"ძალიან ბევრი მშობელი რისკავს" ბავშვს სტომატოლოგთან მკურნალობისას ხშირად ანესთეზია სჭირდება. თუნდაც კბილის ამოღება საჭირო არ იყოს, მტკივნეული პრცედურის შესრულებას ექიმი გაუტკივარებით არჩევს, რათა ბავშვს მომავალში კბილის ექიმის მიმართ შიში არ გაუჩნდეს. მითუმეტეს, კბილის ამოღება ანესთეზიის გარეშე შეუძლებელია. პრობლემებიც აქ იწყება - საანესთეზიო ნივთიერებები ალერგიის მაღალ რისკს შეიცავს და თუ ეს პროცესი განვითარდა, შეიძლება უბედურებით დასრულდეს. ამიტომაც ანესთეზიმდე სპეციალური სინჯის გაკეთებაა საჭირო, რომელიც წინასწარ დაადგენს, აქვს თუ არა ამა თუ იმ ნივთიერებაზე ბავშვს ალერგია.
სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მშობელი რისკავს და ექიმს სინჯის გარეშე სთხოვს ანესთეზიით კბილის ამოღებას. ბოლო დროს კი ალერგიული ფონი იმდენად მომატებულია, რომ სტომატოლოგები დედებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
მშობლები ხშირად მიმართავენ სტომატოგოლს და სთხოვენ სინჯის გარეშე გაუკეთდეს ბავშვს ანესთეზია. დაშვებულია თუ არა სინჯის გარეშე ანესთეზიის გაკეთება და რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ამან? ამ თემაზე გვესუბრა ბავშვთა სტომატოლოგი თეა კანდელაკი
- რომელი ასაკიდან არის ბავშვებში დაშვებული სტომატოლოგთან ანესთეზიის გაკეთება?
- ანესთეზიის გაკეთება დაშვებულია ნებისმიერ ასაკში, რამდენადაც საჭიროება მოითხოვს. ეს არ არის ასაკობრივი პრობლემა.
- რა წესები უნდა იქნას დაცული, რომ ნემსს ალერგიული რეაქცია არ მოჰყვეს?
- სანამ ანესთეზია გაკეთდება, აუცილებელია სინჯის აღება, რომ დაზღვეული ვიყოთ უარყოფითი შედეგებისგან. ექიმმა სინჯის გარეშე არ უნდა მიიღოს პაციენტი, არც მცირე და არც ზრდასრულ ასაკში.
სასურველია სინჯი 6 თვეში ერთხელ გაკეთდეს, რადგან საკმაოდ დაბინძურებულია გარემო, საკვები პროდუქტი. ბოლო წლებში ძალიან იმატა ალერგიულმა ფონმა.
ჩემს პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როცა მშობელს სინჯს ვთხოვ, იწყება მუდარა "მე ვიღებ ჩემს თავზე, რომ არაფერი მოუვა", "გთხოვთ, გაუკეთეთ, არ არის ალერგიული" და ა.შ. მშობელს ჰგონია, რომ ალერგიულ რეაქცას მარტო საკვები იწვევს. არიან მშობლები, რომლებსაც ვითანხმებ სინჯის აღებაზე, თუმცა ისეთებიც არიან, რომლებსაც ვერაფერს ვაგებინებ. მინდა ყველა დედას ვუთხრა, ექიმმა რომც გარისკოს, თქვენ ნუ გარისკავთ თქვენი შვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ღმერთმა დაიფაროს, თუ განვითარდაა ანაფილაქსური შოკი, უფლის გარდა ვერავინ უშველის პაციენტს. ამ დროს ძალიან სწრაფად ვითარდება საყლაპავი, სასუნთქი გზების შეშუპება და მომენტალურად შეიძლება დაიღუპოს ადამიანი. ანაფილაქსი თუ განვითარდა, სასწრაფო ვერ მოუსწრებს ბავშვს, საშველი თითქმის აღარ არსებობს. ერთი სინჯის გაკეთების გამო არ ღირს სიცოცხლის გარისკვა.
- თქვენი ან თქვენი კოლეგების პრაქტიკაში თუ ყოფილა შემთხვევა როცა გაუფრთხილებლობამ სავალალო შედეგი გამოიწვია?
- სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ყოფილა და ხშირად არც ხმაურდება. არის მშობლების კატეგორია, რომელიც მალავს შვილის სხვა დაავადებებს. არის დაავადებები რომელიც უნდა გაითვალისწინოს სტომატოლოგმა და პაციენტს შეურჩიოს ანესთეტიკი. მოვუწოდებ მშობლებს, გაითვალისწინონ შვილების ჯანმრთელობა, აქ ლაპარაკი არ არის კბილის დაკარგვაზე. ერთ კბილს როგორმე შეველევით, მაგრამ როცა საქმე სიცოცხლეს ეხება, არ ღირს გარისკვა. თუ რაიმე დაავადება აქვს გადატანილი ბავშვს, მშობელმა აუცილებლად უნდა გააფრთხილოს ექიმი, რათა შევურჩიოთ სწორი მკურნალობის კურსი და პრეპარატები.
- მხოლოდ ერთი, სტანდარტული სინჯი არსებობს თუ არის მათ შორის უფრო ან ნაკლებაბდ სანდო?
- მე უპირატესობას ვანიჭებ კანის სინჯს ანუ ალერგო დიაგნოსტიკურ სინჯს, რომელიც ზუსტ და უტყუარ პასუხს იძლევა. ჩემს პაციენტებთან კატეგორიული მოთხოვნა მაქვს, გაიკეთონ ეს სინჯი. ორის, შესასხურებელ, სპრეი საშუალებების გამოყენებაც არ შეიძლება სინჯის გარეშე, რადგან ისიც შეერევა ნერწყვში და შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს.
- რამდენად დასაშვებია სახლის პირობებში "ლიდოკაინის" შესხურება?
- სამწუხაროდ სარძევე კბილების ამოღების დროს ზოგიერთი მშობელი ბავშვს ასხურებს ლიდოკაინს, რომელიც საკმაოდ ადვილად შეიწოვება ორგანიზმში, ამიტომ ყოვლად დაუშვებელია ასე დაუდევრად, სინჯის გარეშე მისი შესხურება.
- მშობლები შვილებს სარძევე კბილებს ხშირად სახლის პირობებში ძაფით უღებენ. რამდენად გამართლებულია ეს მეთოდი?
- თუ სარძევე კბილი მორყეულია, სახლის პირობებში მისი ამოღება დაშვებულია. ამას არანაირი გართულება არ მოჰყვება.
- ზოგიერთ მშობელს მიაჩნია, რომ სარძევე კბილებს, რომელიც ისედაც უნდა მოიცვალოს ბავშვმა არ სჭირდება მკურნალობა.
- ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან სარძევე კბილების ქვემოთ არის მუდმივი კბილის ჩანასახები. დროებითი, გაფუჭებული კბილების მეშვეობით შესაძლოა ინფექცია წავიდეს და ჩანასახი ისე დააზიანოს, რომ მუდმივი კბილი საერთოდ აღარ ამოვიდეს. ასე, რომ აუცილებელია როგორც მუდმივი ისე სარძევე კბილების მკურნალობა.
- სტომატოლოგიური კლინიკები თუ არიან მზად გართულებული ალერგიული რექციის დროს პირველადი დახმარება აღმოუჩინონ პაციენტს?
- არ მოგატყუებთ, ყველა სტომატოლოგს გვაქვს ფორმულასავით რა უნდა გაკეთდეს პირველივე წუთებში, მაგრამ ვიმეორებ, ანაფილაქსური შოკის დროს, რომელიც ძალიან ხშირად ვითარდება, თუ რაღაც უდიდეს კლინიკაში არ ხდება ეს, თუ საოპერაციოში არ გადაიყვანე მაშინვე, თითქმის შეუძლებელი პაციენტის შველა. ანაფილქსური შოკის დროს მომენტალურად იგუდება ადამიანი. სასწრაფოც ვერ ასწრებს მისვლას. მინიმალურ ვადებში ხდება ყველაფერი, ამიტომ თავიდანვე უნდა გაფრთხილდნენ მშობლები. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი სტომატოლოგი რისკავს, ეს რისკი ჩემთვის ყოვლად გაუმართლებელი და გაუგებარია.