"ანტიბიოტიკების, ყურსასმენების და ყურის ჩხირების ხშირი და არასწორი მოხმარება, სმენის დაქვეითების ერთ-ერთი მიზეზია" ჩანასახს მუცლადყოფნის მეთორმეტე კვირიდან უკვე აქვს ჩამოყალიბებული აღქმის და სმენის ფუნქცია. მას შეუძლია გაიგონოს გარე სამყაროდან შემოსული ხმა. სმენის ორგანოს ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში სჭირდება მოფრთხილება, ამაზე პატარას მშობლემა უნდა იზრუნონ. სამწუხაროდ, საქართველოში საკმაოდ სერიოზული პრობლემაა ბავშვთა ასაკში სმენის დაქვეითება. როგორ ხდება პრობლემის აღმოჩენა, როგორია მკურნალობის ტაქტიკა და პრობლემის პრევენცია, ამ საკითზე ჩაჩავას კლინიკის პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თეონა დევდარიანი გვესაუბრება.
- რა იწვევს ბავშვთა ასაკში სმენის დაქვეითებას?
- მიზეზი მრავალია, მაგრამ აუცილებელია გამოვყოთ თანდაყოლილი ინფექციები, რომლებიც დედას ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდში აქვს. ეს პრობლემები განსაკუთრებით საყურადღებოა პირველ ტრიმესტრში, როდესაც ბავშვის სმენის ორგანოს ჩამოყალიბება ხდება. სმენის დაქვეითებას იწვევს თანდაყოლილი ინფექციები, ჰერპეს ჯგუფის ვირუსები - ციტომეგალო ვირუსი, ქლამიდია, ტრიხამონა, ტოქსოპლაზმა და სხვ.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენების შესახებ. ანტიბიოტიკების ხშირი და არასწორი მოხმარება სმენის დაქვეითების ერთ-ერთი მიზეზია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში უყვართ ანტიბიოტიკების თვითნებურად გამოყენება და თვითმკურნალობა. არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც სწორედ ანტიბიოტიკების არამიზნობრივმა გამოყენებამ მოგვცა დღეს არსებული სავალალო შედეგი, რომელიც ბავშვთა ასაკში სმენის დაქვეითების კუთხით გვხვდება.
აუცილებელია წყვილმა ბავშვზე ზრუნვა ჯერ კიდევ მის ჩასახვამდე დაიწყოს, ამისთვის აუცილებელია ორსულობის დაგეგმვა, ყველა საჭირო კვლევის ჩატარება იმისთვის, რომ დაიცვათ თქვენი მომავალი შვილი საშიში დაავადებებისგან.
- რამდენად ხშირია საქართველოში სმენის დაქვეითება ბავშვთა ასაკში და როგორ ხდება პრობლემის აღმოჩენა?
- საქართველოში დღეს უკვე ძალიან აქტუალურია და პრობლემას წარმოადგენს სმენის დაქვეითება ბავშვთა ასაკში. საბედნიეროდ, 2006 წლიდან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყო ახალშობილთა სმენის სკრინინგი. ყველა ახალშობილს პირველ დღეებშივე, აუდიოლოგიის ცენტრის მიერ, სამშობიაროში უტარდება ეს გამოკვლევა, რომელიც აბსოლუტურად არაინვაზიურია და კვლევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მეთოდს წარმოადგენს.
სწორედ ახალშობილთა სმენის სკრინინგის საშუალებით ხდება იდენტიფიკაცია იმ ბავშვებისა, რომელთაც ეს პრობლემა დაბადებიდან აქვთ. თუ სმენის სკრინინგი არ გაკეთდა, მშობელმა შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ აღმოაჩინოს, დროს კი ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
თუ სამშობიარო სახლში გასინჯვის შედეგად დაფიქსირდა პრობლემა, საჭიროა კვლევის გადამეორება 2 კვირაში, რადგან უარყოფითი პასუხი, შესაძლოა, პირველადი გასინჯვის შედეგად ყურში არსებული სანაყოფე სითხის ბრალი იყოს. ამიტომ, გადამოწმება აუცილებელია.
თუ გადამოწმების შემდეგაც უარყოფითი პასუხი მივიღეთ, მაშინ გაკეთდება უფრო ღრმა, შიგნითა ყურის კვლევა, ტვინის ღეროს სმენის პოტენციალის შემოწმება. ასევე დადგინდება სმენის დაქვეითების ხარისხი.
შესაძლებელია, რომ დიაგნოზი 1 წლის ასაკამდე დაისვას, ამიტომ არ უნდა დავკარგოთ დრო. თუ ბავშვი საჭიროებს სასმენ აპარატს ან კოხლეარულ იმპლანტაციას, უმჯობესია ეს მანამდე გავაკეთოთ, ვიდრე ბავშვი ამეტყველდება, რათა შემდგომ არ შეექმნას განვითარების და მეტყველების პრობლემები.
მნიშვნელოვანია ინფორმირებულობის დონის ამაღლება მშობლებში, რომელთაც ჰგონიათ, რომ სკრინინგის გაკეთება საშიშია და თავს იკავებენ. აბსოლუტურად არაინვაზიურ გამოკვლევას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. სწორედ ამ კვლევის დროულად ჩატარებაზეა დამოკიდებული თქვენი შვილების ბედი.
- იმპლანტაცია რა მეთოდით კეთდება?
- კოხლეარული იმპლანტი ეს არის სპეციალური აპარატი, რომელსაც აქვს გარეთა და შიგნითა ნაწილი. გარეთა ნაწილი მაგრდება გარეთ, რომელიც ვიზუალურად შესამჩნევია, ის ასრულებს მიკროფონის ფუნქციას. მავთულებით უკავშირდება ყურის შიგნითა ნაწილს, მიკროფონი მას გადასცემს ბგერას. მცირე ბგრები გარდაიქმნება დიდ სამეტყველო ბგერებად და ბავშვიც ყოველგვარ ხმას სრულფასოვნად იგებს.
- რას გვეტყვით სასმენი აპარატის შესახებ?
- სასმენი აპარატი არის მხოლოდ მიმღები, მას არ შეუძლია ბგერის გარდაქმნა, ანალიზი, იგი არ უკავშირდება ტვინს. კოხლეარული იმპლანტი კი უშუალოდ უკავშირდება სამეტყველო ცენტრს.
3 წლამდე შესაძლოა ბავშვმა ატაროს სასმენი აპარატი, ხოლო შემდგომ, რა თქმა უნდა, ჯობს იმპლანტაცია, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ექნება. დღესდღეობით კოხლეარული იმპლანტები იმდენად დაიხვეწა, რომ ბავშვები დადიან სხვადასხვა სპორტზე, ცურვაზე და ჩვეულებრივი ცხოვრების წესით ცხოვრობენ.
- შესაძლებელია, სმენის დაქვეითება გენეტიკური იყოს?
- საქართველოს მაგალითზე, გენეტიკური ფაქტორით სმენის დაქვეითება ხშირ შემთხვევაში არ გვხვდება. ძირითადად, სმენის დაქვეითება გამოწვეულია თანდაყოლილი ინფექციებითა და ვირუსებით. აბსოლუტურად ყრუ ბავშვი არ არსებობს, ნარჩენი სმენა ყველა ბავშვს აქვს. სოწრედ ნარჩენი სმენის შედეგად კეთდება კოხლეარული იმპლანტაცია, სასმენი აპარატი და ბავშვს ესმის სრულფასოვნად.
- შესაძლებელია, სმენის პრობლემა მხოლოდ ერთ ყურში ჰქონდეს ბავშვს?
- სმენის დაქვეითება ყოველთვის ორმხრვია. არ არსებობს ერთმხრივი სმენის დაქვეითება. სამწუხაროდ, დღესდღეობით სახელმწიფო მხოლოდ 1 ყურზე აფინანსებს იმპლანტაციას, სასმენი აპარატიც უფასოდ მხოლოდ 1 ყურზე კეთდება. რა თქმა უნდა, ეს ნაკლებ ეფექტურია, ვიდრე ორივე ყურზე გაკეთება. თუმცა, სახელმწიფოს მხირდან ესეც ძალიან დიდი მიღწევაა.
- შესაძლებელია, რომ ბავშვი დაიბადოს სრულიად ჯანმრთელი, არ ჰქონდეს სმენის პრობლემა და შემდგომ შეექმნას პრობლემები ამ მხრივ?
- დიახ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. თუ ბავშვს არამიზნობრივად დავალევინებთ მედიკამენტებს, ანტიბიოტიკებს, ოტოტოქსიურ პრეპარატებს და მივმართავთ თვითმკურნალობას შედეგად მივიღებთ შეძენილ სმენადაქვეითებას. სმენის დაქვეითებას ხელს უწყობს ე.წ. ყურსასმენები, საყურისები, რომელიც ყველა ახალგაზრდის საყვარელი მოწყობილობაა. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც დაარეგულირებს, რამდენ დეციბელზე მაღლა არ უნდა იყოს ხმაური გასართობ ცენტრებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ხმაური, რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს სმენის ორგანოზე.
- რას გვეტყვით ყურის ჰიგიენაზე?
- არ არის აუცილებელი, ხშირად გამოვუწმინდოთ ჩვილს ყური, რადგან ის გოგირდი, რომელიც ბავშვს აქვს, განსაკუთებით 1 წლის ასაკში, ყურს იცავს გარემო გამღიზიანებლისგან.
- როგორია დაავადების პრევენცია?
- მომავალმა დედამ უნდა იზრუნოს, რომ ბავშვი მუცლადყოფნის პერიოდშივე იყოს დაცული, ამისთვის საჭიროა ყველა საჭირო გამოკვლევის ჩატარება ორსულობმადე. ორსულობის დროს არ შეიძლება გარუჯვა, უნდა ერიდოთ გარემო ფაქტორებს, მზეზე დიდხანს ყოფნას, სტრესს. ორსული რაც შეიძლება მშვიდ გარმეოში უნდა იყოს და უნდა იკვებოს სრულფასოვნად.
მნიშვნელოვანია მშობლებმა ხელი შეუწყონ ბავშვებს, ჰქონდეთ იმედი, რომ მათი შვილი გადალახავს ყველა ბარიერს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის განწყობას. საბედნიეროდ, უკვე ძალიან ბევრმა ბავშვმა გადალახა სმენის პრობლემა, ისინი არიან ძალიან წარმატებული ადამიანები და იმპულსს აძლევენ იმ დედებს, რომლებიც პესიმისტურად არიან განწყობილნი. დღევანდელი მედიცინა, საბედნიეროდ, იძლევა იმის საშუალებას, რომ სმენადაქვეითებული ბავშვები გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და ეს პრობლემა წარმატებით გადალახონ.
სალომე გორგოშიძე