პრაქტიკულად ბავშვის მოვლის თითქმის ყველა საშუალებაში შედის – ამ ნივთიერებას ამოიკითხავთ საბავშვო კოსმეტიკაზე, კბილის პასტაზე, სველ ხელსახოცებზე, შამპუნებზე დღევანდელ დაბინძურებულ გარემოში გადარჩენა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ადაპტირება რეალობასთან და ყოველთვის სწორი გადაწყვეტილების მიღება ყველაზე რთული მშობლებისთვის არის. ყველა მშობელი ცდილობს, თავის შვილებს მაქსიმალურად ჯანსაღი გარემო შეუქმნას, გულმოდგინედ არჩევს საკვებს, ჩასაცმელს, მოვლის საშუალებებს და ვალდებულია, არასდროს არ მოდუნდეს, არ გამოეპაროს ვადაგასული, გაფუჭებული, უხარისხო, მავნე თუ ათასი ქიმიური ნივთიერების შემცველი პროდუქცია. რასაკვირველია, ეს არ არის იოლი, მაგრამ შვილების ჯანმრთელობაზე მზრუნველ მშობლებს სხვა არჩევანი არც აქვთ.
ამჯერად თქვენი ყურადღება გვინდა შევაჩეროთ ერთ მავნე ნივთიერებაზე, რომელიც შეიძლება ჯერ არ აღმოგიჩენიათ, არადა, საკმაოდ გავრცელებულია და ყველაზე ხშირად სწორედ ბავშვთა პროდუქციაში (მოვლის საშუალებებში) გვხვდება.
პარაბენები ქიმიური კონსერვანტებია, რომლებიც დღესდღეობით პრაქტიკულად ბავშვის მოვლის თითქმის ყველა საშუალებაში შედის – ამ ნივთიერებას ამოიკითხავთ საბავშვო კოსმეტიკაზე, კბილის პასტაზე, სველ ხელსახოცებზე, შამპუნებზე და ა.შ. ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ ყოველთვის დააკვირდით, რომ პარაბენები არ იყოს თქვენ მიერ განსაკუთრებით ბავშვისთვის შეძენილ ნივთში.
მაინც რა არის პარაბენები და რატომ არის ასეთი საშიში?
პარაბენები პარა-ჰიდროქსიბენზოინის მჟავის რთული ეთერია, რომელსაც ფართოდ იყენებენ კონსერვანტების სახით კოსმეტიკურ, ფარმაცევტულ და საკვებ წარმოებაში. ამ ნივთიერების პოპულარობა იმით აიხსნება, რომ ძალიან ეფექტურია როგორც კონსერვანტი, დაბალი ღირებულება აქვს, უკვე მრავალი წელია იყენებენ და ალტერნატიული ბუნებრივი კონსერვანტები, მაგალითად გრეიპფრუტის თესლების ექსტრაქტი არ არის ასეთივე ეფექტური.
თუმცაღა ამ ნივთიერების გამოყენების უსაფრთხოება უკვე მრავალმა მეცნიერმა და ექიმმა დააყენა ეჭვქვეშ.
საქმე ის არის, რომ დღეს გამოყენებული ყველა კომერციული პარაბენი სინთეტიკურად იწარმოება. მათ იღებენ პარა-ჰიდროქსიბენზოინის მჟავის ეთერიფიკაციით შესაბამის სპირტთან ერთად და ბევრ მავნე ნივთიერებას იყენებენ საბოლოო შედეგის მისაღებად. ყველაზე გავრცელებული პარაბენებია მეთილლპარაბენი (საკვები დანამატის კოდი E218), ეთიპარაბენი (E214), პროპილპარაბენი (E216) და ბუთილპარაბენი. იშვიათა გვხვდება იზობუთილპარაბენი, იზოპროპილპარაბენი, ბენზილპარაბენი (E209).
რას იწვევს ეს ნივთიერება? როგორც მეცნიერებმა გამოიკვლიეს, პარაბენებს შეუძლია გამოიწვიოს საკმაოდ მწვავე ალერგიული რეაქციები, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც გაღიზიანებული აქვთ კანი ან ალერგიისადმი არიან მიდრეკილნი.
რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ საკმაოდ ახლო კავშირია პარაბენებსა და მკერდის სიმსივნეს შორის – პარაბენების დიდი შემცველობა აღმოჩნდა სიმსივნურ ადენომაში.
არსებობს ასევე მოსაზრება, რომ პარაბენებს შეუძლიათ ორგანიზმში დაგროვდნენ და დაარღვიონ ჰორმონალური წონასწორობა, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ბავშვებში ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას და უფროს ასაკში სარძევე ჯირკვლის სიმსივნის რისკის გაზრდას. ორსულობის დროს კი პარაბენებმა შეიძლება გამოიწვიონ ნაყოფის რეპროდუქტიული სისტემის დარღვევა.
ცნობისათვის, 2010 წლის დეკემბრიდან, ევროკავშირის სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციით, კოსმეტიკაში მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს პარაბენების შემცველობა. 2011 წელს დანია პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც აკრძალა პარაბენების დამატება 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ საშუალებებში.