატოლოგი ამჩნევს სამშობიაროში. იგი ესწრება მშობიარობას, იბარებს ახალშობილს და დედას აცნობებს, რომ მის პატარას თანდაყოლილი ტერფმრუდობა აქვს. თუ ამ ეტაპზე პათოლოგია ვერავინ შეამჩნია, დედა უნდა დააკვირდეს, ხომ არ აქვს ჩვილს ცალი ან ორივე ტერფი გარეთ ან შიგნით შებრუნებული ანდა ზურგისკენ მიზიდული. თუ დედამ გამრუდებული ტერფის გასწორება სცადა, ხელის გაშვებისთანავე ის კვლავ პათოლოგიურ მდგომაროებას დაუბრუნდება. ასეა მყესკუნთოვანი დაზიანების დროს, ძვლოვანი დაზიანებისას კი ტერფს ხელით ვერ შეაბრუნებ, ის თითქოს ჩაჭედილია. დიაგნოზის დასაზუსტებლად ტერფის რენტგენოლოგიური გამოკვლევა ტარდება. არცთუ იშვიათად ტერფმრუდობას პირველად ერთი თვის ასაკში, პროფილაქტიკური გასინჯვის დროს, აღმოაჩენს ბავშვთა პოლიკლინიკის ექიმი. მდგომარეობის შეფასების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ჩვილს ორთოპედიულ ცენტრში გზავნიან.

- როგორ ხდება პათოლოგიის კორექცია?
- შედეგი მხოლოდ დროულად დაწყებულ მკურნალობას მოაქვს. ამიტომ ჩემი თხოვნა, რჩევა, გაფრთხილება იქნება, შეამჩნევთ თუ არა ანომალიას, მყისვე მიმართოთ სპეციალისტს. თანდაყოლილი ტერფმრუდობის დროს მკურნალობის პირველი ეტაპი მოიცავს სამკურნალო ფიზკულტურას, სამკურნალო მასაჟს, ფიზიოთერაპიულ პროცედურებს, მათ შორის - აბაზანებს. თვენახევრის შემდეგ, თუ ფიზიოპროცედურებმა შედეგი არ გამოიღო, მკურნალობა გრძელდება თაბაშირის ეტაპობრივი ნახვევებით. სულ 7-8 ნახვევია საჭირო. პირველი 8 დღით ედება, მომდევნოები კი ორ კვირაში ერთხელ იცვლება. მკურნალობა ამბულატორიულია - ბავშვის საავადმყოფოში დაწვენა აუცილებელი არ არის. შეგიძლიათ, ექიმთან შინიდან ატაროთ. მინდა ხაზი გავუსვა ერთ უსიამოვნო ფაქტს: ზოგჯერ თაბაშირის ნახვევს არასწორად ადებენ. ამიტომ მკურნალობას შედეგი არ მოაქვს. ნახვევი უნდა დაედოს მუხლის სახსარში მოხრილ ფეხს ბარძაყის შუა მესამედიდან ტერფის თაღამდე. ასეთ მდებარეობაში აქილევსის მყესი დუნდება, რაც შედეგზეც აისახება - 6-8 თვის ასაკისთვის დეფორმაცია უკვალოდ ქრება. როცა ბავშვი ფეხს აიდგამს, შესაძლოა, ისევ შეაბრუნოს ტერფი. ამის თავიდან ასაცილებლად ექიმი პატარას სპეციალურ ფეხსაცმელს ურჩევს. ის ბავშვმა დაახლოებით სამ წლამდე უნდა ატაროს. ამ ხნის მანძილზე პატარა დროდადრო ორთოპედს უნდა აჩვენოთ და ზუსტად შეასრულოთ მისი მითითებები. სხვაგვარად არის საქმე თანდაყოლილი ძვლოვანი ტერფმრუდობის დროს. ამ შემთხვევაში მკურნალობა ქირურგიულია. ოპერაციაა საჭირო მაშინაც, როცა სპეციალისტს დაგვიანებით მიმართავენ ან მკურნალობა არაპროფესიონალურად ტარდება. ოპერაცია ზაცეპინის მეთოდით კეთდება. შემდეგ კარგა ხანს საჭიროა სამკურნალო ფიზკულტურა და მასაჟი. ქირურგიული ჩარევა უმჯობესია 2 წლის შემდეგ მოხდეს.

- თქვენ ნეიროგენული ტერფმრუდობა ახსენეთ. რა არის ეს?
- ნეიროგენული ტერფმრუდობა, იგივე ექვინოვალგუსური დეფორმაცია, ძვალსახსროვანი და ნერვული სისტემების მძიმე პათოლოგიაა. მის მიმართ მემკვიდრეობითი განწყობა უდავოდ არსებობს, თუმცა ის ყოველთვის არ გამოვლინდება - პათოლოგიის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს მავნე გარეგანი ფაქტორებიც. ნეიროგენული ტერფმრუდობის დროს ტერფი ჩამოვარდნილია და ხელით გასწორებისას ხელის გაშვებისთანავე პათოლოგიურ მდგომარეობას იბრუნებს. ქალასშიგა წნევის მომატების გამო ბავშვი აღგზნებულია, დაჭიმული, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება ზოგჯერ კიდურების დამბლას იწვევს. მკურნალობა კომბინირებულია - ბავშვს ერთი მხრივ ნევროპათოლოგის, მეორე მხრივ კი ორთოპედის დახმარება სჭირდება. აუცილებელია სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოთერაპია. ქირურგიულ ჩარევას ნეიროგენული ტერფმრუდობის დროს არ მიმართავენ. მკურნალობა წლობით გრძელდება, თუმცა სრული განკურნება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. პათოლოგია მცირდება, მაგრამ არ ქრება. განაგრძეთ კითხვა
17787
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```