ზამთრის კურორტი, რომლებსაც ქართველი ექიმები გვირჩევენ ზამთრის სეზონზე, არდადეგების პერიოდში კვლავ აქტუალური ხდება დასვენების, სასარგებლო კურორტების თემა, რომლებზეც მშობლებს სურთ ბავშვების წაყვანა გასაკაჟებლად, ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად და ა.შ.
საქართველო ისევე მდიდარია ზამთრის კურორტებით, როგორც ზაფხულის. ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა და ბუნებრივი პირობები სრულად იძლევა საშუალებას, მისი საზღვრების გარეთ არ ვეძებოთ გამაჯანსაღებელი და ჯანმრთელობისთვის საუკეთესო ადგილები. ერთი პრობლემაა მხოლოდ - დასვენება კურორტებზე არც ისე იაფი ჯდება და ხშირად მხოლოდ სურვილი არ კმარა ხოლმე, საკმაო ფინანსებიც არის საჭირო.
ამჯერად ამ თემას არ შევეხებით, მხოლოდ იმ ერთ-ერთ კურორტს ვახსენებთ, რომელსაც ქართველი ექიმებიც უწევენ რეკომენდაციას და რომელიც აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით კი მოზარდი ორგანიზმისთვის.
ზამთარში ყველაზე აქტუალური სწორედ ბაკურიანია. მიუხედავად იმისა, რომ არანაკლებ ჯანსაღი გარეოა ბახმაროში, საირმეში, აბასთუმანში, ცემში და ა.შ., ჯერჯერობით ეს კურორტი ზამთარში მაინც ყველაზე უკეთ პასუხობს დამსვენებლების მოთხოვნებს.
ბორჯომის ხეობაში მდებარე ეს ადგილი ზამთარ-ზაფხულ იზიდავს დამსვენებელს და ორივე სეზონზე დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ბაკურიანი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. 1932 წელს გაიხსნა პირველი სათხილამურო ბაზა. ბაკურიანის უპირატესობაა მთის ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება (2052 სთ წელიწადში) და ულტრაიისფერი სხივების მაღალი რადიაცია. სამედიცინო ჩვენება ასეთია: ლიმფადენიტი, სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური დაავადებანი, სისხლნაკლებობა. განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ხშირად ცივდებიან, ბრონქებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ ან ასთმა. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურა იძლევა საშუალებას, ბავშვი ფიზიკურადაც დაკავდეს, აქტიური იყოს და გაერთოს მრავალმხრივ.