"ნევროლოგთან ვიზიტის ხშირი მიზეზია ენურეზი, მეტყველების, კოორდინაციის დარღვევები, რისი მკურნალობაც მნიშვნელოვანია სასკოლო ასაკამდე..." როდის, რომელ ასაკში არის აუცილებელი ნევროლოგთან კონსულტაცია? რა ჩივილის შემთხვევაში უნდა მივმართოთ ბავშვთა ნევროლოგს? ამ თემაზე პედიატრიული პრივატ კლინიკის ნევროლოგი, ინგა ბულია გვესაუბრება.
- რომელ ასაკში არის აუცილებელი ნევროლოგთან კონსულტაცია?
- ადამიანის ნერვული სისტემა ახორციელებს კონტროლს ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესზე. მასთან არის დაკავშირებული მხედველობა, სმენა, აზროვნება, მეტყველება, მეხსიერება. ნერვული სისტემის ფუნქციონირების ნებისმიერი დარღვევა იწვევს დაავადების განვითარებას, ემოციური არასტაბილურობიდან, ფსიქომოტორული და მეტყველების დარღვევებიდან, სერიოზულ პათოლოგიებამდე.
ხშირია ჰიპერაქტივობის, ყურადღების დეფიციტის სინდრომი, ნევროზები, ტიკები, ქცევითი დარღვევები. სტატისტიკური მონაცენების მიხედვით ბავშვთა ასაკის ინვალიდობის დაახლოებით 50% დაკავშირებულია ნერვული სისტემის დაავადებებთან, ამიტომ მნიშვნელოვანია დარღვევების დროული გამოვლენა მკურნალობის დროულად დაწყების მიზნით.
თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, ბავშვის განვითარების ეტაპების შეფასების მიზნით ნევროლოგის კონსულტაცია მნიშვნელოვანია 1 თვის, 3 თვის, 6 თვის და 1 წლის ასაკში. ეს საჭიროა ასევე გეგმიური აცრების ჩატარების გრაფიკის შედგენისთვის. 6 წლამდე ნევროლოგთან ვიზიტის განხორციელება სასურველია წელიწადში ერთხელ.
პაციენტის გასინჯვისას ხდება ზოგადი მდგომარეობის, ნერვული აგზნებადობის, მოტორული აქტივობის, ემოციური მდგომარეობის, სმენის, მხედველობის, რეფლექსების, კუნთთა ტონუსის შეფასება. მნიშვნეოვანია ასევე დედის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა.
ნევროლოგთან არაგეგმიური ვიზიტი აუცილებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი ადვილად და სწრაფად აღიგზნება და უჭირს დამშვიდება, დარღვეულია ძილი, კვება, ცუდად იმატებს წონაში, ხშირად ტირის უმიზეზოდ. ახალშობილობის და ჩვილობის პერიოდში ნიკაპის და კიდურების კანკალიც შეიძლება იყოს ნერვული სისტემის დაზიანების სიმპტომი, თუმცა ზოგჯერ ის ვლინდება პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებში, ამიტომ აუცილებელია სპეციალისტის შეფასება.
- რა ჩივილის შემთხვევაში უნდა მივმართოთ ბავშვთა ნევროლოგს?
- ნევროლოგის კონსულტაცია მნიშვნელოვანია 3 წლის ასაკისთვის, როდესაც ხშირად ვლინდება სხვადასხვა ნევროტული მდგომარეობა: ჩნდება შიშები, აკვიატებული უნებლიე მოძრაობები, ძილის დარღვევები, თავის ტკივილი.
4-5 წლიდან ნევროლოგთან ვიზიტის ხშირი მიზეზია ენურეზი, მეტყველების, კოორდინაციის დარღვევები, რისი მკურნალობაც მნიშვნელოვანია სასკოლო ასაკამდე, რათა არ ჩამოყალიბდეს დასწავლასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ შემთხვევაში ნევროლოგი მუშაობს სხვასპეციალისტებთან (პედაგოგი, ლოგოპედი, ფსიქოლოგი) და მშობლებთან ერთად.
სკოლის ასაკის ბავშვებში სწავლასთან დაკავშირებული პრობლემების გარდა აქტუალურია ემოციური და მზარდ დატვირთვასთან დაკავშირებული ადაპტაციის დარღვევები. ხშირად ჩნდება ტიკური ჰიპერკინეზები და სხვა ნევროტული მდგომარეობები, ირღვევა ძილი.
გარდატეხის ასაკში შეიძლება გამწვავდეს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული ქრონიკული მდგომარეობები (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ადვილად დაღლა).
დროულად ჩატარებული კონსულტაციები და დაწყებული მკურნალობა მნიშვნელოვანია გამოჯანმრთელებისთვის და კარგი პროგნოზისთვის.
სალომე გორგოშიძე