კარგი იქნება, თუ ბავშვს კურორტს მისი ჯანმრთელობის პრობლემის შესაბამისად შევურჩევთ მიუხედავად იმისა, რომ წელიწადის ყველაზე უდარდელი და თავისუფალი დროა, თურმე ზაფხულის დაგეგმვა და ბავშვის ჯანმრთელობაზე სწორად მორგებაა აუცილებელი... ხშირად მშობლები პატარას დასასვენებელ ადგილს მხოლოდ საკუთარი ან ბავშვის სურვილის მიხედვით არჩევენ. საკითხი არც ისე მარტივი და "უდარდელია" - ზაფხული რომ ბავშვის გასაჯანსაღებლად გამოვიყენოთ, ამისათვის პროცესში ექიმი-პედიატრის ჩართვაა საჭირო... აუცილებელ ინფორმაციასა და რეკომენდაციებს ბავშვის ეფექტიანი დასვენების შესახებ, მშობლებს ექიმი-პედიატრი, თამარ დავითაშვილი აძლევს.
- საერთოდ, კარგი იქნება, თუ ბავშვს კურორტს მისი ჯანმრთელობის პრობლემის შესაბამისად შევურჩევთ. გასათვალისწინებელია ისიც, თუ რამდენად დატვირთულია ბავშვი წლის მანძილზე. ჯანმრთელი ბავშვებისთვის, უმჯობესია, საკურორტო სეზონი მთის კურორტებიდან დავიწყოთ და შემდეგ ზღვის კურორტებზე გადავინაცვლოთ. ზღვის დონიდან დაშორების მიხედვით მაღალ, საშუალო და დაბალ მთის კურორტებს განასხვავებენ. ერთ წლამდე ასაკის პატარასთვის კლიმატის გამოცვლა აუცილებელი არ არის, თუმცა, მათი ქალაქიდან გაყვანის შემთხვევაში არჩევანის შეჩერება დაბალი მთის კურორტზე ჯობს. ასეთ ადგილებში ჰავა ბარსა და მთას შორის გარდამავალია. შესაბამისად, ორგანიზმზე ძლიერ ზემოქმედებას არ ახდენს და არც შეგუების პროცესია რთული. სწორედ ამ უპირატესობის გამო ასეთ კურორტებზე წლამდე ასაკის ბავშვების წაყვანაც თამამად შეიძლება. ხელსაყრელ კლიმატურ პირობებთან ერთად აქ მინერალური წყლებიცაა. მათ შორისაა: ბორჯომი, სურამი, ქვიშხეთი, ახალდაბა, საირმე. რამდენიმე დაბალმთიანი კურორტი თბილისის მახლობადაც მდებარეობს: წყნეთი, კოჯორი, კიკეთი, მანგლისი. დაბალი მთის კურორტებზე განსაკუთრებით რეკომენდებულია ისეთი პატარების დასვენება, რომლებსაც ბრონქოადენიტი, ლიმფადენიტი, ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზი, ბრონქული ასთმა, ჰოპოქრომული ანემია, რაქიტი, კუჭ-ნაწლავის დაავადებები ან ნერვული სისტემის ფუნქციური მოშლილობა აქვთ.
- რას ურჩევთ დედებს, ვისი შვილებიც ხშირი ავადობით გამოირჩევიან?
- ასეთი ანუ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ბავშვებისთვის, მთის კლიმატური პირობებია საუკეთესო. მაღალი მთის კურორტების ჰავა საუკეთესოა ორგანიზმის გასაკაჟებლად. ასეთია, მაგალითად, ბახმარო. ეს ადგილი ზღვასთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ, ჰავა ზღვის კლიმატთანაა შეზავებული, რაც მას არბილებს და განსაკუთრებულ თვისებებს სძენს. ბახმაროს ჰავას ყველა ასაკის ბავშვი კარგად იტანს. აქ ძირითადად, ის პატარები მიჰყავთ, ვისაც ქრონიკული ბრონქიტი, მშრალი პლევრიტი, ლიმფადენიტი, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ბრონქული ასთმა ან ანემია აქვთ. ბახმაროს ჰავა კარგია მძიმე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გამოჯანმრთელების პერიოდში. საშუალო მთის კურორტებია: წაღვერი, ცემი, ბაკურიანი, წყნეთი, კიკეთი, მანგლისი, კოჯორი, აბასთუმანი, შოვი, ლებარდე, ფასანაური, გომბორი, ტბა (ბაკურიანთან). მათ ტყის დიდი მასივები აკრავს გარს, რომლებიც ჰაერს ოზონით ამდიდრებს. საშუალო მთის კლიმატი ფილტვის ტუბერკულოზს, ბრონქულ ასთმასა (მსუბუქ ფორმას) და ალერგიულ დაავადებებს ებრძვის.
- გაჯანსაღების ეფექტის მისაღწევად მინიმუმ, რამდენი ხნითაა რეკომენდებული ბავშვის კურორტზე გაჩერება?
- ახალ გარემო პირობებთან შეგუების პროცესი თითქმის ყველა ბავშვისთვის ერთი და იგივეა. აკლიმატიზაციის პროცესი სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს, თუმცა ძირითადი ნიშნები ერთნაირია. ეს გახლავთ სუბფებრილური სიცხე, ჭირვეულობა, მოუსვენრობა, უმადობა და უძილობა. მშობლები ამისთვის მზად უნდა იყვნენ. სასურველია, გამგზავრებამდე ბავშვის პირად პედიატრთან ერთად გადაწყვიტონ, სად ჯობს ბავშვის წაყვანა. აკლიმატიზაციის პროცესის გასაადვილებლად, კარგი იქნება, თუ კურორტზე ერთ თვეს მაინც დავყოფთ. არცთუ იშვიათად, მშობლები ცდილობენ, ათ დღეზე მეტ ხანს არ დარჩნენ ამა თუ იმ ადგილას, სურთ, ბავშვის წაყვანა მთაშიც მოასწრონ და ზღვაზეც. მოკლე დროში ორი განსხვავებული კლიმატის გამოცვლა კი დიდად სასარგებლო არ არის. პატარას ორგანიზმს ერთ ადგილას არ აქვს შეგუების პროცესი დასრულებული, როცა უკვე გამგზავრება და განსხვავებულ კლიმატთან შეგუება უწევს. გამოდის, ბავშვი მთელი თვე შეგუების პროცესშია და მისი ნორჩი ორგანიზმი დასვენების ნაცვლად, სტრესს განიცდის. მინდა, მშობლებს რამდენიმე ზოგადი რეკომენდაციაც შევთავაზო: მიეცით თქვენი შვილის ტვინს დასვენების საშუალება - შეწყვიტეთ მეცადინეობა, შეუცვალეთ გარემო. რაც შეიძლება მეტად გაზარდეთ ბავშვის ფიზიკური აქტივობა - სეირნობა სუფთა ჰაერზე, სირბილი, ხტომა, ცურვა, ველოსიპედი. უმჯობესია კვება მხოლოდ მადის მიხედვით - არანაირი იძულება და ძალდატანება!
- დასასვენებლად წასვლისას რა უნდა იქონიოს მშობელმა სამედიცინო ჩანთაში?
- აუცილებელია: ბამბა, ბინტი, ბრილიანტის მწვანე, სიცხის დამწევი საშუალებები, ფხვნილი ელექტროლიტური ხსნარის მოსამზადებლად (რეჰიდრონი), ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები პედიატრის რეკომენდაციით, ერთჯერადი ლეიკოპლასტირი და მზისგან დამცავი საშუალებები.
- რა ასაკიდან შეიძლება ბავშვის წაყვანა ზღვის კურორტებზე?
- სამი წლიდან ბავშვი უკვე შეგვიძლია დავასვენოთ როგორც მთის, ასევე ზღვის კურორტებზე. ამ ასაკში შეგვიძლია, ის ზღვაშიც ვაბანაოთ, წყლის ტემპერატურა 24-25 გრადუსი უნდა იყოს. პირველი ბანაობის ხანგრძლივობა 3-5 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. დღიდან დღემდე ამ დროის გაზრდა 7-10 წუთამდე შეიძლება.
- გავრცელებული აზრით, ბავშვისთვის განსაკუთრებული სამკურნალო ეფექტით ზღვის კურორტებს შორის ურეკი გამოირჩევა. რა სამკურნალო თვისებები აქვს ურეკის ქვიშას?
- საერთოდ, ბავშვის წაყვანა ისეთ ზღვის კურორტზეა სასურველი, სადაც სამკურნალო ეფექტი მარილიან წყალს, მზესა და მაგნიტურ ქვიშას აქვს. ასეთი ადგილი კი საქართველოში - ურეკია. მისი ძირითადი მინერალები შესანიშნავ სამკურნალო ეფექტს იძლევა ძვალსახსროვანი და ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიებისას. ქვიშა დიდხანს ინარჩუნებს სითბოს, თანაბრად გადასცემს სითბოს სხეულის ზედაპირს და აფართოებს სისხლძარღვებს, რის შედეგადაც ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების კვება უმჯობესდება. ასევე, მექანიკურ, მასაჟისებურ ზემოქმედებას ახდენს სისხლძარღვებსა და ლიმფურ სისტემაზე. ქვიშის თბილ აბაზანებს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც აქვს. თვით ზღვის წყალი ნივთიერებათა ცვლასა და ენდოკრინული სისტემის მუშაობას აწესრიგებს, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემასა და ინტელექტზე, ზრდის ჰემოგლობინის დონეს, ახდენს ბრონქებისა და ფილტვების პროფილაქტიკას.
- რა უნდა გაითვალისწინოს ზღვაზე ყოფნისას მშობელმა, რომ ეს პერიოდი ბავშვისთვის უფრო მეტად კომფორტული იყოს?
- ბავშვმა, ისევე, როგორც მოზრდილმა, თავდაპირველად მზეზე ძალიან მცირე დრო უნდა გაატაროს. მზის სხივების შესაჩვევად, თავდაპირველად, პლაჟზე მხოლოდ ათი წუთით უნდა გავიყვანოთ. ეს დრო თანდათან გავზარდოთ. ბავშვის კომფორტისთვის აუცილებელია, ქვიშა სუფთა იყოს. სასურველია, ის საშუალო ზომის საცერში გაიცრას. კარგი იქნება, თუ დილით ადრე გაცრილ ქვიშაში ორმოს გავაკეთებთ. 10-11 საათისთვის, როცა უკვე 50-55 გრადუსამდე გათბება, ბავშვს ორმოში ჩავსვამთ და კისრამდე ცხელ ქვიშას დავაყრით. ბავშვის თავის მზისგან დასაცავად, ქუდი ან ქოლგაა საჭირო. პროცედურის ხანგრძლივობა ერთი წუთიდან იწყება და 5-15 წუთამდე ადის. პროცედურის შემდეგ სხეულიდან ბავშვს ქვიშას ჩამოვუბერტყავთ, ზეწარს შემოვახვევთ და 10-15 წუთი ჩრდილში დავაწვენთ, შემდეგ კი თბილ წყალს გადავავლებთ. მკურნალობის კურსი 10-15 ამგვარ აბაზანას მოიცავს.
- რამდენად აუცილებელია, ბავშვს მზისგან დამცავი კრემი წავუსვათ?
- ბავშვისთვის გარუჯვის საწინააღმდეგო სპეციალური საბავშვო კრემი, რომლის დამცავი ინდექსი 20-30-ს მაინც უტოლდება, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მისი წასმა ყოველი ბანაობის შემდეგაა სასურველი. გასათვალისწინებელია, რომ პატარას არ შეიძლება წავუსვათ მოზრდილისთვის განკუთვნილი კანის მოსავლელი საშუალებები. ამან შესაძლებელია, კანის გაღიზიანება და ალერგია გამოიწვიოს. გარდა კრემისა, პატარას ზღვაზე მზის ქუდი ესაჭიროება. უმჯობესია, ქუდი თეთრი იყოს: ის უკეთესად ირეკლავს მზის სხივებს. ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია ასევე, სათვალე, რომლის გარეშეც, ადვილი შესაძლებელია, ბავშვს მხედველობა დაუზიანდეს: მზის სხივები აგრესიულად მოქმედებს თვალის ბროლზე და მის შემღვრევას, კატარაქტას იწვევს. უმჯობესია, შერჩევისას უპირატესობა ყვითელმინიან სათვალეს მივანიჭოთ.
შორენა ლაბაძე
ჟურნალი "გზა"