”არ უნდა დაიბნეთ, არ უნდა შეაშინოთ ბავშვი თქვენი ქმედებებით...” - ექიმის რჩევები წლამდე ასაკის მშობლებს ხშირად არ აქვთ ინფორმაცია გადაუდებელი შემთხვევების შესახებ. როდესაც ფაქტის წინაშე ვდგებით, იწყება დაბნეულობა, ნერვიულობა, პანიკა. ასე რომ არ მოხდეს, საჭიროა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ მშობლებს იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცნენ გადაუდებენ სიტუაციაში. ამ თემაზე პედიატრიული პრივატ კლინიკის გადაუდებელი დახმარების სამსახურის პედიატრი, მანონი მამისაშვილი გვესაუბრება.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, მაგალითად, ცრუ კრუპის დროს?
- ცრუ კრუპი, ანუ მწვავედ მიმდინარე მასტენოზებელი ლარინგოტრაქეიტი - ვითარდება ზედა სასუნთქი ინფექციების დაავადებების დროს, ძირითადად 6 თვიდან 5 წლამდე ასაკში გვხვდება.
ცრუ კრუპს ახასიათებს ხმის ტემბრის შეცვლა, მყეფავი ხასიათის ხველა და სუნთქვის გაძნელება (განსაკუთრებით ჩასუნთქვა), შესაძლებელია მაღალი ტემტერატურაც. უპირატესად გამთენიისას ბავშვს ეწყება ყეფის მაგვარი ხველა, უჰაერობა. შეწუხებული საწოლში წამოჯდება და ჭირვეულობს. ბავშვის ეს მგდომარეობა მშობელში პანიკის საფუძველია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიბნეთ, არ უნდა შეაშინოთ ბავშვი თქვენი ქმედებებით, პირიქით, უნდა ეცადოთ რომ არ იტიროთ და დაამშვიდოთ. პარალელურად აუცილებლად უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
- როგორ უნდა იმოქმედოს მშობელმა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე?
- პირველ რიგში უნდა შეუქმნათ მშვიდი და კომფორტული გარემო, დავამშვიდოთ ბავშვი, მას იმის გამო, რომ უჭირს სუნთქვა, ეწყება პანიკა, აგზნებულია, ჭირვეულობს, ისტერიკა დამატებით სპაზმს იწვევს, რაც ამძიმებს მდგომარეობას.
მივაწოდოთ სუფთა ჰაერი, თუ ზამთარია და ყინავს, ფანჯარა გამოვაღოთ მეორე ოთახში, რადგან ცივი ჰაერი თვითონვე იწვევს სპაზმს.
დავალევინოთ თბილი სითხეები (ჩაი, რძე, უგაზო მინერალური სითხეები). უმჯობესია ტუტოვანი ხსნარის მიცემა, მაგ: ბორჯომიანი რძე, თუ ბავშვი ვერ სვამს, მივაწოდოთ კოვზით. სასწრაფოს მოსვლამდე დაიწყეთ ინჰალაცია ფიზიოლოგიური ხსნარით. თუ არ გვაქვს საინჰალაციო ხსნარი, ბავშვი ხელში ავიყვანოთ და ორთქლიან ქვაბთან ქოლგის ქვეშ დავაყენოთ რამდენიმე წუთი. ფეხებსა და ხელისგულებზე გავუკეთოთ თბილი აბაზანა. დავატენიანოთ ოთახი - გაზქურაზე აადუღეთ სოდიანი წყალი და დაელოდეთ, ვიდრე ორთქლი არ დატრიალდება ოთახში. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ხორხიდან სისხლის უკუდინებას და ამცირებს შეშუპებას.
- შესაძლოა, რომ კრუნჩხვა წლამდე ასაკის ბავშვს დაემართოს?
- დიახ, შესაძლებელია ფებრილური გულყრა წლამდე ასაკის ბავშვს დაემართოს. ეს ძალიან ცუდი საყურებელია მშობლისთვის, რომელმაც არ იცის, რა უნდა გააკეთოს. ფებრილური გულყრა (კრუნჩვა) არის თავის ტვინში ცხელების ფონზე აღმოცენებული პათოლოგიური ელექტრონული აქტივობის შეკავება, რომელსაც ახასიათს გონების კარგვა, უცნაური ქცევები ან მოძრაობები. ფებრილური გულყრა გვხვდება 6 თვიდან 6 წლამდე ასაკში მაღალი ტემპერატურის ფონზე. ფებრილური გულყრის დროს ბავშვი კარგავს გონებას, აღენიშნება კიდურების უნებლიე მოძრაობები, რაც გრძელდება 15 წამიდან 1-2 წუთამდე. გულყრის შემდეგ ბავშვი არის შეშინებული,მოთენთილი და შეიძლება ჩაეძინოს. თუ ბავშვი ასეთ მდგომარეობაშია აუცილებლად უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე?
- უპირველესად თავი აიყვანეთ ხელში და ნუ აჰყვებით პანიკას, რადგან ფებრილური გულყრა სიცოცხლისათვის საშიში არ არის. არავითარ შემთხვევაში ბავშვს არ დაუწყოთ ნჯღრევა და სახეში წყლის შესხმა. ნუ ჩაუყოფთ პირში ხელებს ენის დასაჭერად, ენის გადაყლაპვა მითია. არ გააღებინოთ ზეწოლით ან რაიმე საგნით პირს, რადგან შესაძლებელია ტრავმა მიაყენოთ ბავშვს. ნუ ეცდებით უნებლიე მოძრაობების ზეწოლით შეჩერებას. პირველ რიგში გამოაღეთ ფანჯარა, მიაწოდეთ სუფთა ჰაერი. დააწვინეთ ბავშვი მყარ ზედაპირზე, მარჯვენა გვერდზე, რათა თავიდან ავიცილოთ საკვები მასების გადაცდენა. შეუხსენით ტანსაცმელი და გამოიყენეთ ტემპერატურის დაწევის ფიზიკური მეთოდები. სიცხის დამწევი გამოვიყენოთ მხოლოდ გულყრის დამთავრების შემდეგ. დაინიშნეთ დრო, თუ რამდენ ხანს გაგრძელდა გულყრა. ამ დროს მშობლელს წუთები საათებად ეჩვენება, მაგრამ ხანგრძლივობას დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი დიაგნოზისთვის.
- როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბავშვს რაიმე გადასცდა?
- ყველაზე ხშირად უცხო სხეული გვხვდება ზედა სასუნთქ გზებში - ხახის ზედა ნაწილებში, მაგრამ ამოხველების დროს შესაძლებელია გაიჭედოს ხორხში, ტრაქეაში ან ბრონქებში. ყველაზე ხშირად ბავშვებს გადასცდებათ ხოლმე მაგარი კანფეტები, პატარა სათამაშოები,მცენარის თესლები,მონეტები და ა.შ. ამ დროს ბავშვს უეცრად ეწყება ხველა მოუსვენრობა, მოხრჩობის შეგრძნება, ვიზინგი.
- როგორ უნდა მოვიქვეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე?
- წლამდე ასაკის ბავშვი უნდა მოთავსდეს მშობლის მკლავზე სახით ქვემოთ, შემდეგ ბეჭის ძვლებს შორის უნდა მოხდეს 4-5ჯერ ზეწოლა (დარტყმა). გადმოვატრიალოთ ბავშვი, ფრთხილად გავუღოთ პირი, თითით დავიჭიროთ ენა და ზედა ყბა ზემოთ წამოვუწიოთ, თუ პირის ღრუში უცხო სხეული ამოგდებული აქვს, ფრთხილად ამოვუღოთ. ამ დროს პარალელურად უნდა ვაკონტროლოთ სუნთქვა, თუ სუნთქვის სიხშირე კლებულობს, ბავშვი დავაწვინოთ ზურგზე და გულმკერდზე უნდა მოხდეს ისეთი ზეწოლები, როგორც გულ-ფილტვის რეანიმაციის დროს არის საჭირო.
ნებისმიერ შემთხვევაში, მშობელი უნდა იყოს ძალიან მობილიზებული. საჭიროა საოჯახო აფთიაქში მომარაგებული გქონდეთ ყველა ის მედიკამენტი, რომელიც აუცილებელია გადაუდებელი დახმარების დროს. ამის შესახებ აუცილებლად გაესაუბრეთ ბავშვის პედიატრს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რადგან ექიმის მოსვლამდე თქვენზეა დამოკიდებული თქვენი პატარას ჯანმრთელობა.
სალომე გორგოშიძე