ინტერვიუ ბავშვთა ენდოკრინოლოგთან და პასუხები გავრცელებულ შეკითხვებზე რა არის შაქრიანი დიაბეტი, რომელი ტიპის დიაბეტი გვხვდება ბავშვთა ასაკში, რა არის მისი გამომწვევი მიზეზი, რა მეთოდებით ხდება მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ამ თემაზე მ. გურამიშვილის სახელობის პედიატრიული პრივატ-კლინიკის ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ნატა იმედაშვილი გვესაუბრება.
- რა არის შაქრიანი დიაბეტი, რომელი ტიპის დიაბეტი გვხვდება ბავშვთა ასაკში და რა არის მისი გამომწვევი მიზეზი?
- შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომელიც განპირობებულია ინსულინის შედარებითი და აბსოლუტური უკმარისობით. ამის შედეგად ვითარდება ყველა სახის ნივთიერებათა ცვლის, ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინების, წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევა.
განასხვავებენ ინსულინდამოკიდებულ (შაქრიანი დიაბეტი ტიპი II), ინსულინდამოუკიდებელ (შაქრიანი დიაბეტი ტიპი I), გესტაციურ დიაბეტს და შაქრიანი დიაბეტის სხვა ფორმებს.
ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი ვითარდება ბავშვებში, მოზარდებში და ახალგაზრდებში 30 წლამდე, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში (LADA). ეს არის აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ვითარდება გენეტიკური წინასწარგანწყობის ფონზე გარემო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. პათოგენეზში მთავარი როლი უჭირავს b-უჯრედების დაზიანებას, რასაც მოჰყვება მისთვის დამახასიათებელი ინსულინის აბსოლუტური დეფიციტი. ამის შედეგად სისხლში იზრდება გლუკოზის დონე და ვითარდება მძიმე მეტაბოლური დარღვევები, რომელმაც შესაძლოა კეტოაციდოზურ კომამდე მიგვიყვანოს.
დაავადების განვითარების მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება: ვირუსული ინფექცია, სტრესი, გენეტიკური ფაქტორი. ასევე ბოლო პერიოდში გაჩნდა მოსაზრება, რომ რისკ-ფაქტორი შეიძლება იყოს ძუძუთი კვების შემცირება. დიაბეტის გამოვლენა ასევე გარკვეულწილად დამოკიდებულია გეოგრაფიულ და ეთნიკურ ფაქტორზე, ჩრდილოეთის ქვეყნებში სამხრეთთან შედარებით მეტადაა გავრცელებული. მაგალითად, ფინეთში 30-40-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე კორეასა და მექსიკაში.
- როგორ ხდება შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკა და რა თანამედროვე მეთოდები გამოიყენება?
- შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკა შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:
⦁ სისხლში შაქრის დონის გასაზღვრა (ნორმაში შაქრის შემცველობა სისხლში არის 100 მგ% უზმოდ და საკვების მიღებიდან 2სთ-ს შემდეგ 140 მგ%).
⦁ სისხლში გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HBA1ც) განსაზღვრა, რომელიც ასახავს გლუკოზის საშუალო დონეს წინა 2-3 თვის განმავლობაში (ჯანმრთელ ბავშვებში მისი მაჩვენებელი მერყეობს 4,4-6,4%-მდე).
⦁ შარდში შაქრის დონის განსაზღვრა
⦁ შარდში აცეტონის (კეტონური სხეულების) განაზღვრა.
⦁ ასევე არსებობს დიაბეტის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი სპეციფიკური აუტოანტისხეულების გამოკვლევა (GAD), რომლის მომატება 99% -ის შემთხვევაში უკავშირდება შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ის განვითარებას.
- შესაძლებელია თუ არა ამ დაავადებისგან სამუდამოდ განკურნება და შასაძლებელია თუ არა მისი პრევენცია?
- ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის პრევენცია ჯერჯერობით უცნობია. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ვირუსული ინფექციის თავიდან აცილებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებით გარკვეულწილად შეიძლება დაავადების პრევენცია. რაც შეეხება განკურნებას, ის ამ ეტაპზე შეუძლებელია. ეს მეცნიერების სამომავლო გამოწვევად რჩება.
- არის თუ არა დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის სპეციალური შეზღუდვების დაწესება ჭამის, ძილის, სპორტული აქტივობების მხრივ? რაში გამოიხატება ეს აკრძალვები?
- რა თქმა უნდა, დიაბეტიანი ბავშვებისთვის დიეტა რჩება მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად აუცილებელ კომპონენტად. დიეტოთერაპიაში წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება დიაბეტიანი ბავშვის სრულფასოვან კვებას ასაკისა და მოთხოვილების მიხედვით. თუ დიაბეტიანი ბავშვის ფიზიკური განვითარება ასაკობრივი ნორმის შესაბამისია, მაშინ მისი კვების რეჟიმი პრაქტიკულად არ განსხვავდება ჯანმრთელი ბავშვის კვების რეჟიმისაგან. საკვები რაციონიდან ხდება მხოლოდ შაქრის შემცველი პროდუქტების ამოღება. დიაბეტიან ბავშვის კვება არის ფიზიოლოგიური, მაგრამ - ბალანსირებული.
რაც შეეხება სპორტს, შაქრიანი დიაბეტი არ წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ გარკვეული შეზღუდვები და თავისებურებანი. ჰიპოგლიკემიის განვითარების საფრთხის გამო არ არის სასურველი ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა, მძლეოსნობა, დიდ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა, ზღვაში ღრმად შეცურვა მეთვალყურის გარეშე და ა.შ.
- გავრცელებული მოსაზრების თანახმად, იწვევს თუ არა სწრაფი კვების პროდუქტები და ტკბილის ხშირი მიღება დიაბეტს?
- სწრაფი კვების პროდუქტები და ტკბილის ხშირი მიღება იწვევს სიმსუქნეს, რომელიც რისკ-ფაქტორია ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტისა (შაქრიანი დიაბეტი - ტიპი I), რომელსაც მოზრდილთა დიაბეტს ვუწოდებთ, მაგრამ ბოლო წლებში ძალიან გაახალგაზრდავდა და ხშირად გვხვდება მსუქან ბავშვებში.
- როდის, რა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოს მშობელმა ენდოკრინოლოგს?
- ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის კლინიკური მანიფესტაცია ხდება კლასიკური ტრიადით, რომელიც არც ერთ დაკვირვებულ მშობელს არ გამოეპარება, ეს ფაქტორებია:
⦁ ხშირი შარდვა
⦁ გაძლიერებული წყურვილი
⦁ წონაში კლება
სალომე გორგოშიძე