როგორი ტემპერატურა უნდა იყოს ამ დროს სახლში და რას მივაქციოთ ყურადღება - პედიატრის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე ბავშვთა რომელი დაავადებები აქტიურდება შემოდგომაზე და როგორ უნდა ავიცილოთ ისინი თავიდან? ამ და სხვა აქტუალურ შეკითხვებზე პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი ხატია შუკაკიძე გვიპასუხებს:
- ბავშვთა რომელი დაავადებები აქტიურდება შემოდგომაზე?
- შემოდგომის პერიოდი გამოირჩევა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების ინტენსივობის მატებით. სასუნთქი სისტემის პათოლოგიას ორგანიზმში სხვადასხვა ვირუსული ინფექციები, მათ შორის უპირატესად გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი და სხვა იწვევენ. პარაგრიპით უმეტესად სკოლამდელი ასაკის ბავშვები ავადდებიან, მათ შორის - ერთ წლამდე ასაკის პატარებიც. ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით გადაედება. ვირუსი გარემოში გამოიყოფა ხველის, ცემინების დროს ლორწოს წვეთებთან ერთად, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით - დაავადების პირველ 2-3 დღეს. პარაგრიპული ინფექცია სპორადული შემთხვევებისა და მცირე აფეთქებების სახით გვხვდება. ავადობა იმატებს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. თუ გრიპის ეპიდემიამ არ იფეთქა, ოქტომბერ-დეკემბერში მწვავე რესპირაციულ დაავადებათა 40% პარაგრიპით არის განპირობებული.
სასუნთქი სისტემის პათოლოგიებიდან აგრეთვე ბრონქიოლიტს ახასიათებს პიკი შემოდგომის პერიოდისთვის. შეგახსენებთ, რომ ბრონქიოლიტით ავადდებიან 2 წლამდე ასაკის ბავშვები და გულისხმობს ბრონქიოლებისა და წვრილი ბრონქების გენერალიზებულ ობსტრუქციულ დაზიანებას. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ასევე მწვავდება წყლულოვანი დაავადებებიც. სამწუხაროდ, წყლულოვანი დაავადება ბავშვებშიც გვხვდება. 6-დან 10 წლამდე ბიჭებსა და გოგონებში - ერთნაირი სიხშირით, 10 წლიდან კი ბიჭებში უფრო მეტად. დაავადების სეზონური გამწვავების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, რაც მოიცავს გამოკვლევებსა და მკურნალობის შესაბამის კურსს.
შემოდგომა საყურადღებოა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვისაც, რადგან ქრონიკულ დაავადებების უმეტესობა, სეზონურ ხასიათს ატარებს და მწვავდება ამ პერიოდისათვის. შემოდგომის ალერგია ამგვარი ტერმინიც კია მიღებული საერთაშორისო პრაქტიკაში,რაც თავის მხრივ მოიცავს :ალერგიას ამბროზიის მტვერზე,ალერგიას მტვრის ტკიპებზე და ძირითადი გამოხატულება აქვს ალერგიული რინიტის, კონიუნქტივიტის, ცემინების, ხველის სახით.ბევრი ადამიანი წლის ცივი სეზონის დადგომას არც თუ ისე მარტივად ხვდება,წინ გრძელი და ცივი ზამთარის მოლოდინი ზოგ ადამიანს დეპრესიაშიც კი აგდებს,ასე რომ შემოდგომა ბევრი ადამიანისთვის მელანქოლიის და დეპრესიის მიზეზი ხდება.დეპრესია არც თუ ისე მარტივი პრობლემაა რაც კომპლექსურ მკურნალობას და დახმარებას მოითხოვს.
- როგორი ტემპერატურა და ტენიანობა უნდა იყოს სახლში, გარემოში სადაც ბავშვი დღის უმეტეს ნაწილს ატარებს?
- ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია დაიცვათ მისი ინდივიდუალური ჰიგიენა, შეუქმნათ საკუთარი მიკროკლიმატი და გამოუმუშაოთ ჰიგიენური ჩვევები. ბავშვებისთვის ყველაზე ოპტიმალურ ტემპერატურად მიღებულია 18-22 გრადუსი, ხოლო ტენიანობის ნორმად მიღებულია 60-65%. ასევე ყურადღება მიაქციეთ, რომ ხშირად ნიავდებოდეს ბავშვის ოთახი, არ ჩააცვათ ბავშვს ზედმეტად თბილად.
- პროფილაქტიკის მიზნით რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა, რომ ბავშვი მომზადებული შეხვდეს ვირუსებს და ადვილად დაძლიოს?
- პირველ რიგში დიდი ყურადღება მიაქციეთ თქვენი პატარას ჰიგიენას, დაიბანეთ ხელები მასთან ერთად ხშირად და აუხსენით ამ პროცედურის აუცილებლობა და სიკეთე. ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი. თუკი ოჯახში რომელიმე წევრს აქვს ავადობის რაიმე სიმპტომატიკა, მოარიდეთ თქვენი პატარა მას, დააძინეთ სხვა ოთახში. მოარიდეთ ბავშვი ზედა სასუნთქი გზების ინფექციით დაავადებულ პირებს, არ გაუშვათ ბაღში ავადობის პერიოდში, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება.
უკვე მთელ მსოფლიოში დამკვიდრდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომლის პროფილაქტიკური ეფექტურობის კოეფიციენტი თითქმის 95%-ია.
შემოდგომა-ზამთრის პერიოდი საკმაოდ დატვირთულია განსაკუთრებით სასკოლო ასაკის ბავშვთა ცხოვრებაში.ზაფხულის არდადეგების შემდეგ მათ უწევთ დატვირთულ რეჟიმთან და რუტინასთან ადაპტირება. იმუნური სისტემის ამაღლებისთვის ჯანსაღ საკვებთან, ძილის სწორ რიტმთან ერთად აუცილებელია ფიზიკური აქტივობა და ცხოვრების ჯანსაღი რიტმი. სპორტის სახეობა აირჩიეთ ბავშვის ხასიათის, გამბედაობის და ფიზიკური მზაობის გათვალისწინებით, გაითვალისწინეთ თქვენი შვილის მისწრაფებანი, ინტერესი და ფიზიკური შესაძლებლობა, მთავარია, მათ მიიღონ პოზიტიური ენერგია და სიამოვნება საყვარელი საქმის კეთებისას.
სალომე გორგოშიძე