3 წლის ბავშვი ჩუტყვავილათი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ინფექციის შედეგად გამოწვეული სეფსისი და ტოქსიკური შოკი გახლდათ ჩუტყვავილა განსაკუთრებით ზამთრის და გაზაფხულის სეზონზეა გავრცელებული. ვფიქრობთ, საინტერესო იქნება, მეტი გავიგოთ ამ დაავადებასა და მისგან თავდაცვის საშუალებებზე.
ყველაზე ძლიერი იარაღი ჩუტყვავილას წინააღმდეგ პროფილაქტიკური აცრაა. აქტიური პროფილაქტიკისთვის იყენებენ ცოცხალ ვაქცინას, რომელიც ანტისხეულების წარმოქმნას იწვევს. ვაქცინა ეფექტიანია, თუ მას ავადმყოფთან კონტაქტამდე ან კონტაქტის შემდეგ უმალვე შევიყვანთ. ვაქცინაცია 12 თვიდან ტარდება. ეფექტიანობა 95%-ს უტოლდება. ჩუტყვავილას ვაქცინის შეყვანა სხვა ვაქცინებთან ერთადაც შეიძლება, ოღონდ ცალკე შპრიცით. პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა შეტანილი არ არის, მაგრამ ბოლო ხანს დაავადება ისე გახშირდა, კალენდარში მისი შეტანა მართლაც გონივრული იქნებოდა - იმუნიზაცია ხომ ფარია ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ!
მართალია, ეროვნულ კალენდარში არ შედის, თუმცა აცრა შესაძლებელია პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრში. რა თქმა უნდა, აცრის სურვილის შემთხვევაში კონსულტაცია პედიატრთან უნდა გაიაროთ.
პირველი ვაქცინაცია ხდება 12-18 თვის ასაკში, მე-2 ვაქცინაცია - 4-6 წლის ასაკში. იმისთვის, რომ ბავშვი სრულად დავიცვათ ინფექციის განვითარებისაგან, საჭიროა ვაქცინაციის ჩატარება ორჯერ. ერთჯერადი ვაქცინაცია არ არის საკმარისი.
ბევრმა მშობელმა ზუსტად არ იცის, რა დაავადებებზეა აცრილი მისი შვილი ან რომელ ასაკში რომელ ინფექციებზე ეკუთვნის აცრა. ამიტომ გთავაზობთ აცრების ეროვნულ კალენდარს.
როდის არის ჩუტყვავილა საშიში?
დაავადება შესაძლოა მეორეული ინფექციით გართულდეს და აბსცესი განვითარდეს. საქმე ის არის, რომ გამონაყარი მქავანაა, ბავშვი ვერ ითმენს და კანს ფრჩხილით იკაწრავს, დაზიანებულ კანში კი ინფექცია იჭრება. შედეგად ვითარდება ფლეგმონა, წითელი ქარი და სხვა გართულებები. გარდა ზემოხსენებული ვირუსული ენცეფალიტისა, ჩუტყვავილას ტიპური გართულებაა ცერებრული ატაქსია. ენცეფალიტი უმეტესად ფუფხის სტადიაში ვლინდება. ამ დროს გამოყრა დასრულებულია, ავადმყოფი ინფექციის წყაროს აღარ წარმოადგენს და პროცესი გამოჯანმრთელებისკენ მიდის. ენცეფალიტის განვითარება დაავადების სიმძიმეს არ უკავშირდება - შესაძლოა, ჩუტყვავილა მძიმედ მიმდინარეობდეს, მაგრამ ენცეფალიტით არ გართულდეს. ენცეფალიტისთვის დამახასიათებელია ბავშვის თვალშისაცემი მოდუნება - მიუხედავად იმისა, რომ პროცესი გამოჯანმრთელებისაკენ მიდის, პატარა ითენთება, გამუდმებით ძილად არის მივარდნილი, უარს ამბობს ჭამაზე, ტემპერატურა ზოგჯერ იმატებს, ზოგჯერ ნორმის ფარგლებში რჩება. 48-72 საათში სიმპტომები თითქმის მთლიანად ალაგდება. ასიდან 15 შემთხვევაში აღინიშნება ნარჩენი მოვლენები - კრუნჩხვები და ფსიქომოტორული ფუნქციების დარღვევა.