ცნობილი ექიმის რჩევები ჩვენი საუკუნის დიდ პრობლემაზე ჭარბი წონა ჩვენი საუკუნის პრობლემაა. წონის პრობლემა განსაკუთრებულად აქტუალური ხდება ხოლმე ქალებისთვის ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ. ფორმაში ჩადგომა ყველასთვის მარტივი როდია და არც დიეტა თუ ვარჯიშებია ყოველთვის ეფექტური. ამიტომაა, რომ ბოლო დროს ბევრი ქირურგიულ ჩარევას მიმართავს. თუმცა რამდენად სწორია ამგვარი გადაწყვეტილება, არის თუ არა ეს პანაცეა, რა რისკებს შეიცავს და რა პლუსები აქვს? ეს ინფორმაცია ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი.
ამჯერად თქვენი ყურადღება სწორედ კუჭის დაპატარავების ოპერაციაზე გვინდა შევაჩეროთ, რომლის უბადლო შემსრულებელი ჭარბი წონის ბარიატრული ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ნიკოლოზ გვახარია გახლავთ. ბატონი ნიკოლოზი "ჯანმრთელობის სახლში" მუშაობს და წონის პრობლემებით შეწუხებულ ადამიანებს იქ ემსახურება.
- სანამ ორსულობის შემდგომ მოჭარბებულ წონაზე ვისაუბრებდეთ, მანამდე მინდა ვთქვა, რომ თავად ჭარბი წონა ხშირ შემთხვევაში ხდება უნაყოფობის მიზეზი. 14 შემთხვევა იყო, როც ქალბატონები წონის საკითხის მოგვარების შემდეგ გახდნენ დედები, დღეს ზოგს - ერთი, ზოგს - 2 შვილი ჰყავს და ბედნიერები არიან. რაც შეეხება ორსულობის შემდეგ გაჩენილ ჭარბ წონას, ეს ჰორმონალური დისბალანსის შედეგია, რომელიც ვარჯიშით, სეირნობით, ცხოვრების აქტიური წესით შეიძლება მოგვარდეს. ორულებს ახასიათებთ მეტ-ნაკლებად გამოხატული ორსულთა დეპრესია, რომელსაც ჭამით "ებრძვიან", ჭამა სიამოვნებაა და ამ პროცესში უფრო კარგად გრძნობენ თავს.
ჭარბი წონა - ესაა შედეგი იმისა, რომ ადამიანი იღებს იმაზე მეტ კალორაჟს, ვიდრე წვავს. რასაკვირველია, წონის მატება შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ჰორმონალური დარღვევით, მაგრამ ძირითადად მაინც პაციენტის ქცევისგან და კვებითი ჩვევებისგან მომდინარეობს.
- რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომ მას გაუკეთდეს ოპერაცია წონაში დაკლების მიზნით...
- სხეულის მასის ინდექსი გამოითვლება წონის ამსახველი კილოგრამის გაყოფით სიმაღლის კვადრატზე, მეტრებში. როცა ეს მაჩვენებელი აღემატება 33-ს და არის რისკი დიაბეტის, წნევიანობის და ა.შ., მაშინ უკვე შესაძლებელია ამ ოპერაციის გაკეთება, მაგრამ თუ ინდექსი 40-ს ზევითაა, ეს უკვე აბსოლუტური ჩვენებაა, ამ შემთხვევაში დიეტური თერაპია ეფექტური აღარაა და ერთადერთი გზა რჩება კუჭის ოპერაცია.
- ქალს მშობიარობიდან რამდენ ხანში შეიძლება გაუკეთდეს ეს ოპერაცია?
- იმხელა წონის ადამიანი, რომელსაც ჭირდება ოპერაცია, ასე ადვილად ვერ იმშობიარებს. მაგრამ, მაინც, თუკი ახალნამშობიარევია ქალი და დგას ოპერაციის აუცილებლობა, მაშინ ბავშვის გაჩენიდან ერთი წლის, 9 თვის შემდეგ უკვე შეიძლება გაკთდეს. ამისთვის თავადაც და შვილიც მომზადებული უნდა იყოს. ბავშვი უნდა ჰყავდეს ჩაბარებული სხვასთან, რომ ის რეჟიმი დაიცვას, რასაც პოსტოპერაციული პერიოდი მოითხოვს.
- რეჟიმი რას გულისხმობს?
- ცხოვრების წესის შეცვლას და ამაში სირთულე არაფერია. როგორც წეღან აღვნიშნე, მიღებულზე მეტი კალორია უნდა დახარჯო, ამისთვის კი აუცილებელია ვარჯიში - ანუ ფიზიკური დატვირთვა, კარგი ემოციები, სწორი კვება, კერძოდ, ერთსა და იმავე დროს, დღეში 3-4-ჯერ უნდა მიირთვათ და არა დღეში ერთხელ, საღამოს - მთელი დღის მარაგი. ამასთან, ჯანსაღი ცხოვრების წესი, სქესობრივი და სოციალური აქტივობა. თავად ადამიანი უნდა იყოს მონდომებული ოპერაციის გაკეთებისთვის, პაციენტი უნდა იქნას გამოკვლეული თმის ღერიდან ბოლომდე, იმიტომ, რომ ასეთი ოპერაციების შემდეგ იცვლება ადამიანის ბიოქიმია და ნებისმიერი ქრონიკული დაავადება შეიძლება გამწვავდეს, ასეთ პაციენტებს ძალიან ზედმიწევნითი მკურნალობა სჭირდებათ, რათა რისკები შემცირდეს, ისინი მაღალი რისკის ქვეშ მდგომ პაციენტებად ითვლებიან.
- რაიმე სახის გართულება შეიძლება მოჰყვეს ამ ოპერაციას?
- როგორც ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას, ამასაც თან სდევს გარკვეული რისკი, მაგრამ ეს გახლავთ 0,001%, რაც დამეთანხმებით, ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ყველაზე პოპულარულ კუჭის დაპარატავების ოპერაციას, როგორც წესი, არ სჭირდება სხვა რამე დამატებითი თერაპია, რაც შეეხება უფრო რთულ ოპერაციებს, როგორიცაა მაგალითად, კუჭის შუნტირება და ა.შ., მათ სჭირდებათ გარკვეული მედიკამენტების მიღება, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაშიც კი.
- მოზარდებს თუ უკეთდებათ ამგვარუ ოპერაციები?
- ეს ოპერაციები კეთდება 18 წლის შემდეგ. ისრაელში და შტატებში აკეთებენ 13 წლის შემდეგაც კი, როცა სხვა გამოსავალი არაა, მაგრამ გარდატეხის ასაკის შემდეგ მომატებული წონა ქრება ხოლმე, ამიტომ ამ პერიოდში ჩარევა დიდად ხელსაყრელი არ არის.
- ოპერაციის შემდეგ თუ არსებობს წონაში ისევ მომატების შანსი?
- არსებობს და ეს საკმაოდ აქტუალური პრობლემაა. ქირურგიის ეს დარგი გალხავთ განვითარებადი, ყოველ წელს ახალ-ახალი ოპერაციები შემოდის, ის მინუსები, რაც ჰქონდა წლების წინ გაკეთებულ ოპერაციას, დღეს აღმოფხვრილია. ზოგადად, კუჭის ოპერაციის შემდეგ თუ ინარჩუნებ რეჟიმს, ცხოვრების წესს, არ იმატებ, თუUარა და, მაშინ ასე ვითარდება მოვლენები: როგორც წესი, გახდომის თავდაპირველი პროცესი ოპერაციის ხარჯზე მიმდინარეობს, ანუ პირველი სამი წელი მუშაობს ოპერაცია, მაგრამ, ვინაიდან კუჭს აქვს გაზრდის უნარი, თუ პაციენტს არ ჩამოუყალიბდა სწორი კვების ჩვევა, სასურველ შედეგს ვერ მიიღებს და ვერ შეინარჩუნებს დაკლებულს. პაციენტების გარკვეული რაოდენობა ზუსტად ამ პრობლემებისა და რეჟიმის დაუცველობის გამო უბრუნდება წინანდელ ფორმას. ამის პრევენციაა, პაციენტმა დაივიწყოს ის მავნე ჩვევები, რაც ჰქონდა. პოსტოპერაციულ პროცესში პირველ რიგში ის ადამიანი მონაწილეობს, რომელსაც პრობლემის დამარცხება უნდა. თუმცა ამასთანავე ჩართულები არიან ფსიქოლოგი და ენდოკრინოლოგი, რომლებიც პაციენტების მონიტორინგს ახდენენ. ჩვენ გვაქვს კვების სკოლა, სადაც თვეში 2-ჯერ იკრიბებიან პაციენტები, რომელთაც უკვე გაუკეთდათ, ან შემდეგში აპირებენ ამ ოპერაციის გაკეთებას და გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს. სხვათა შორის, იქ მეც ბევრ საინტერესო დეტალს ვისმენ. რაც უფრო რთულია ოპერაცია, მით უფრო ხანგრძლივია მისი შენარჩუნების პროცესი.
- არსებობს პრაქტიკაში კუჭის ოპერაციის ორჯერ გაკეთების ფაქტები?
- რა თქმა უნდა. ესეც ახალი სიტყვაა ამ დარგში და ქირურგიის ამ განხრას რევიზიული ბარიატრია ჰქვია. ჩვენ გვქონდა 74 ასეთი შემთხვევა. განმეორებითი ოპერაციის უპირველესი მიზეზი იყო ის, რომ პაციენტი არ იცავდა ცხოვრების წესს, ან შედარებით ძველი მეთოდით ჰქონდა გაკეთებული ოპერაცია, 10-20 წლის წინ სულ ხვა მიდგომები იყო, ახლა - სულ სხვაა.
- არსებობს მოსაზრება, რომ დიეტის და თუნდაც ოპერაციის შემდეგ თუ ისევ იმატებს ადამიანი, მაშინ ორმაგად ხდება წონის მატება, მართალია?
- ეს უფრო დიეტებს ეხება. თუ ადამიანს ოპერაციის შემდეგ ვერ ჩამოუყალიბდება სწორი კვების, ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესი და ისევ დასჭირდა ოპერაცია, მაშინ უკვე ერთი ან ორი საფეხურით რთული ოპერაცია კეთდება, მაგრამ შედეგის დადგომისა და შენარჩუნების პროცესი თავად პაციენტზეა დამოკიდებული.
ციცი ომანიძე