”უმეტესად ეს პრობლემა 16 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება”, - რა უნდა იცოდეთ ადენოიდებზე (ე.წ. პოლიპებზე) და რას გვირჩევს ექიმი რა არის ადენოიდები, რა პრობლემებს უქმნის ის ბავშვის ორგანიზმს, როგორ ხდება მკურნალობა და დიაგნოსტიკა, ამ თემაზე პედიატრიული პრივატ კლინიკის ოტორინოლარინგოლოგი, ზვიად გაბელაია გვესაუბრება.
- რა არის ადენოიდები?
- ადენოიდები (ადენოიდური ვეგეტაციები, როგორც მას ხშირად უწოდებენ) არის ცხვირ-ხახის ტონზილა, ეს არის მეტისმეტად გაზრდილი ცხვირსა და ხახას შორის არსებული ნუშურა ჯირკვლები, რომელთა საფუძველი ლიმფური ქსოვილია. ნორმალურ მდგომარეობაში ის დამცველობით ფუნქციას ასრულებს და აძლიერებს იმუნიტეტს. ხოლო მზარდი ადენოიდები მუდმივად არის გაციების, სურდოს, სხვადასხვა მიკრობის თუ ვირუსის პირველი კერა. ადენოიდებს იმ ზომამდე შეუძლია გაზრდა, რომ შესაძლოა ჰაერის გასასვლელი გადაფაროს. სწორედ ამიტომ დროულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადენოიდების პრობლემა ინდივიდუალურია, ის შეიძლება პრობლემატიური 1 წლის ასაკშიც კი გახდეს. უმეტესად ეს პრობლემა 16 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება.
- რა მიზეზით შეიძლება წარმოიქმნას ადენოიდები და რა პრობლემებს იწვევს ის?
- პრობლემურმა ადენოიდებმა შესაძლოა გამოიწვიოს მეტყველების დარღვევა, სმენის დარღვევა, გონებრივი განვითარების შეფერხება. ეს პრობლემა უფრო მეტად იმ ბავშვებს აწუხებთ, რომლებიც ალერგიისადმი არიან მიდრეკლინი, ხშირად აქვთ ცხვირის ღრუს ანთება. შესაბამისად ამ პრობლემის დროს ხშირია პირით სუნთქვა, თავის ტვინი ნაკლებ ჟანგბადს იღებს. ჟანგბადის სისტემატური დეფიციტი, პირველ რიგში, აზიანებს თავის ტვინს. ბავშვებში აღინიშნება მოუსვენრობა, დისკომფორტი ძილის დროს, მოთენთილობა. ცხვირ-ხახაში და რბილ სასაში განვითარებული ცვლილებების გამო ირღვევა მეტყველება, იწყება ცხვირისმიერი თანხმოვნების წარმოთქმა, იცვლება ხმის ჟღერაობა, ბავშვს ექმნება სმენის პრობლემები. ადენოიდების პრობლემა გარეგნულ კვლასაც ტოვებს. ზედა ყბა შევიწროვებული და წაგრძელებული ხდება, ეს ყველაფერი პირი-სახეს აძლევს სპეციფიკურ იერს, გამომეტყველებას, რომელსაც ადენოიდურ გამომეტყველებას უწოდებენ.
- როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს ადენოიდების პრობლემა აწუხებს?
- ცხვირიდან გაძნელებეული სუნთქვა, ძილში პირით სუნთქვა, "გაჭედილი" ცხვირი, მეტყველების დარღვევა, ხშირი ანთებითი დაავადებები - ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ბავშვი აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ოტორინოლარინგოლოგთან.
- პრობლემის დიაგნოსტიკის და მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენება?
- დიაგნოზის დასმა შესაძლებელია წინა რინოსკოპიის მეთოდით - პაციენტს ცხვირში ვუსვამთ სისხლძარღვთა შემავიწროებელ პრეპარატს, ამ დროს შესაძლებელია დავინახოთ არაერთგვაროვნად განათებული წარმონაქმნი, რომელიც ყლაპვის დროს მოძრაობს. საჭირო შემთხვევაში კეთდება უკანა რინოსკოპია. ასევე გამოიყენება ენდოსკოპიური კვლევის მეთოდი.
კონსერვატიული მკურნალობის დროს გამოიყენება ცხვირის წვეთები, ანტიჰისტამინური და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. თუმცა, მათი ხანგრძლივი მიღება არ არის რეკომენდებული და თუ შედეგი არ ჩანს, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. თუ გრძელდება ხშირი სურდო, ხვრინვა, ოტიტი, პირით სუნთქვა და სხვა ზემოთ ჩამოთვილი პრობლემების შემთხვევაში აუცილებელია ქირურგიული ჩარევა. თუ მდგომარეობა გამოუვალია, შესაძლებელია ეს ოპერაცია ნებისმიერ ასაკში ჩატარდეს. ცხვირიდან სუნთქვის დარღვევის სიმძიმე დამოკიდებულია ცხვირ-ხახის ტონზილის (ადენოიდების) სიდიდის ხარისხზე.
- რა თანამედროვე მეთოდებით არის შესაძლებელი ოპერაციის ჩატარება?
- ოპერაციული ჩარევის დროს ნუშურა ჯირკვლის ქსოვილი მთლიანად უნდა მოშორდეს, ქსოვილის მცირე ნაწილიც კი არ დარჩეს, რომ მისგან კვლავ არ წამოიზარდოს ადენოიდური ქსოვილი. თანამედროვე მეთოდებიდან ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და პრაქტიკულია ოპერაცია კობლაციის ცივ-პლაზმური მეთოდით. ამ დროს მინიმუმამდე არის დაყვანილი სისხლდენის განვითარების რისკი. ამ მეთოდის უპირატესობა არის ის, რომ არ ზიანდება მეზობელი ქსოვილები და მაქსიმუმ 30 წუთში შესაძლებელია ადენოიდებისგან სამუდამოდ გათავისუფლება.
სალომე გორგოშიძე