მშობლები ხანდახან დათვურ სამსახურს ვუწევთ შვილებს ძვირად ღირებული, ჩახჩახა, ლამაზი ელექტრო სათამაშოები, რომლებიც მწარმოებლების მიერ მოწოდებულია, როგორც "განმავითარებელი" - შეუძლიათ მოძრაობა, ლაპარაკი, სიმღერა, სხვადასხვა ხმის გამოცემა, მელოდიების აჟღერება და სხვადასხვაფრად ნათება - სინამდვილეში სულაც არ ყოფილა სასარგებლო ბავშვის განვითარებისთვის. ბავშვები, რომლებიც გამუდმებით ამგვარი სათამაშოებით თამაშობენ, გაცილებით გვიან იწყებენ ლაპარაკს, ვიდრე მათი დანარჩენი თანატოლები. ეს ინფორმაცია ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გაასაჯაროეს.
მათ მიერ ჩატარებული კვლევა განსაკუთრებით ახლაა აქტუალური, რადგან საახალწლოდ მშობლები ყველაზე ხშირად სწორედ ელექტროსათამაშოებს ყიდულობენ ხოლმე.
კვლევის შედეგების თანახმად, ამგვარი სათამაშოები ნაკლებად სასარგებლოა ბავშვის მეტყველების განვითარებისთვის, გაცილებით უკეთესია ტრადიციული სათამაშოები ან წიგნები. როცა ბავშვი მანათობელი ან მოლაპარაკე სათამაშოებით თამაშობს, მშობლები გაცილებით ნაკლებად ელაპარაკებიან მას და ერთმანეთს, ასევე ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. თანაც, როცა ბავშვს ეს სათამაშოები სთავაზობენ ხმებს, მოქმედებას, სიმღერას და ლაპარაკსაც კი, თავად ბავშვი ნაკლებ აქტიურია ამ დროს, არც ლაპარაკობს, არც მღერის, ძირითადად, ჩუმად უსმენს და უყურებს. ამ დროს წარმოსახვა და ფანტაზიაც არ მუშაობს. ჩვეულებრივი სათამაშოებით ან წიგნებით გართობისას კი ბავშვი თავად ახმოვანებს ყველაფერს, ლაპარაკობს, მღერის, ხმებს გამოსცემს, მოძრაობს და გაცილებით აქტიურია. ხშირად ამ დროს მშობლებიც ერთვებიან, განსაკუთრებით, თუ საქმე წიგნებს ეხება. ამგვარი ურთიერთობა პატარაზე გაცილებით მეტ დადებით გავლენას ახდენს, ვიდრე ელექტროსათამაშოებთან დასმა.