რა იწვევს ტემპერატურის მატებას ან კლებას და რა არ უნდა გააკეთოთ მაღალი სიცხის დროს
რა იწვევს ტემპერატურის მატებას ან კლებას და რა არ უნდა გააკეთოთ მაღალი სიცხის დროს
რა ტემპერატურა ითვლება ნორმად ბავშვთა ასაკში, რა იწვევს ტემპერატურის მატებას ან კლებას, როდის უნდა მივმართოთ ექიმს - ამ და სხვა მნიშვნელოვან შეკითხვებზე პედიატრიული პრივატკლინიკის პედიატრი მაკა ლეკიაშვილი გვიპასუხებს.

- რა ტემპერატურა ითვლება ნორმად ბავშვთა ასაკში?
- სხეულის ნორმალური ტემპერატურის დიაპაზონი ბავშვთა ასაკში ასეთია:
• აქსილარული (იღლია) 35,8-37,0*C
• რექტალური (სწორი ნაწლავი) 36,1-37,8*C
• ორალური (პირის ღრუ) 35,8-37,3*C
ზოგადად, აღინიშნება სხეულის ტემპერაურის დღეღამური მერყეობა 1 გრადუსის ფარგლებში. სხეულის ტემპერატურა ეცემა ღამით, მინიმალურია 5 საათზე, შემდეგ იმატებს
და პიკს აღწევს 17-18 საათზე. ტემპერატურის ცირკადულობა არ აღინიშნება ახალშობილებში და ფორმირდება 2 წლის ასაკის ზემოთ. გასათვალისწინებელია, რომ ტემპერატურის გაზომვა არ შეიძლება ფსიქო-ემოციური დატვირთვის, ცხელი საკვების ან სითხის მიღებისთანავე, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.

- რა იწვევს ტემპერატურის მატებას?
- ტემპერატურის მომატება უმეტესად ვირუსულ, ბაქტერიულ ან პარაზიტულ ინფექციას უკავშირდება და მასზე ორგანიზმის რეაქციას წარმოადგენს, თუმცა არსებობს ისეთი მიზეზებიც, რომლებსაც ინფექციურ პროცესებთან კავშირი არ აქვს, მათ შორის - სითბური დაკვრა, რევმატოიდული ართრიტი, ავთვისებიანი სიმსივნე, ზოგიერთი მედიკამენტი (მაგალითად, ანტიბიოტიკი, მაღალი არტერიული წნევის ან ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები). არის შემთხვევები, როდესაც, მიუხედავად საფუძვლიანი გამოკვლევისა, ცხელების მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. როდესაც ადამიანს ტემპერატურა სამ კვირაზე მეტ ხანს აქვს მომატებული, მაგრამ მიზეზს ვერ
ადგენენ, ამბობენ, რომ საქმე გვაქვს უცნობი ეტიოლოგიის (წარმოშობის) ცხელებასთან, თუმცა ისიც უნდა ითქვას, ასეთი ცხელება უმეტესად იშვიათი ან ნაკლებად შესწავლილი დაავადებით კი არა, ატიპურად, უცნაურად მიმდინარე გავრცელებული პათოლოგიით არის გამოწვეული.

ცხელების ძირითადი მიზეზებია:
• მწვავე ვირუსული ინფექცია;
• მწვავე ბაქტერიული ინფექცია;
• ქრონიკული ბაქტერიული ინფექციის გამწვავება;
• ჰიპერერგიული რეაქცია (მედიკამენტებზე, საკვებზე, ვაქცინაზე);
• სიმსივნური დაავადებებ;ი
• სისტემური დაავადებები;
• მეტაბოლური დარღვევები.
mshoblebi
- რა იწვევს ტემპერატურის ნორმაზე დაბლა კლებას?
- ჰიპოთერმია - ეს არის მდგომარეობა, როდესაც სხეულის ტემპერატურა 35 გრადუსზე ნაკლებია. ჰიპოთერმია ვითარდება, როდესაც ორგანიზმი იმაზე მეტ სითბოს კარგავს, ვიდრე შეუძლია წარმოქმნას. ჰიპოთერმიის ყველაზე ხშირი მიზეზია ცივ ტემპერატურასთან ან წყალთან კონტაქტი, თუმცა იგი აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ტემპერატურაზე დაბალ ტემპერატურაზე ყოფნამ, შესაფერისი ტანსაცმლის გარეშე.

- როგორია პირველადი დახმარება მაღალი ტემპერატურის დროს?
- „ვარდისფერი ტიპის“ ცხელების (ცხელი კიდურები, ვარდისფერი სახე, სიცხის შეგრძნება) დროს, სხეულის მაღალი ტემპერატურის დაწევას იწყებენ გაგრილების მეთოდით. სხეულს აგრილებენ 30-32 გრადუს წყალში დასველებული ღრუბლით 5 წუთის განმავლობაში. პროცედურა მეორდება 30 წუთის ინტერვალით 3-4-ჯერ.

ჰიპერპირექსიის დროს (ტემპერატურა მეტია 40,5-41 გრადუსზე ) მოწოდებულია გამაგრილებელი აბაზანები. წყლის ტემპერატურა 1 გრადუსით ნაკლები უნდა იყოს სხეულის ტემპერატურაზე. ნელ-ნელა წყლის ტემპერატურა უნდა დაქვეითდეს 37 გრადუსამდე. მთლიანად სამკურნალო აბაზანა შეიძლება გაგრძელდეს 10 წუთს. ასეთი პროცედურის დროს სითბოს გაცემა სამჯერ აღემატება კანის სველი გაწმენდის ან განიავების დროს გაცემული სითბოს რაოდენობას.
გაგრილების ფიზიკური მეთოდების არაეფექტურობის შემთხვევაში ინიშნება მედიკამენტოზური თერაპია.

- როდის, რა ტემპერატურაზე არის აუცილებელი მედიკამენტის მიცემა?
- ჯანმრთელ ბავშვებში სიცხის დამწევი მედიკამენტის მიცემის ჩვენებაა ტემპერატურა >39 - 39,5 გრადუსი, თუ ცხელებას ახლავს ტკივილი, შემცივნება 38 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე.
2 თვემდე ასაკის და რისკის ჯგუფის ბავშვებში მედიკამენტის მიცემა აუცილებელია 38-38,5 გრადუს ტემპერატურაზე, თუ ცხელებას ახლავს ტკივილი, შემცივნება - მაშინ, 37,5 და მეტ ტემპერატურაზეც.

- ხშირად, მაღალი ტემპერატურის დროს ექიმები არ აძლევენ მშობლებს რეკომენდაციას, რომ სიცხის დამწევი მედიკამენტები მისცენ ბავშვებს. როგორც ცნობილია, ორგანიზმი მომატებული ტემპერატურით კარგად ებრძვის ვირუსს, თუმცა არსებობს საფრთხე - მაღალ ტემპერატურაზე განვითარებული ფებრილური გულყრა. როგორ დავიცვათ ბალანსი? რა არის ის მაქსიმალური ტემპერატურა, რომელზეც შეგვიძლია ბავშვს ვაცადოთ მასთან ბრძოლა?
- ზომიერი ცხელება არ იწვევს ბავშვებში სერიოზულ დისკომფორტს, ამიტომ ჯანმრთელ ბავშვებს, რომელთაც არ აქვთ გართულებები სხეულის ტემპერატურის მატებისას 39 გრადუსამდე, არ ესაჭიროებათ სიცხის დამწევი საშუალებების დანიშვნა. გასათვალისწინებელია ასაკი, რაც უფრო მცირეა ასაკი, მით უფრო საშიშია ტემპერატურის სწრაფი და მნიშვნელოვანი მატება.
ცხელების დროს გართულებათა განვითარების რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან:
• 2 თვემდე ასაკის ბავშვები (ტემპერატურის მატებით 38 გრადუსი დაზევით);
• ანამნეზში ფებრილური კრუნჩხვა;
• ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება;
• სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული პათოლოგია;
• მემკვიდრეობითი მეტაბოლური დაავადება.

- რომელი ჯგუფის მედიკამენტები გამოიყენება ტემპერატურის დასაწევად? რა დოზით და რა შუალედით უნდა მივცეთ ის ბავშვს?
- ბავშვთა ასაკში გამოიყენება აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) და იბუპროფენი (ნუროფენი). პარაცეტამოლი 10-15 მგ/კგ, განმეროებითი მიღება შეიძლება 4-6- საათიანი ინტერვალით, არაუმეტეს 4-ჯერ დღეში. იბუპროფენი 5-10 მგ/კგ. 6-8-საათიანი ინტერვალით, არა უმეტეს 4-ჯერ დღეში.

- რომელი სიცხის დამწევი მედიკამენტი იკრძალება კატეგორიულად ბავშვთა ასაკში?
- აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი), როგორც სიცხის დამწევი საშუალება, არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. რეის სინდრომის მძიმე, ხშირად სასიკვდილო ტოქსიკუი-ენცეფალოპათიის და შინაგანი ორგანოების ცხიმოვანი დეგენერაციის განვითარების რისკის გამო. მეტემიზოლს (ანალგინს) შეუძლია გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი და აგრანულოციტოზი სასიკვდილო გამოსავლით. ის ამოღებულია ხმარებიდან მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

- თუ მედიკამენტები უშედეგოა, ტემპერატურა არ ჩამოდის დაბლა, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?
- მედიკამენტებთან ერთად ეფექტურია ფიზიკური ე.წ. გაგრილების მეთოდები, რომელიც ზემოთაა აღწერილი. ცხელება სხადასხვა ინფექციური თუ არაინფექციური დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია და ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა. უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც დაადგენს ცხელების მიზეზს და უმკურნალებს დაავადებას.

- რას გვეტყვით ხალხურ მეთოდებზე, სხეულის ძმრით დაზელვა და ა.შ რამდენად უწევთ რეკომენდაციას ამ მეთოდს?
- არყის და ძმრის დამატება არ ზრდის ეფექტს, რადგან სხეულის ტემპერატურის მკვეთრი დაწევა იწვევს სისხლძარღვთა სპაზმს და სითბოს გაცემის შეფერხებას.

- რა იკრძალება მაღალი ტემპერატურის დროს, როგორ არ უნდა მოიქცეს მშობელი?
- არ არის სწორი, განვსაზღვროთ ბავშვის ტემპერატურა კანზე შეხებით. ეს არის ტაქტილური ტემპერატურა და დამოკიდებულია სუბიექტურ შეგრძნებაზე.
არ შეიძლება ზედმეტად თბილად ჩაცმა. არ არის აუცილებელი ტამპერატურის ნორმალურ ციფრებამდე დაქვეითება.

- როგორი უნდა იყოს ტემპერატურიანი ბავშვის დღის რეჟიმი, ხშირად უარს ამბობენ ჭამაზე, როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?
- ცხელების კეთილსაიმედო მიმდინარეობისას:
პაციენტის აქტიურობის შეზღუდვა. წოლითი რეჟიმი - თუ თავს გრძნობს ცუდად და ტემპერატურა აქვს 38,5 გრადუსზე მეტი.
ოთახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 20 გრადუსს.
სითხეების დიდი რაოდენობით მიღება, შეუზღუდავად, რამდენსაც მოისურვებს. ხილის წვენები, ასკილის ნაყენი, ჩაი ლიმონით, მინერალური წყლები (ოფლის გამოყოფით და პერსპირაციის გზით დეჰიდრატაციის განვითარების რისკის ასაცილებლად); თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზეა, ხშირად კვებეთ.
- თუ ბავშვი არ სვამს სითხეს, რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ დროს?
- მიეცით სითხე მცირე ულუფებით და ხშირად, წაახალისეთ. თუ არ სვამს სითხეს ან აღენიშნება ღებინება და გამოხატულია დეჰიდრატაციის - გაუწყლოების ნიშნები (თვალები ჩაცვენილი, კანი და ხილული ლორწოვანი გარსი მშრალი, შარდვა შემცირებული), ცნობიერების შეცვლა, ძილიანობა ან აგზნება - მიმართეთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

- რეკომენდებულია თუ არა გაზიანი სასმელები ამ დროს? (როცა სხვას არაფერს სვამს).
- გაზიანი სასმელები არ არის რეკომენდებული. უმჯობესია გაზგასული მინერალურალური წყალი ან ჩვეულებრივი სასმელი წყალი, ჩაი, ხილის წვენები, კომპოტი.

- სიცხის გასაზომად რომელ მოწყობილობას გაუწევთ რეკომენდაციას - ელექტროთერმომეტს თუ ვერცხლისწყლის თერმომეტრს?
- ტემპერატურის გასაზომად ყველაზე ხშირად გამოიყენება ციფრული თერმომეტრები. მათი მრავალნაირი სახე არსებობს. ვერცხლისწყლის შემცველი თერმომეტრების გამოყენება არ არის რეკომენდებული, თერმომეტრის გატეხვის დროს ვერცხლისწყლის მაღალი ტოქსიკურობის გამო. თუ ციფრული თერმომეტრი არ არის ხელმისაწვდომი, მაშინ ვერცხლისწყლის შემცველი თერმომეტრი ფრთხილად დაიქნიეთ.

- როგორ უნდა გავზომოთ ტემპერატურა სწორად, რომ უტყუარი პასუხი მივიღოთ? სხეულის რა ადგილებზე შეგვიძლია გავზომოთ ტემპერატურა და როგორია გაზომვის წესი (რამდენი ხაზი უნდა მოვაკლოთ და ა.შ.)?
- ბავშვებში ტემპერატურის გაზომვა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე. ყველაზე ზუსტი რექტალური და ორალური (პირის) თერმომეტრია, თუმცა ამ უკანასკნელის გამოყენება შესაძლებელია 4-5 წლის ასაკიდან, ტემპერატურის გაზომვის ტექნიკიდან გამომდინარე.
ტემპერატურის გაზომვა იღლიაში ნაკლებ ზუსტია, მაგრამ ის გამოიყენება ახალშობილებში, სამ თვემდე ასაკის ბავშვებში და იმ მოზრდილ პაციენტებში, ვისაც არ შეუძლიათ ორალური თერმომეტრის გამოყენება.
შუბლის და ყურის თერმომეტრიც ნაკლებ ზუსტია, ვიდრე რექტალური და პირის თერმომეტრია, რის გამოც ხშირად საჭირო ხდება მონაცემების დაზუსტება.

ორალური გაზომვისას - თერმომეტრს ათავსებენ ენის ქვეშ, ენის ლაგამის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს და სთხოვენ ავადმყოფს, პირი დახურუს 3 წუთის განმავლობაში. ეს მეთოდი არ გამოიყენება 4 წლამდე ასაკში.
იღლიის ფოსოში - შემოწმებული, ნორმალური მაჩვენებლით თერმომეტრს ათავსებენ წინასწარ გამომშრალებულ იღლიის ფოსოში ისე, რომ ვერცხლისწყლის საცავი ფოსოს ცენტრში მოხვდეს, მხარს მჭიდროდ მიიტანენ გულმკერდთან და ასე ტოვებენ 7-10 წუთის განმავლობაში.
საზარდულის არეში - ეს მეთოდი გამოიყენება ჩვილ ბავშვებში. თერმომეტრს ათავსებენ საზარდულის ნაოჭსა და ბარძაყს შორის და აფიქსირებენ მოხრილ მდგომარეობაში. 7-10 წუთის განმავლობაში.
სწორ ნაწლავში (რექტალური) - ეს მეთოდი გამოიყენება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში. თერმომეტრის ვერცხლისწყლის საცავის ნაწილს ესმება ვაზელინი და შეყავთ სწორ ნაწლავში ნელი, ფრთხილი მოძრაობით 2-3 სმ-ის სიღრმეში; თერმომეტრს აკავებენ დუნდულოებზე მოთავსებული ხელის თითებით 1-2 წუთის განმავლობაში. დაუშვებელია ბავშვის აქტიური მოძრაობა. თერმომეტრს, რომელიც გამოყენებული იყო სწორ ნაწლავში, ამუშავებენ სპირტით და ინახება განცალკევებით სხვა თერმომეტრებისგან.

- როდის უნდა მივმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ?
- ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ, თუ:
• თუ ბავშვი არის სამ თვემდე და რექტალური ტემპერატურა მეტია 38 გრადუსზე.
• თუ ბავშვის ასაკი არის სამი თვიდან სამ წლამდე, რექტალური ტემპერატურა მეტია 38 გრადუსზე.
• ცხელება გრძელდება სამ დღეზე მეტ ხანს და ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია (ჭირვეული, უარს ამბობს სითხეებზე).
• ნებისმიერი ასაკის ბავშვები, რომელთა რექტალური და ორალური ტემპერატურა მეტია 40 გრადუსზე.
• ნებისმიერი ასაკის ბავშვები ფებრილური გულყრით.
• ნებისმიერი ასაკის ბავშვები ცხელებით და თანაარსებული ქრონიკული დაავადებებით, როგორიცაა: გულის დაავადებები, სიმსივნეები, სისტემური წითელი მგლურა, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია.

როდესაც ტემპერატურას, განურჩევლად ციფრებისა და ცხელების ხანგრძლივობისა, თან სდევს:
• თავის ძლიერი ტკივილი;
• ყელის ტკივილი;
• გამონაყარი, განსაკუთრებით - თუ გამონაყარი იმატებს;
• სინათლის შიში;
• ცნობიერების შეცვლა;
• განმეორებითი ღებინება;
• სუნთქვის გაძნელება ან გულ-მკერდის ტკივილი;
• სუნთქვის გახშირება (1 წლამდე წუთში 50-ზე მეტია, 1 წლის ზემოთ - 40-ზე მეტი)
• ძილიანობა ან გაღიზიანებადობა;
• მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი შარდვისას.
სალომე გორგოშიძე
63128
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?