როგორ შეიძლება, სახლში შეამოწმოთ, აქვს თუ არა ბავშვს დისპლაზიისკენ მიდრეკილება? რა არის დიპლაზია? რა იწვევს მას? რა ნიშნებით ხასიათდება დისპლაზია? როგორ ხდება მურნალობა და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ორთოპედს ამ საკითხზე ექთან-მასაჟისტი ნინო ჩიქოვანი გვესაუბრება, რომელსაც ხშირად უწევს იმ პატარების დახმარება, რომელთაც დისპლაზია აწუხებთ.
- დისპლაზია არის მენჯ-ბარძაყის სახსრისა და მისი ელემენტების განუვითარებლობა, რაც გულისხმობს შემაერთებელი ქსოვილის სისუსტეს და უმწიფრობას. დისპლაზია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა და ჭარბობს მდერდრობით სქესში.
- რა იწვევს დისპლაზიას?
- გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:
მემკვიდრეობითი ფაქტორი; სხვადასხვა ჰორმონალური დარღვევა ორსულობის პერიოდში. ( აღსანიშნავია, რომ საყრდენ- მამოძრავებელი სისტემა ყალიბდება მუცლადყოფნის მე-4 მე-5 კვირას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური პროცესები). მომავალი დედის არაბალანსირებული კვება; ნაყოფის მდებარეობა მუცლადყოფნის პერიოდში: სანაყოფე წყლების სიმცირე, დიდი ნაყოფი, ჯდომითი მდებარეობა, (თუმცა დისპლაზია გვხვდება თავით წინამდებარეობის დროსაც; ორსულობის დროს გადატანილი ინფექციური დაავადებები, რომლებიც აფერხებს ბავშვის განვითარებას მუცლადყოფნის პერიოდში.ასევე გინეკოლოგიური დაავადებები: საშვილოსნოს მიომა, შეხორცებები და სხვ. რაც ხელს უშლის ნაყოფის მოძრაობას. დღენაკლული ბავშვები - 2,5კგ.-ის ქვემოთ, რადგან მცირე მასა როგორც წესი, შერწყმულია კუნთოვანი ქსოვილის სიმცირესთან, რაც სახსრის არასწორი განვითარების ალბათობას ზრდის. - რა ნიშნებით ხასიათდება დისპლაზია?
- ნაოჭების ასიმეტრია. რომელ მხარესაც მეტი ნაოჭია, ამოვარდნილობაც იმ მხარეს ივარაუდება. ქვედა კიდურების გარეთა როტაცია - მწოლიარე ბავშვის კიდურები გარეთ დაახლოებით 10-20 გრადუსით უნდა ბრუნდებოდეს (პათოლოგიის დროს კი სრული გარეთა როტაცია ხდება) - ტერფების გარეთა ზედაპირები საწოლს ეხება, კვირისთავებიც მთლიანად გარეთ არის მიბრუნებული. კიდურების გარეთა როტაცია განსაკუთრებით კარგად ჩანს ძილის დროს.
- რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება?
- გარდა ასიმეტრიისა, ყურადღება უნდა მიექცეს მენჯ-ბარძაყის სახსარში განზიდვის შეზღუდვას. სპეციალისტის დახმარებით დავაწვინოთ ბავშვი ზურგზე, მოვუხაროთ ფეხი მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსარში და გადავუშალოთ. განზიდვის შეზღუდვა დისპლაზიის ერთ-ერთი ნიშანია. თუ კიდურების მოხრისა და განზიდვის დროს ისმის ტკაცუნის ხმა (მარქს-ორთოლანის ნიშანი) ესეც დისპლაზიაზე მიგვანიშნებს. კიდურის სიმოკლე -აღსანიშნავია, რომ ორმხრივი ამოვარდნილობის დროს ეს სიმპტომი ზოგჯერ არ შეინიშნება. კიდურის სიმოკლის დასადგენად ბავშვს ვაწვენთ ზურგზე, ერთმანეთს ვადარებთ გაშლილ და მიტყუპებულ ფეხებს, ასევე კიდურებს ვუხრით მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში და ვადარებთ მუხლების დგომის სიმაღლეს. პათოლოგიის მხარეს მუხლის მდებარეობა უფრო დაბალია.
არჩევენ დისპლაზიის 3 ხარისხს: 1. წინარე ამოვარდნილობა - როდესაც სახსრის კომპონენტების ფორმირება დარღვეულია, ბარძაყის თავი ფოსოშია, მაგრამ განუვითარებელია სახსრის ელემენტები. 2. ქვეამოვარდნილობა - ამ დროს ბარძაყის თავი ნაწილობრივ ტაბუხის ფოსოს გარეთაა. ეს სიმპტომი ვლინდება მენჯ-ბარძაყის სახსარში ჭარბი განზიდვის დროს. 3. ამოვარდნილობა - ბარაძაყის თავი მთლიანად ტაბუხის ფოსოს გარეთაა, სახსრის კომპონენტები დისპლაზიურია.
- როდის მივმართოთ ორთოპედს?
- ზოგადად, სასურველია ორთოპედს მიმართოთ როდესაც ბავშვი არის 2-3 თვის, ამ დროს კეთდება მენჯ-ბარძაყის ულტრაბგერითი კვლევა და ადრეულ ვადაზე არის შესაძლებელი ამა თუ იმ დარღვევის აღმოჩენა და შემდეგ კორექცია.
რას ითვალისწინებს პროფილაქტიკა და მკურნალობა? პროფილაქტიკა ითვალისწინებს ფართო შეხვევას: ბავშვს ფეხებს შორის უნდა ამოვუფინოთ დიდი ზომის საფენი, რაც უზრუნველყოფს მენჯ-ბარძაყის სახსრის განზიდვას და ბარძაყის თავის სწორ მდებარეობას ტაბუხის ფოსოში. მკურნალობა. თუ ორთოპედი ამოვარდნილობის დიაგნოზს დაადასტურებს, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. საყურადღებოა, რომ ბარძაყის თავის თანდაყოლილი ამოვარდნილობის მკურნალობა ხანგრძლივი და კომპლექსურია. მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით ინიშნება ფრეიკის ბალიში (ფრეიკის ბალიში - არის სამედიცინო კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება სამკურნალოდ ან კორექციის მიზნით ისეთი ორთოპედიული გადახრების დროს როგორიცაა: მენჯ- ბარძაყის დისპლაზია; ბარძაყის თავის ამოვარდნილობები. ფრეიკის ბალიში გამოიყენება არა მარტო ზემოთჩამოთვლილი პათოლოგიების სამკურნალოდ, არამედ საპროფილაქტიკოდაც ახალშობილებში. მკურნალობის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ის აფიქსირებს ბავშვის ქვემო კიდურებს საჭირო მდგომარეობაში. ამგვარად, იქმნება ყველა პირობა სახსრის სწორი ფორმირებისთვის. სხვა საშუალებებთან შედარებით (პავლიკის არტაშანი) ფრეიკის ბალიში რბილი და მოსახერხებელია. ინიშნება მხოლოდ ორთოპედის ან ქირურგის მიერ. გამოიყენება კომპლექსურად სამკურნალო პროცედურებთან ერთად, როგორიცაა: თაბაშირის ნახვევი - ქმნის ხელსაყრელ პირობებს სახსრის ყველა ელემენტის (ბარძაყის თავის, ტაბუხის ფოსოს) ნორმალური განვითარებისთვის. ბალნეოპროცედურები- თბილი შეფუთვა, პარაფინის აპლიკაციები,ზღვის მარილის აბაზანები. მედიკამენტოზური მკურნალობა - კალციუმისა და ფოსფორის პრეპარატების მიღება. მასაჟი და სამკურნალო ფიზკულტურა - ხელს უწყობს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას, დასუსტებული კუნთების სტიმულაციას, კუნთოვანი ქსოვილების კვებას. სახსარი ხდება მეტად ელასტიური და მოქნილი. ფიზიოთერაპია;
- თუ მკურნალობა დაგვიანებულია?
- თანდაყოლილი ამოვარდნილობის დროს არასწორი მოძრაობის შედეგად სახსარში ვითარდება დისპლაზიური კოქსართროზი - მენჯ-ბარძაყის სახსრის მძიმე დაავადება, რომელსაც თან სდევს ტკივილი, სახსარში მოძრაობის შეზღუდვა. ასეთ დროს მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია.
სალომე გორგოშიძე