საუკეთესო და უმარტივესი ვარჯიშები ბრტყელტერფიანობის წინააღმდეგ - ვიდეოგაკვეთილი
ბრტყელტერფიანობა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ტერფის სრულყოფილება განისაზღვრება მისი ძვლოვანი თაღის ფორმით, კუნთებისა და მყეს-იოგოვანი სისტემის ტონუსით, დატვირთვისადმი ამტანობით. ბრტყელტერფიანობა ტერფების დეფორმაციაა, რომელიც განივი და გასწვრივი თაღების გასადავებით გამოიხატება. ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი. ბრტყელი ტერფი თავის ფუნქციას სრულყოფილად ვერ შეასრულებს და დროთა განმავლობაში დიდ პრობლემებს შეუქმნის ადამიანს.

ბრტყელტერფიანობას ახასიათებს:
ტერფის გასწვრივი და განივი თაღების გაბრტყელება, ტერფის წინა ნაწილის შიგნით შებრუნება, ქუსლის გარეთ მიბრუნება, ადვილად დაღლა,
ტერფის ტკივილი კოჭ-წვივის სახსარში დატვირთვის შემდეგ.
ბრტყელტერფიანობა ვიზუალურად ადვილი აღმოსაჩენია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ტერფების დეფორმაციის ხარისხის დასადგენად. ტერფების ანატომიური და ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრა კომპიუტერული კვლევით ხდება. ზოგადად, 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ბრტყელტერფიანობის დიაგნოზი არ ისმება, თუმცა ორთოპედთან ვიზიტი დაბადებიდან მესამე თვეს და შემდგომ პერიოდში აუცილებელია რაიმე გართულების ადრეულ ეტაპზე აღმოსაჩენად.
ბრტყელტერფიანობა მკურნალობას საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასაკის მატებასთან ერთად ტერფის დეფორმაცია პროგრესირებას განიცდის, განვითარდება ორგანიზმის ზოგადი გადაღლა, დაირღვევა ნაბიჯების თანამიმდევრულობა და რიტმულობა.

რას გულისხმობს ბრტყელტერფიანობის მკურნალობა?
ბრტყელი ტერფის მკურნალობა ბავშვებში ძირითადად კონსერვატიულია, მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს: დღის რეჟიმს, სამკურნალო ფიზკულტურას, ფიზიოთერაპიას, ბალნეო და მედიკამენტურ თერაპიას. გასათვალისწინებელია როგორც ძირითადი, ასევე თანმხლები დაავადებები.

შემოგთავაზებთ
ვარჯიშებს, რომლებიც მეტად ეფექტურია როგორც ბრტყელტერფიანობის სამკურნალოდ, ასევე მის საპროფილაქტიკოდ.
1. ვარჯიშები ტარდება ნელა, დაზოგვით, სუნთქვის რიტმის დაცვით და შიშველი ტერფებით;
2. მოხარეთ და გაშალეთ ფეხის თითები.
3. ტერფებით დაიჭირეთ პატარა სათამაშოები, ასწიეთ ის და დააბრუნეთ საწყის მდგომარეობაში.
4. ტერფებით გააგორ-გამოაგორეთ ჯოხი.
5. ფეხის თითებქვეშ ამოიდეთ პირსახოცი, გააკეთეთ ცოცვითი მოძრაობები.
6. იარეთ ფეხის წვერებზე, ქუსლებზე, ფეხის შიდა და გარეთა კიდეებზე.
7. შიშველი ფეხებით იარეთ არასწორ ზედაპირზე - კენჭებზე, წახნაგებიან სავარჯიშო ბურთზე და ა.შ.
ასევე იხილეთ ვიდეო სტატიის თავზე, ფოტოზე ღილაკის დაჭერით და უფრო ადვილახ მიხვდებით, როგორ უნდა მოიქცეთ.

სამკურნალო მასაჟისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი ეკა გორგოშიძე

14076
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```