როგორ ვებრძოლოთ სეზონურ ენტეროვირუსებს, ყაბზობას და დიარეას? - გასტროენტეროლოგის რეკომენდაციები
როგორ ვებრძოლოთ სეზონურ ენტეროვირუსებს, ყაბზობას და დიარეას? - გასტროენტეროლოგის რეკომენდაციები
სეზონური ენტეროვირუსების, ასევე საკმაოდ ხშირი პრობლემის - ყაბზობის და დიარეის შესახებ პედიატრიული პრივატ კლინიკის გასტროენტეროლოგი, ნათია ცირდავა გვესაუბრება.

- რას გვეტყვით სეზონურად გავრცელებული ენტეროვირუსების შესახებ, რა სიმპტომები ახასიათებს მას და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
- მწვავე გასტროენტერიტი არის განავლის კონსისტენციის შეცვლა და /ან ევაკუაციის რიცხვის ზრდა ცხელებით და ღებინებით ან მის გარეშე. მწვავე გასტროენტერიტის დროს განავლის კონსისტენცია არის უფრო თხელი სითხის მაღალი შემცველობის გამო. ხოლო დეფეკაციის რიცხვი 3 და მეტი
24 საათში, დიარეა გრძელდება 7-14 დღე.
ვირუსული გასტროენტერიტის უხშირესი მიზეზია როტავირუსული ინფექცია. როტავირუსი ბავშვთა ასაკში მძიმე დიარეის ყველაზე ხშირი გამომწვევია. ავადობის სეზონია ოქტომბერი-მარტი, პიკური თვეები - იანვარი-მარტი. ინფექციის წყაროს წარმოადგენს ნებისმიერი კლინიკური ფორმით დაავადებული ადამიანი. ვირუსის გარემოში გამოყოფა ხდება განავლით. ინფექციის გადაცემის გზა არის ფეკალურ-ორალური. გადაცემის ფაქტორი შეიძლება იყოს დაბინძურებული ნივთები, დაბინძურებული საკვები და წყალი. ვირუსის მცირე მაინფიცირებელი დოზის და გარემო პირობების მიმართ მდგრადობის გამო. როტავირუსით ავადობა თითქმის თანაბრადაა გავრცელებული როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში. ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი კი ძირითადად ფიქსირდება განვითარებად ქვეყნებში, არაადექვატური და/ან დაგვიანებული მკურნალობის შედეგად.

ენტეროვირუსის დროს ინკუბაციური პერიოდი 1-5 დღე გრძელდება. დაავადება ძირითადად იწყება ტემპერატურის მატებით 37.50C- დან -
3800C-მდე (იშვიათად 390C-მდე), ღებინებით და შემდგომ წყლისებრი ფაღარათით. ღებინება დაავადების პირველივე დღეებში წყდება, რჩება უმადობა და გულისრევის შეგრძნება. ტემპერატურა ძირითადად ნორმალიზაციას განიცდის მეორე დღესვე. ფაღარათი გრძელდება 5-7 დღე, განავალი სისხლს (ერითროციტებს) და ლეიკოციტებს არ შეიცავს. იგი უხვია, წყლისებრი, მოყვითალო ან მომწვანო ფერის, ქაფიანი და აქვს მკვეთრი სუნი. მოზრდილ ბავშვებში ზოგჯერ ეპიგასტრიუმის და ჭიპის მიდამოში უჩივიან ტკივილს, შესაძლოა მოვლითი, მჭრელი ხასიათის, რომელსაც თან ახლავს დეფეკაციის სურვილი, ნაწლავლავების ყურყური და დეფეკაციის შემდეგ ტკივილის შემსუბუქება. მცირე ასაკის ბავშვებში სწრაფად ვითარდება დეჰიდრატაცია. ჩვილ, იმუნოდეფიციტის მქონე და მალნუტრიცირებულ ბავშვებში დაავადება ღებულობს მძიმე და გახანგრძლივებულ ხასიათს.

მკურნალობა:

ტემპერატურის ნორმალიზება ხდება სიცხის დამწევი საშუალებებით;
• დაკარგული სითხის აღდგენა - რეჰიდრატაციული თერაპიით.
კვებითი რეკომენდაციები;
• ექსკლუზიური ძუძუთი კვება შეუფერხებლად გრძელდება;
• ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილებისთვის ფორმულის განზავება და კონცენტრაციის თანდათან მატება არ არის რეკომენდებული;
• ულაქტაზო და ანტიდიარეული ფორმულით ჩანაცვლება არ არის რეკომენდებული;
• უნდა შეიზღუდოს უჯრედისის უხვად შემცველი პროდუქტები და ძნელად მოსანელებელი ნახშირწყლების შემცველი სასმელები;
• რძის მჟავე პროდუქტები მნიშვნელოვნად აუნჯობესებს კლინიკურ სიმპტომებს;
• ღებინების და დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობით

- საერთოდ, რამ შეიძლება გამოიწვიოს ღებინება?
- ღებინება არის კუჭისა და/ან წვრილი ნაწლავების შიგთავსის უნებლიე, სწრაფი გამოდევნა პირიდან (ხახიდან პირიდან და ცხვირიდან) დიაფრაგმის, კუჭისა და მუცლის პრესის კუნთების მრავალჯერადი აქტიური შეკუმშვის შედეგად. უხშირესად ღებინება დაცვითი რეაქციაა და ვითარდება მოხვედრილი ან ორგანიზმში წარმოქმნილი ტოქსიური ან სხვა ნივთიერებების კუჭ-ნაწლავიდან გამოდევნის მიზნით.

ღებინების უხშირესი მიზეზი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სხვადასხვაა. მაგ. ჩვილებში ხშირი მიზეზია გასტროენტერიტები, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, ჭარბი კვება, ანატომიური ობსტრუქცია, შუა ყურის ანთება. ბავშვებში - გასტროენტერიტები, სისტემური ინფექციები, გასტრიტი, მოწამლვა (ინტოქსიკაცია), მედიკამენტოზური, რეფლუქსი და ა.შ.

- რა იწვევს ქრონიკულ დიარეას ბავშვებში?
- განავლის კონსისტენციის შეცვლას და /ან ევაკუაციის რიცხვის ზრდას >3 -ზე დღეში, რომელიც გრძელდება 14 დღე-ზე მეტ ხანს ეწოდება ქრონიკული დიარეა. მისი გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზები შეიძლება იყოს:

• ქრონიკული არასპეციფიური დიარეა (ხშირად მოიხსენიება როგორც ტოდლერის დიარეა გამოწვეულია ნახშირწყლების ჭარბი მიღებით);
• ცელიაკია (გლუტეინის აუტანლობა რომელსაც თან ახლავს ბავშვის ზრდა-განვითარები შეფერხება, მუცლის შებერილობა. ხშირად ასოცირებულია 1-ლი ტიპის დიაბეტთან;
• ნაწლავის ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება);
• ლაქტოზის აუტანლობა;
• გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
• ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეა;
• საკვებისმიერი ალერგია და ა.შ.


ასევე იხილეთ: როცა ბავშვს მუცლის ასეთი ტკივილები აქვს, ექიმთან ვიზიტი არ უნდა გადადოთ! - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?


- რა იწვევს შეკრულობას და როგორ ხდება მისი მკურნალობა?
- ყაბზობა მდგომარეობაა, როდესაც იშვიათდება დეფეკაცია, მცირდება სითხის შემცველობა ფეკალიებში ან გაძნელებულია დეფეკაცია. ჯანმრთელ ბავშვს დეფეკაცია შეიძლება ჰქონდეს ყოველ მე-2 ან მე-3 დღეს დეფეკაციის აქტის გაძნელების გარეშე. ეს არ არის ყაბზობა. ყაბზობად ითვლება და თერაპიულ ჩარევას საჭიროებს იგივე სიხშირის, მაგრამ გაძნელებული დეფეკაცია. ყაბზობის გამომწვევი მიზეზი მრავალფეროვანია. ყაბზობა შეიძლება განვითარდეს სწორი ნაწლავის დაცლის ან მისი სავსეობის შეგრძნების აღქმის დარღვევის შემთხევაში.

ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებში შესაძლებელია ნაწლავის დაცლა მოხდეს 2-3 დღის დაყოვნებით, რაც არ ჩაითვლება პათოლოგიად იმ შემთხვევაში, თუ არ იწვევს დისკომფორტს. სწორ ნაწლავში ფეკალიების გადასვლის პრობლემა ან ფეკალიების ხანგრძლივი დაყოვნება ასოცირებულია ჰიპოთირეოზთან, ოპიატების გამოყენებასთან ან სტრუქტურლ ანომალიასთან. მიზეზი შესაძლებელია იყოს რექტალური კუნთების დაზიანება, ზურგის ტვინის აფერენტული ან ეფერენტული ბოჭკოების დაზიანება, მუცლის პრესისი ან მენჯის კუნთების პათოლოგია. ფეკალიების დაყოვნებას მსხვილ და სწორ ნალწავში მოსდევს მისი გამოშრობა და დეფეკაციის რეფლექსის (დაცლის სურვილის აღქმის) დაქვეითება.

დიდი დიამეტრის, მკვირივი ფეკალური მასების გამოყოფა ხშირად მტკივნეული და ძნელი აქტია. რის გამოც ხდება ფეკალიების ნებით შეკავება, ხანგრძლივად დაყოვნება რექტუმში, რასაც მოსდევს სწორი ნაწლავის ან სიგმის დილატაცია, პერისტალტიკის და დეფეკაციის რეფლექსის შესუსტება.

რაც შეეხება მკურნალობას, მნიშვნელოვანია:

• საკვებ რაციონში უჯრედისის და სითხის შემცველი საკვების გაზრდა;
• ფიზიკური აქტივობა;
• ტუალეტის ტრენინგი;
• საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობა.

სალომე გორგოშიძე
8601
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```