ბავშვი და ყინვა - პედიატრის 14 პასუხი ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე
ბავშვი და ყინვა - პედიატრის 14 პასუხი ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე
შეიძლება თუ არა ყინულის ჭამა? სეირნობისას ბავშვს შარფი ცხვირ-პირზე მოვახვიოთ თუ არა? წავიყვანოთ თუ არა ცურვაზე, თუ ქუჩაში ტემპერატურა მინუსს უჩვენებს? როდის გავასეირნოთ ჩვილი პირველად ყინვაში? ამ და სხვა კითხვებით დედები ხშირად მიმართავენ პედიატრებს. დღეს ყველაზე პოპულარული პასუხები შევკრიბეთ.
ზამთარში სასეირნოდ ბავშვის გაყვანა ტანჯვას ემსგავსება: ჩააცვი ბავშვს, თავად ჩაიცვი, არ დაგრჩეს სათადარიგო ხელთათმანები. ქურთუკი და ფეხსაცმელი უნდა იყოს მოხერხებული და წყალგაუმტარი... შედეგად გაწითლებული ცხვირი, ალერგია სიცივეზე, სურდო, გაყინული ფეხები... როგორ მოვიქცეთ, რომ ზამთარში ბავშვის სეირნობა სასარგებლო იყოს და არა საზიანო
მისი ჯანმრთელობისთვის?

1. რომელ ტემპერატურაზე გავიყვანოთ ბავშვი სასეირნოდ?
ყველაფერი ბავშვის ასაკზეა დამოკიდებული. ჩვილის ქუჩაში გაყვანა არ შეიძლება, თუ ტემპერატურა მინუს 5 გრადუსია. უფროსი ბავშვები კი მინუს 10 გრადუსზეც შეგიძლიათ გაასეირნოთ. მთავარია, ცივი ქარი არ ქროდეს.

2. ბავშვი აუზზე დაგვყავს. როგორ მოვიქცეთ, გზაში რომ არ გაგვიცივდეს?
აუზიდან ამოსვლის შემდეგ ბავშვს კარგად შეუმშრალეთ სხეული და თმა. არ ჩააცვათ სამოსი ნამიან ტანზე. ქუჩაში გამოსვლამდე ეცადეთ, 15-20 წუთი დაყოვნდეთ შენობაში. ბავშვს შეურჩიეთ თბილი ქუდი, რომელიც მჭიდროდ დაუფარავს ყურებს.

3. ჩემი ბავშვი ზამთარში დაიბადა. როდის შემიძლია მისი გასეირნება?
მშობიარობიდან 2-3 კვირის შემდეგ. თუ, რა თქმა უნდა, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა. დღენაკლულ ბავშვებს უჭირთ სითბოს შენარჩუნება. ამიტომ, მათი სასეირნოდ გაყვანა პედიატრთან უნდა
შეათანხმოთ. პირველი გასეირნებისთვის აირჩიეთ უქარო ამინდი. ქუჩაში გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე კი ბავშვი 10-15 წუთით აივანზე "გაასეირნეთ".

4. მივეჩვიე ბავშვის დილაობით დაბანვას, შეიძლება თუ არა ასეთი პრაქტიკის ზამთარში გაგრძელება?
შეიძლება, თუ დაბანვის შემდეგ ბავშვის სასეირნოდ გაყვანას არ აპირებთ. თბილი წყალი სისხლძარღვებს აფართოებს და აბაზანის მიღების შემდეგ ორგანიზმი შეიძლება მალევე გადაცივდეს. ბავშვის დაბანა ქუჩაში გასვლის წინ გაცივებით დასრულდება.

5. ბავშვს სახლში არ უყვარს ჩუსტის ჩაცმა, შეიძლება თუ არა ზამთარში ოთახში წინდით ირბინოს?
შეიძლება, თუ სახლში თბილა და იატაკი თბილია. ბავშვს ფეხი რომ არ გაუსრიალდეს, თბილი წინდები ჩააცვით, ძირებზე რეზინის რგოლებით.

6. ჩემს 1 წლის გოგონას არ მოსწონს, როცა სახეზე სიცივეს გრძნობს. როგორ მოვიქცე?
ბავშვის კანი ნაზი და მგრძნობიარეა. სუსხი, რომელსაც უფროსი თითქმის ვერ გრძნობს, ბავშვს კანს მოუყინავს (რისი შედეგიც სახეზე გაჩენილი წითელი ლაქებია). ამიტომ, ნუ გარისკავთ და ქუჩაში გასვლამდე ბავშვს აუცილებლად წაუსვით საბავშვო კრემი. შეგიძლიათ კოსმეტიკური ვაზელინიც გამოიყენოთ. პატარას ქუჩაში გასვლამდე 15-20 წუთით ადრე უნდა წაუსვათ. კრემის ფენა სქელი არ უნდა იყოს, რომ ბავშვის კანმა ისუნთქოს. თუ პატარას არ მოსწონს კრემის წასმა, ეცადეთ, პროცედურა მხიარულ თამაშად გადააქციოთ.

7. სეირნობისას ბავშვს შესცივდა, როგორ მოვიქცეთ, რომ ავად არ გახდეს?
სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეთ სახლში და გაათბოთ ბავშვი. დაუშვებელია ამ მიზნით ბავშვის ცხელ წყალში დაბანა. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ძლიერი შოკია ორგანიზმისთვის. თავდაპირველად ბავშვს გამოუცვალეთ სამოსი. მშრალი და თბილი ტანსაცმელი ჩააცვით; დაალევინეთ თბილი სასმელი (თაფლიანი რძე, კაკაო, ჟოლოს ან მოცვის ჩაი). დააფარეთ პლედი. 15-20 წუთის შემდეგ, როცა ბავშვი გათბება, მოუმზადეთ ევკალიპტის, გვირილის ან სალბის აბაზანა.

8. ძალიან თბილად ვაცმევ ჩემს 2 წლის ბიჭს, მაგრამ მაინც ცივდება. როგორ მოვიქცე?
შეიძლება ბავშვი იმიტომ ცივდება, რომ თბილად აცმევთ. ძალიან ჩათბილული პატარა მალე ოფლიანდება და ქარის შემობერვასა და ოდნავ სიცივეზეც კი მომენტალურად ცივდება. თავდაპირველად ძალიან სცხელა, შემდეგ ძალიან სცივა და ორგანიზმი ვეღარ არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, რაც ვირუსებისა და ბაქტერიებისთვის გამრავლებისა და მომძლავრების მიზეზია.

9. ჩემი შვილი ხანდახან თოვლს ჭამს და ლოლოებს წუწნის. შეიძლება ამის ნება დავრთო?
არა. თოვლი, ისევე როგორც ყინული, ჭუჭყსა და საშიშ ნივთიერებებს (მძიმე მეტალებსაც კი) შეიცავს. ამიტომ, ექსპერიმენტებს თავი დაანებეთ. შეგიძლიათ ცოტა თოვლი შინ წამოიღო და ჭიქაში გაადნოთ, როცა ბავშვი დაინახავს, რა ფერი გახდა თოვლი, მის მიმართ ინტერესი დაეკარგება.

10. შეიძლება თუ არა ციგით ჩვილის ტარება?
კი, თუ ციგაზე სარწეველა გაქვთ მიმაგრებული. ასე ბავშვი არც გადმოვარდება და არც გაიყინება. თუმცა, ასეთი სეირნობა ცოტა ხნით უნდა გაგრძელდეს. ბავშვი, რომელიც გაუნძრევლად წევს, უფრო სწრაფად ცივდება, ვიდრე მშობელი, რომელიც ამ ციგას მიათრევს.

11. საჭიროა თუ არა სეირნობისას საბავშვო ეტლს კაპიუშონი გადმოვაფაროთ?
თუ ქუჩაში ცივა, ქარია და თოვლი მოდის აუცილებელია. თუ უქარო, მზიანი ამინდია საჭირო არაა. დააკვირდით, რომ ბავშვი კომფორტულად იყოს, არც სციოდეს და არც სცხელოდეს, მაგრამ ფეხები აუცილებლად დაუთბილეთ პლედით.

12. მოვახვიოთ თუ არა ბავშვს ცხვირ-პირზე შარფი?
არავითარ შემთხვევაში. ბავშვი თბილ ჰაერს გამოისუნთქავს, რომელიც შარფზე ცივდება და ნამის წვეთებად გადაიქცევა. ის კი სახეს გაუყინავს.

13. ბავშვი სეირნობისას ხშირად ტირის? ამოვიყვანო თუ არა ეტლიდან?
ამის გაკეთებას არ გირჩევთ. განსაკუთრებით, თუ ქუჩაში ქარია და თოვლი მოდის. ეტლში ბავში კომფორტულადაა, თუ ამოიყვანთ, შეიძლება ქარმა დაუბეროს და შესცივდეს. უმჯობესია, ატირებული ბავშვი დაამშვიდოთ და სასეირნოდ მოგვიანებით, ჭამის შემდეგ გაიყვანოთ.

14. ბავშვა სეირნობისას ხელთათმანები დაკარგა. მეშინია, თითები არ მოეყინოს, როგორ მოვიქცე?
როგორც კი ხელთათმანის დაკარგვას აღმოაჩენთ, სასწრაფოდ დაბრუნდით სახლში. ბავშვს ხელები თბილი და არა ცხელი წყლით დაბანეთ. ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება სისხლის მიმოქცევის დარღვევა გამოიწვიოს. თუ კანი გაუთეთრდა ან გაულურჯდა, პედიატრს აჩვენეთ. სასურველია, ბავშვს ხელებზე კრემი ან ვაზელინი წაუსვათ. არავითარ შემთხვევაში არ დაუზილოთ ბავშვს გაყინული ხელები თოვლით!

altშეიძლება თუ არა სეირნობა ძლიერი ყინვის დროს?

altსიტუაციები, როდესაც სეირნობა არ შეიძლება!!! - ექიმ კომაროვსკის რჩევები


116144
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (11)
სალომე
1
ეს კითცვებიც და ეს პასუხებც აშკარად 14 წლკს ბავშვის მოფიქრებულია
07:30 / 26-09-2018
1
Xalxo ra gchirt es kitxvebi zustad adminis mopiqrebulia da msfavsi kitxva sheidzleba yvela mshobelma dasvas amitom tu tvlit rom sasaciloa nu kitculobt.tumca arc tu cota mshobelia visac msgavsi kitxvis dasamelad bavshvebi eqimtan miyavt.
10:03 / 19-12-2017
მსგავსი სიახლეები