რა ოდენობის და რა ფერის უნდა იყოს შარდი დღე-ღამის სხვადასხვა პერიოდში? რას გვეუბნება შარდის საერთო ანალიზი და რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა? ამ თემაზე პედიატრიული პრივატ კლინიკის ექიმი-ლაბორანტი, ეკა კემუხტაშვილი გვესაუბრება.
- საშარდე სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკაში წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება შარდის შესწავლას. შარდის სრულყოფილი გამოკვლევა გულისხმობს მისი ფიზიკური თვისებების შეფასებას, შარდის ნალექის მიკროსკოპიას და შარდის ბაქტერიოლოგიურ კვლევას. შარდის სრული გამოკვლევისთვის არანაკლებ 100-150 მლ შარდია საჭირო. საჭიროა ბავშვი წინასწარ ჩაბანოთ, შარდი კი მოათავსოთ სტერილურ კონტეინერში.
- რაზე მიგვანიშნებს ორგანიზმის მიერ გამოყოფილი შარდის რაოდენობა?
- შარდი ნივთიერებათა ცვლის დროს თირკმელებში სისხლის ფილტრაციის შედეგად წარმოიქმნება. დღე-ღამეში გამოიყოფა მიღებული სითხის 60-80%, ხოლო დილის შარდი უნდა იყოს დაახლოებით 150-200 მლ. შარდის რაოდენობის მომატება გვხვდება თირკმლის ტუბერკულიოზის, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის, ნეფროსკლეროზის დროს. შარდის რაოდენობის შემცირება გვხვდება გულის დაავადებების, თირკმლის მძიმე ანთების, მძიმე პირღებინების, ინფექციური დაავადებების დროს. შარდის გამოყოფის შეწყვეტა გვხვდება შარდკენჭოვანი დაავადებების, ტრავმული შოკის, მწვავე ნეფრიტის და ძლიერი სტრესის დროს.
- რას გვეუბნება შარდის შეფერილობა?
- შარდის ნორმალური ფერი უნდა იყოს ბაცი ჩალისფერი ან მოყვითალო. სხვადასხვა პათოლოგიის დროს შარდის ფერიც იცვლება. შეიძლება შეფერილობა გახდეს მუქი ყავისფერი, მოშავო (ჰემოლიზური ანემიის, მელანოსარკომის დროს), მოწითალო ფერის (შარდკენჭოვანი დაავადებების, თირკლმის ინფარქტის, ჭარხლის მიღების შემდეგ), ყვითელი ფერის (ღებინების, დიარეის, შეშუპების და გულის უკმარისობის დროს). შარდის ფერი შეიძლება შეიცვალოს გარკვეული მედიკამენტის მიღების შემდეგ. ახლად გამოყოფილი შარდი უნდა იყოს გამჭვირვალე. ხოლო თუ მისი დაყოვნებისას გაჩნდა მცირედი შემღვრევა, ეს მარილების და ეპითელური უჯრედების დარღვევის შედეგია. სუნი - უნდა იყოს არასპეციფიკური. სხვადასხვა დაავადების დროს შესაძლოა, შარდმა სუნი შეიცვალოს.
- რას გვეტყვით შარდის ქიმიურ თვისებებზე?
- ცილა შარდში არ უნდა იყოს, შარდში ცილის არსებობას პროტეინურიას უწოდებენ. ფუნქციური პროტენიურია განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში ხერხემლის გამრუდების, ახალშობილებში ფიზიკური დატვირთვისას, ჰიპერემიის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ორგანული პროტეინურია ვლინდება თირკმლის დაავადებების დროს.
ნორმალურ შარდში გლუკოზის მაჩვენებელი უარყოფითი უნდა იყოს. შარდში შაქრის გამოჩენას შესაძლოა ჰქონდეს ფიზიოლოგიური და პათოლოგიური მიზეზი. ფიზიოლოგიური გლუკოზურია აღინიშნება შაქრის დიდი რაოდენობით მიღებისას. ემოციური აგზნებისას, ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენების შემთხვევაში. პათოლოგიური გლუკოზურია ვლინდება შაქრიანი დიაბეტის, ღვიძლის ციროზის, თირკმლისმიერი დიაბეტის დროს.
ნორმალურ შარდში აცეტონური სხეულები არ ვლინდება. აცეტონურია გვხვდება იმ ადამიანთა შარდშიც, რომლებიც გარკვეული ხნის განმავლობაში შიმშილობდნენ, ან აქვთ საყლაპავის სტენოზი, კუჭის კიბო, ანემიის მძიმე ფორმა, კახექსია. ცნობილია აგრეთვე შიმშილობით გამოწვეული ხანგრძლივი ღებინების შედეგად განვითარებული აცეტონურია. ამ ტიპის აცეტონურია ვლინდება შეუჩერებელი ღებინების დროს ბავშვებში და ორსულებში.
ჯანმრთელი ადამიანის შარდში ბილირუბინი არ გვხვდება. ის ჩნდება, როდესაც საქმე გვაქვს სიყვითლესთან, ღვიძლის ანთებასთან და ღვიძლის სხვადასხვა დაავადებასთან.
შარდში ლეიკოციტების დიდი რაოდენობით გამოჩენას ლეიკოციტურია ჰქვია. მისი მიზეზი შეიძლება იყოს თირკმლის და საშარდე ლორწოვანის ანთება. იგი გვხვდება პიელონეფრიტის, ცისტიტის, ურეთრიტის დროს. იმგვარადაც ხდება, რომ შარდში ბაქტერიები და ლეიკოციტები კი არის, მაგრამ პაციენტი არაფერს უჩივის. ეს უსიმპტომო ბაქტერიურიაა, რომელიც მოუწესრიგებელი სქესობრივი ურთიერთობების მიმდევარ ქალბატონებს აღენიშნებათ. ხანდაზმულებში ხშირია ასაკობრივი ცვლილებებით გამოწვეული უსიმპტომო ბაქტერიურია. იგი განსაკუთრებით საშიშია ორსულთათვის, რადგან ზრდის საშარდე გზების ინფიცირების რისკს.
საჭიროა, დავიცვათ ანალიზის აღების წესები და შესაბამისი ჩივილების შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ჩავიტარონ ანალიზები.
სალომე გორგოშიძე