გაფრთხილება მშობლებს პედიატრისგან რა არის პნევმონია, როგორ ხდება ფილტვების ანთების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ამ თემაზე პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი სოფო ჯღარკავა გვესაუბრება.
- პნევმონია, იგივე ფილტვების ანთება, არის დაავადება, რომელიც ხასიათდება ფილტვების პარენქიმული (ანუ ფილტვების რესპირატორული ნაწილების) ანთებით. განასხვავებენ პნევმონიის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. მწვავე პნევმონია კი, თავის მხრივ, იყოფა: კრუპოზულ და კეროვან ფორმებად. ცალკე გამოყოფენ ასევე, ინტერსტიციულ ფორმას, რომლის დროსაც ანთებითი პროცესი ფილტვის შემაერთებელ ქსოვილს მოიცავს. ეს ფორმა უმეტესად გრიპისა და მისი მსგავსი დაავადებების გართულებად გვევლინება. პნევმონია ადამიანისგან ადამიანს არ გადაედება, თუმცა შესაძლოა, დაავადების რომელიმე გამომწვევი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცეს.
- რა იწვევს პნევმონიას?
- პნევმონიების უმეტესობას ხანგრძლივად მიმდინარე ვირუსული ინფექციები (გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი და ა.შ.) და ბაქტერიები (პნევმოკოკი, სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი და ა.შ.) იწვევს. გარდა ამისა, დაავადების განვითარებას ხელს უწყობს: გაცივება (განსაკუთრებით – ჰაერის მომატებული ტენიანობის პირობებში), დაქვეითებული იმუნიტეტი, ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა, გულ-მკერდის ტრავმული დაზიანება, ორგანიზმის ზოგადი გადაღლა, არასრულფასოვანი კვება, თამბაქოს მოწევა, ფილტვის გადატანილი დაავადებები და ა.შ.
პნევმონიის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნებია:
ხველა ზედაპირული, აჩქარებული სუნთქვა. სუნთქვის გაძნელება; გულმკერდის რეტრაქცია; შესაძლოა ამ სიმპტომებს თან ახლდეს ტემპერატურა, კუნთების ტკივილი, მადის დაქვეითება, გუნება-განწყობის შეცვლა, სისუსტე.
ასევე შესაძლებელია პნევმონია მიმდინარეობდეს მკვეთრად გამოხატული და სპეციფიური სიმპტომების გარეშეც,რაც საწყის ეტაპზე პაციენტებისთვის შეუმჩნევლად იყოს.
პნევმონიის გართულებები:
სათანადო მკურნალობის შედეგად, პნევმონია, ჩვეულებრივ, 2-3 კვირაში სრული გამოჯანმრთელებით სრულდება, მაგრამ არასწორი ან დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება ისეთი მძიმე გართულებები განვითარდეს, როგორიცაა: აბსცესი, პლევრიტი, ფილტვის ქსოვილის სკლეროზი (პნევმოსკლეროზი), ბრონქების გაფართოება (ბრონქოექტაზები) და ა.შ. ამ გართულებათა შედეგად ირღვევა ფილტვების ვენტილაცია და აირთა ცვლა, ვითარდება ფილტვის უკმარისობა, რაც შემდეგში გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ცვლილებებსაც განაპირობებს.
დიაგნოსტიკა
პნევმონიის დიაგნოსტირება ხდება: ლაბორატორიული მონაცემებისა და რენტგენოლოგიური კვლევის საფუძველზე.
მკურნალობა:
პნევმონიას, ძირითადად, მედიკამენტური გზით მკურნალობენ.
მედიკამენტური მკურნალობის ძირითადი კომპონენტია.
ბავშვთა ასაკში პნევმონიის მკურნალობა მოიცავს:
ანტიბიოტიკოთერაპიას; ოქსიგენოთერაპიას; რეჰიდრატაციას; ტემპერატურისა და ტკივილის მართვას. პნევმონიის სამკურნალოდ ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყების ვადა და ანტიბიოტიკების შერჩევა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, ეტიოლოგიურ ფაქტორსა და დაავადების სიმძიმეზე. რა თქმა უნდა, დაუშვებელია ანტიბიოტიკების თვითნებური გამოყენება და თვითმკურნალობა.
მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, შესაძლოა, საჭირო გახდეს გამწვავების საპროფილაქტიკო თერაპია. აუცილებელია რაციონალური რეჟიმის დაწესება, რაც გულისხმობს პარკში, ტყეში და, საერთოდ, სუფთა ჰაერზე (თბილჰავიან და წიწვოვანტყიან ადგილებში) ყოფნას, სწორ სუნთქვას, სამკურნალო ფიზკულტურას და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ ზემოჩამოთვლილმა ღონისძიებებმა სასურველი ეფექტი არ მოგვცა, საჭიროა ქირურგ-პულმონოლოგთან კონსულტაცია ქირურგიული მკურნალობის შესახებ.
- საჭიროა თუ არა ჰოსპიტალიზაცია პნევმონიის დროს?
- პნევმონიის არსებობის შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი, დაავადების მიმდინარეობიდან, პაციენტის ზოგადი მდგომარეობიდან და კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემებიდან გამომდინარე.
- ბავშვობის ასაკში გადატანილი პნევმონია რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე ზრდასრულ ასაკში?
- ბავშვობის ასაკში გადატანილი, სწორად ნამკურნალები პნევმონია ზრდასრულ ასაკში პაციენტის ცხოვრების წესსა და ჯანმრთელობაზე გავლენას არ ახდენს.
რჩევები მშობლებს:
პნევმონია მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და მიუხედავ ყოველგვარი მცდელობისა, მოხდეს პნევმონიის პრევენცია, მისი გავრცელების ხარისხი მკვეთრად არ მცირდება. ამიტომ მშობლებს ყურადღება მართებთ თავიანთ პატარებთან მიმართებაში, პირველივე სიმპტომის გამოვლენისთანავე მიმართონ მკურნალ ექიმს. ყურადღება მიაქციონ თავიანთი პატარების ზოგად მდგომარეობას, აქტიურობის ხარისხს, მადას და გუნება-განწყობას. პნევმონიის არსებობის შემთხვევაში დანიშნული მკურნალობა აუცილებელია გაგრძელდეს ბოლომდე და არ შეწყდეს რომელიმე კონკრეტული სიმპტომის გაქრობისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაწყებული მკურნალობა ეფექტური არ იქნება და დაავადებისგან განკურნების პროცესი დროში გახანგრძლივდება.