რა სიმპტომები აქვს სხვადასხვა სახის ჭიას და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
რა სიმპტომები აქვს სხვადასხვა სახის ჭიას და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
რა არის ის ძირითადი ჩივილები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ეჭვი ჩნდება ორგანიზმში პარაზიტების არსებობაზე, რომელი სახის პარაზიტები გვხვდება ყველაზე ხშირად ბავშვთა ასაკში, როგორ ხდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა - ამ თემაზე პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი ნანა ნარეკლიშვილი გვესაუბრება.


- რა არის ის ძირითადი ჩივილები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ეჭვი ჩნდება ორგანიზმში პარაზიტი ჭიების არსებობაზე?
- არცთუ იშვიათად, მშობლები მოგვმართავენ ჩივილებით, რომ მათ შვილებს აღენიშნებათ უმადობა, გულის რევა, ღამით ნერწყვისდენა, უზმოზე პირღებინება,
მუცლის შებერილობა, მუცლის ტკივილი, ტკივილი ჭიპის ირგვლივ, ყაბზობა ან ფაღარათი. ხშირია დარღვევები ნერვული სისტემის მხრივაც. აღსანიშნავია აგზნებადობის მომატება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სწავლაში ჩამორჩენა, ალერგიული რეაქციები, კანის ქვილი, გამონაყარი და ზოგჯერ ეპილეფსიის მსგავსი გულყრებიც კი.

- რომელი სახის პარაზიტები გვხვდება ყველაზე ხშირად ბავშვთა ასაკში?
- ყველაზე ხშირად ბავშვთა ასაკში გვხვდება ენტერობიოზი, ასკარიდოზი, ლამბლიოზი. იშვიათია მძიმე პარაზიტული დაავადებები - ვისცერული ლეიშმანიოზი, ტოქსოპლაზმოზი, ამებიაზი, ლენტურა ჭიები. საკმაოდ მძიმე დაავადებაა ფასციოლოზი და ექინოკოკოზი, ტრიქინოლოზი და სხვა პ
არაზიტები, რომლებიც სხვადასხვა კლინიკური გამოვლინებით ხასიათდება.

- როგორ ხდება დიაგნოსტიკა? რა მეთოდები არსებობს?
- სხვადასხვა პარაზიტული დაავადებების დროს დიაგნოსტირების მეთოდები განსხვავებულია. ასკარიდოზის და ენტერობიოზის გამოსავლენად საკმარისია განავლის ანალიზი.
ასკარიდოზის დროს განავალში კვერცხები შეიძლება არ აღმოჩნდეს, იმ შემთხვევაში, თუ ნაწლავებში სქესობრივად მოუმწიფებელი ან მხოლოდ მამრი პარაზიტებია. ენტერობიოზის დროს ჭია ნაწლავში კვერცხებს არ დებს, დიგნოზი ისმება პერიანალური ნაოჭების ანაფხეკის ან ბამბის ტამპონის მიკროსკოპული კვლევის შესაბამისად.
ლამბლიოზის დროს დიაგნოზი დასტურდება განავალში, ლამბლიის ცისტების, იშვიათად კი ვეგეტაციური ფორმების აღმოჩენით.
ლეიშმანიოზის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ძვლის ტვინის ნაცხში დაავადების გამომწვევის არსებობას, ასევე ჰემოგრამაზე არსებულ მაჩვენებლებს. ლეიშმანიოზზე ეჭვი მიგვაქვს, როდესაც ცხელება ხანგრძლივდება, მძიმე ინტოქსკაციაა, პაციენტს აქვს მაღალი ტემპერატურა (საღამოს და ღამის საათებში), რომელიც სწრაფად ეცემა დაბლა და იწყება ძლიერი ოფლიანობა. შებერილია მუცელი, დამახასიათებელია ღვიძლის და ელენთის გადიდება.
ამებიაზის დიაგნოსტიკაში გადამწყვეტია განავლის პარაზიტოლოგიური გამოკვლევა, ახალგამოყოფილი ფეკალიების და ლორწოს დაუყოვნებლივ გასინჯვა (15-30 წუთის განმავლობაში). არსებობს სხვა დამხმარე მეთოდებიც, მსხვილი ნაწლავის რექტორომანოსკოპიული კვლევა, სეროლოგიური კვლევა. ამებიაზს ახასიათებს გახანგრძლივებული დიარეა, რომელიც შეიძლება 2 კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდეს.
ტოქსოპლაზმოზის დროს გამოიყენება სისხლის სეროლოგიური კვლევა.
მალარიის დროს დიაგნოსტიკა ემყარება სისხლის ნაცხის და სქელი წვეთის გმოკვლევას მიკროსკოპის ქვეშ.
ლენტურა ჭიები (ხარის და ღორის სოლიტერი) ძალიან დიდი იზრდებიან მუცლის ღრუში და მძიმე ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში, მათი დიაგნოსტიკა განავლის გამოკვლევით ხდება. განავალი შეიცავს პროგლოტიდებს, რომელიც სავსეა ჭიის კვერცხებით, პროგლოტიდები ნაწევრებია, ერთიანად არ გამოიყოფა, ჭია წყდება და ნაწილ ნაწილ გამოდის განავალთან ერთად.
ფასციოლოზის დიაგნოტიკა - ფასციოლოზი გაურეცხავი ბოსტენული და ხილის ჭამის შედეგად ხვდება ორგანიზმში და საკმაოდ საშიში პარაზიტია. აზიანებს ღვიძლს. მისი დიაგნოსტიკა განავლის პარაზიტოლოგიური გამოკვლევის საშუალებით ხდება. გამოკვლევა ტარდება რამდენჯერმე, რომ უტყუარი დიაგნოზი დაისვას. საჭიროა სისხლის სეროლოგიური კვლევაც, ულტრასონოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია.
ექინოკოკოზი - მისი აღმოჩენა უფრო ხშირად რენტგენოლოგიური, ულტრასონოგრაფიული და სეროლოგიური კვლევებით ხდება.
ექინოკოკოზი ხშირ შემთხვევაში ორგანიზმში შინაური ცხოველის ბალნის მეშვეობით ხვდება.
ტრიქინელოზი - საკმაოდ საშიში პარაზიტული დაავადებაა, რომელიც ზოგადად შეშუპებით, ცხელებით, კუნთების ტკივილით მიმდინარეობს. მისი დიაგნოსტიკა ხდება ეპიდანამნეზის, კლინიკური ნიშნების და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე.

- როგორია ანალიზის ჩაბარების წესი?
- განავალში პარაზიტის კვერცხების გამოკვლევა სასურველია მოხდეს დეფეკაციის შემდგომ დროულად, საჭიროა ანალიზის მცირე ულუფებით, რამდენიმე ადგილიდან აღება და მოთავსება სპეციალურ კონტეინერში.

- თუ ჩაბარებული მასალის ანალიზში არ აღმოჩნდა პარაზიტი ან მისი კვერცხები, ხოლო ბავშვის სიმპტომები საწინააღმდეგოს გვიდასტურებს, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?
- შესაძლებელია, რომ ბავშვის კლინიკური ნიშნები ეჭვს იწვევდეს ორგანიზმში ჰელმინთოზის არსებობის შესახებ, მაგრამ განავალში პარაზიტის კვერცხები არ აღმოჩნდეს. შეიძლება ჩვენ ვერ ავიღოთ ანალიზისთვის ზუსტად იმ ადგილიდან, ის მასალა, სადაც ჭიის კვერცხებია, ან პარაზიტი არ იყოს იმ სტადიაში, როდესაც კვერცხებს დებს. ამიტომ აუცილებელია ანალიზის გადამეორება.

- რა ზიანი მოაქვს ბავშვის ორგანიზმისთვის პარაზიტებს?
- ზემოთ ჩამოთვლილმა პარაზიტებმა შესაძლებელია ბავშვი მიიყვანოს საკმაოდ მძიმე მდგომარეობამდე. საკმაოდ საშიში დაავადებაა ვისცერული ლეიშმანიოზი, მალარია, ტოქსოპლაზმოზი, ამებიაზი, ტენიოზი, ტენიარინქოზი, ფასციოლოზი, ექინოკოკოზი, აღნიშნული დაავადებები მძიმედ მიმდინარეობს, ძლიერი ინტოქსიკაციით და ორგანოთა სხვადასხვა სისტემის დაზიანებით. შედარებით გავრცელებული ენტერობიოზი, ასკარიდოზი, ლამბლიოზი უფრო ხშირად გვხვდება ბავშვებში, იწვევს იმუნური სისტემის დათრგუნვას, ორგანიზმში, ვიტამინების, მინერალების დეფიციტს, ირღვევა ფერმენტაციის, შეწოვის პროცესები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ეს ყველაფერი უარყოფითად ისახება ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე. არცთუ იშვიათია ანემია და ალერგიული რეაქციების განვითარება. ასკარიდოზი შესაძლებელია გახდეს ნაწლავების მწვავე გაუვალობის, ნაწლავის გადაგრეხვის, აპენდიციტის და სანაღვლე სადინარების დახშობის მიზეზი. ლამბლიოზი შეიძლება მიმდინარეობდეს, როგორც ლატენტურად(ფარულად, სიმპტომების გარეშე) ასევე შეიძლება გამოვლინდეს ნაწლავთა, მომნელებელი და შემწოვი ფუნქციის დარღვევით. ავადმყოფს ხშირად აღენიშნება ცხიმების და ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვის დარღვევა, ხშირია მუცლის შებერილობა, ზოგადი სისუსტე, აგზნებადობა, ადვილად დაღლა, მოთენთილობა, თავის ტკივილი, ნახეთქები ტუჩის კუთხეებთან (ჰეილიტი) და ალერგიული გამონადენი.

- დასაშვებია თუ არა ანალიზების გარეშე, პარაზიტების საპროფილაქტიკოდ ბავშვისთვის მედიკამენტების მიცემა?
- ანალიზების გარეშე, საპროფილაქტიკოდ, მედიკამენტების მიცემა არ არის რეკომენდირებული. გამონაკლისია ერთეული შემთხვევები, როდესაც დაავადებულია ოჯახის ერთი წევრი და ოჯახის სხვა წევრებსაც აღენიშნებათ შესაბამისი ჩივილები. იმისთვის, რომ მკურნალობა ეფექტური იყოს, მედიკამენტი თითოეულმა მათგანმა უნდა მიიღოს.

- სისხლის საერთო ანალიზში რომელი მაჩვენებლის ცვლილება მიუთითებს ორგანიზმში ჭიების არსებობაზე?
- ორგანიზმში ჭიებისა არსებობისას სისხლის საერთო ანალიზში შესაძლებელია შეგვხვდეს მომატებული ეოზინოფილები, მალარიის დროს - დაბალი ჰემოგლობინი, ფასციოლოზის დროს მკვეთრი ეოზინოფილია, ეოზინოფილების მატება სისხლში შესაძლოა იყოს ორგანიზმში ასკარიდოზის არსებობის ნიშანიც.
mshoblebi
- როგორ, რა გზით ხვდება ესა თუ ის პარაზიტი ბავშვის ორგანიზმში? ას გვეტყვით დაავადების გადაცემის გზებზე?
- მალარიას იწვევს დაინფიცირებული კოღო - ანოფელესის კბენა. დაავადება მოსალოდნელია პარაზიტის მტარებელი დონორის სისხლით გადასხმითაც კი. ვისცერული ლეიშმანიოზის გამომწვევია - ლეიშმანია, რომელიც გადააქვს მოსკიტს განსაკუთრებით ივნის-სექტემბერში. ამიტომ დაინფიცირების თვალსაზრისით ეს პერიოდი ყველაზე საფრთხილოა. ტოქსოპლაზმოზით დაინფიცირება ხდება თერმულად დაუმუშავებელი ხორცის გასინჯვით, დაავადებულ კატასთან კონტაქტით. ამებიაზით ადამიანი ავადდება ამების ოთხბირთვიანი ცისტის ჩაყლაპვის შედეგად. ლამბლიოზი ჭუჭყიანი ხელების დაავადებაა. ექინოკოკოზით ადამიანი ავადდება დაავადებულ ძაღლთან კონტაქტით, რომლის ბეწვზეც მრავლადაა ექინოკოკის კვერცხები. ასკარიდოზის ძირითადი გავრცელების ფაქტორია განავლით დასვრილი ნიადაგი, გაურეცხავი ხილი, ბოსტნეული და უსუფთაო წყალი. საქართველოში ძალიან გავრცელებულია ენტერობიოზი, რომელიც ვრცელდება კონტაქტური გზით, ადამიანიდან ადამიანზე. ჭია პარაზიტობს წვრილი ნაწლავის ქვედა ნაწილში და ბრმა ნაწლავის და მსხვილი ნაწლავის ლორწოვანში ბინადრობს. ჭიები განსაკუთრებით ღამით აქტიურობენ და გამოდიან უკანა ტანიდან გარეთ, 4-6 საათში კვერცხებიდან უკვე ვითარდება მომწიფებული და მოძრავი ჭიები ლავრის საფეხურამდე.

- რა მეთოდებით ხდება მკურნალობა?
- სხვადასხვა პარაზიტული დაავადების მკურნალობას სხვადასხვა მეთოდით ხდება. თანამედროვე პრეპარატები ძალზე ეფექტურია. 

- რა გვერდითი ეფექტები აქვს პარაზიტების სამკურნალო მედიკამენტების მიღებას?
- გვერდითი მოვლენები საკმაოდ გასათვალისწინებელია. შესაძლებელია მუცლის ტკივილი, ღებინება, ალერგიული გამონაყარი, ტოქსიური მოქმედება ღვიძლის ფუნქციაზე და თირკმელებზე.

- მედიკამენტებში ტოქსიკური ნივთიერებების არსებობის გამო, ხშირად მშობლები მკურნალობის სხვა მეთოდებს მიმართავენ. რამდენად რეალურია მკურნალობა ხალხური მეთოდებით? მაგალითად უზმომზე თაფლიანი წყლის დალევა, გოგრის თესლების ნახარში და ა.შ.
- დიახ, ანტიჰელმინთოზური მედიკამენტების გვერდითი მოვლენების გამო მშობლები ხშირად ეძებენ მკურნალობის ბუნებრივ მეთოდებს, გავრცელებული მეთოდია ნივრის ოყნა, ბროწეულის ქერქის ნახარში, გოგრის თესლების ნახარში, რაც ხშირად ნაკლებად ეფექტურია. არსებობს ნაკლებად ტოქსიკური მედიკამენტები, რომლებიც ძირითადად ბუნებრივი მასალებისგან არის დამზადებული. ამ მედიკამენტებში არსებული მცენარეების ურთიერთშეთავსება, მათი მოქმედება საკმაოდ უსაფრთხოა და ეფექტური.

- მკურნალობის პროცესში საჭიროა თუ არა პირადი ტანსაცმლის და თეთრეულის ყოველდღიური რეცხვა/გამოხარშვა მაღალ ტემპერატურაზე, ასევე მაღალ ტემპერატურაზე დაუთოვება?
- მკურნალობა გარდა ავადმყოფისა, ოჯახის სხვა წევრებმაც უნდა ჩაიტარონ. მკურნალობის დროს ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა თეთრეულის, საცვლების სისტემატიური გამოცვლა, გამოხარშვის რეჟიმით რეცხვა, დაუთოვება. ფრჩხილების ღრმად დაჭრა, სახლის სველი წესით დალაგება. ბავშვის პირადი ნივთების, სათამაშოების, სველი წესით დასუფთავება.

- მკურნალობის შემდეგ რამდენ ხანში არის მიზანშეწონილი ანალიზის გადამეორება?
- თუ დაავადების მკურნალობის შემდგომ ჩივილები აღარ შეინიშნება, ანალიზის გამეორება საჭირო აღარ არის. პარაზიტებით დაავადების დროს ადამიანს ბუნებრივი იმუნიტეტი არ გააჩნია, ხშირია განმეორებითი დაინფიცირება, ჩივილების გაგრძელების შემთხვევაში უმჯობესია ანალიზი გადავიმეოროთ. პარაზიტის დაფიქსირების შეთხვევაში კი კვლავ გავიმეოროთ მკურნალობა.

- რომელი წესების დაცვაა აუცილებელი პარაზიტული დაავადებების თავიდან ასაცილებლად?
- ჰიგიენის ნორმების დაცვა, მავნე ჩვევებისგან განთავისუფლება (ფრჩხილების კვნეტა),
საკვებად გამოიყენეთ ვეტერინარულად შემოწმებული ხორცი, არასდროს გასინჯოთ ხორცის უმი ფარში, აუცილებელია ბავშვების მაწანწალა ცხოველებთან კონტაქტის აკრძალვა,
ლეიშმანიოზისგან თავის დასაცავად სასურველია ფანჯრებზე ბადეების აკვრა, რადგან მწერებს იზიდავს სინათლე. რეკომენდებულია რეპელენტების გამოყენება, რომელთა წასმის შემდეგაც კოღო ადამიანს აღარ კბენს.
სალომე გორგოშიძე
203453
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
შორენა
0
მოგესალმებით. ჩემს შვილს ახმოაჩნდა ჭია, ჩავუტარე ექიმის დანიშნულებით ზენტელით მკურნალობა. სამწუხაროდ ეს მედიკამენტი ძლ ძნელად ვიშოვე ტბ აღარ შემოდისო საქართველოში და სუსპენზიის სახით ვიყიდე, მივეცი მხოლოდ ერთხელ, რადგან ვერ ვიშოვე, შემიძლია თუარა განმეორებით სხვა ჭიის წამლით ჩავანაცვლო?
23:19 / 21-11-2019
ლიკა
0
3 წლის ბავშვს შეიძლება ქონდეს უკანა ტანში ჭიისგან ოდნავ ბიშტუკებივით რაღაცა გამოწეული ?
23:50 / 16-10-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?