მედიკოსები გრიპის ვაქცინაციის ჩატარებას გვირჩევენ, რათა ეს გადამდები დაავადება და მისი შემდგომი გართულებები თავიდან ავიცილოთ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მედიკოსები გრიპის ვაქცინაციის ჩატარებას გვირჩევენ, რათა ეს გადამდები დაავადება და მისი შემდგომი გართულებები თავიდან ავიცილოთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არსებული გრიპის ვაქცინაციის შესახებ აცხადებენ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა, თუმცა, უცხოურ მედიასა და ქართულ საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციით, მას შეიძლება უკუჩვენებები მოჰყვეს.
რუსული მედია გრიპის ვაქცინის შედეგად მცირეწლოვნებში გამოვლენილი შაქრიანი დიაბეტის შემთხვევებზე წერს და კონკრეტული რესპონდენტებიც მოჰყავს, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ შვილებს ჯანმრთელობის აღნიშნული პრობლემა სწორედ გრიპის ვაქცინაციის ჩარების შემდეგ შეექმნათ.
ერთ-ერთი რესპონდენტის, სერგეის განმარტებით, მისი 6 წლის შვილი დიაბეტით მას შემდეგ დაავადდა, რაც საბავშვო ბაღში გრიპის სავალდებულო ვაქცინაცია ჩაუტარეს.
"აცრის შემდეგ ბავშვი მოდუნდა, დასუსტდა, მადა დაკარგა და ძირითადად, ეძინა.
მთელი ოჯახის ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობთ, არ მოვიხმართ თამბაქოსა და ალკოჰოლს, ტყეში ვსეირნობთ," - აღნიშნავს რესპონდენტი და 6 წლის ბავშვში დიაბეტის გამოწვევას ოჯახურ და სხვა გარემო ფაქტორებს გამორიცხავს.
შემთხვევა, როდესაც მცირეწლოვან ბავშვს შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი სწორედ გრიპის ვაქცინის ჩატარების შემდეგ დაუსვეს, საქართველოშიც ფიქსირდება. თუმცა, დედამ ვინაობის გამხელა არ ისურვა და ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.
Allnews.ge შეეცადა გაერკვია, ვლინდება თუ არა უკუჩვენებები გრიპის ვაქცინაციის შემდეგ და შეიძლება თუ არა, აღნიშნულმა პროცედურამ დიაბეტის პროვოცირება მოახდინოს.
ენდოკრინოლოგი ნაია ლატარია გრიპის ვაქცინის მიერ შაქრიანი დიაბეტის წარმოქმნას გამორიცხავს და განმარტავს, რომ დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი არ არსებობს, მისი გამოვლენის პროვოცირება სტრესმაც შეიძლება მოახდინოს, თუ ორგანიზმში ამისი განწყობა არსებობს.
მისი თქმით, ორი ტიპის დიაბეტი არსებობს და ბავშვებსა და სუსტი აღნაგობის მქონე პირებში ვითარდება. ის შეიძლება, თანდაყოლილი იყოს, ასევე დიაბეტს გენეტიკურ ფაქტორებიც ახასიათებს, შესაბამისად, მისი გრიპის ვაქცინაციით პროვოცირება არ ხდება.