ყველაზე საშიში მაგნიტის და ელემენტის გადაყლაპვაა პატარები ხშირად ყლაპავენ მცირე ზომის სხვადასხვა ნივთებს. ყველაზე ყურადღებიანი მშობლებიც კი არ არიან დაზღვეულნი ამ უსიამოვნებისგან. მთავარია, მალევე შენიშნოთ და დახმარება აღმოუჩინოთ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის, ზოგადი ქირურგიის წარმომადგენელი, პროფესორი – მერაბ ბუაძე მშობლებს ურჩევს აძლევს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც ბავშვი უცხო სხეულს ყლაპავს...
- ყველაზე საშიში მაგნიტის და ელემენტის გადაყლაპვაა. ამიტომ ბავშვებისთვის კატეგორიულად არ შეიძლება იმ სათამაშოს მიცემა, რომელიც ელემენტებით მუშაობს. თუ ბავშვმა ელემენტი გადაყლაპა და იგი საყლაპავში გაჩერდა, მაქსიმუმ ორ საათში აუცილებლად უნდა ამოუღონ. ორი საათის შემდეგ საყლაპავი შეიძლება დაზიანდეს და ბავშვი დაიღუპოს. დღეს ლამის ყველა სათამაშო ელემენტით მუშაობს, ამიტომ მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ.
- ყველაზე ხშირად რომელ საგნებს ყლაპავენ ბავშვები?
- ხურდა ფულს. ესეც, რასაკვირველია, საშიშია. თუ ხურდა საყლაპავში ჩარჩა და კუჭში არ გადავიდა, შეიძლება საყლაპავი გახეთქოს. საყლაპავის გახეთქვა კი შემთხვევათა 90 პროცენტში ლეტალურად მთავრდება… საბედნიეროდ, დღემდე ჩვენთან ყოველთვის დროული ჩარევა ხდება და არცერთი ლეტალური შემთხვევა არ გვქონია. ახლახან ამერიკაში ბავშვმა გადაყლაპა ელემენტი, რომელიც საყლაპავიდან ვერ გადავიდა, მშობლები ვერაფერს მიხვდნენ ბავშვი ექიმთან არ მიიყვანეს დროულად, და ელემენტმა საყლაპავის უკანა აორტა გახია და აორტიდან სისხლდენით ბავშვი 15 წამში გარდაიცვალა.
მშობელი ძალიან ყურადღებით უნდა იყოს. ხუთ წლამდე ბავშვს წვდომა არ უნდა ჰქონდეს ისეთ საგნებზე, რაც შეიძლება გადაყლაპოს. თუ მაინც მოხდა და ბავშვი უცხო სგანს გადაყლაპავს, აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოს და თვითონ არ უნდა დაიწყოს მანიპულაციები. ზოგჯერ კისერში გაეჩხირება, თითქოს იხჩობა და სასწრაფო შველას მოითხოვს, ამ დროს ბავშვს თავი ქვევით უნდა ჰქონდეს, ფეხები ზევით და ზურგზე წამოარტყან…
თუ ბავშვს რამე გადასცდა - დაიმახსოვრეთ ქმედებები, რომ ბავშვი არ დაიხრჩოს
- დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევები გქონიათ?
- იყო შემთხვევა, როდესაც ქუთაისელ ბავშვს გადაყლაპული ელემენტი სამი კვირის თავზე ამოვუღეთ. ბავშვი სამი კვირა საჭმელს ვერ ჭამდა, ახველებდა და სამი კვირა ხველაზე მკურნალობდნენ. ერთი რენდგენიც არ ჰქონდათ გადაღებული, რომ გაეგოთ მიზეზი. ეს მშობლების უმეთვალყურეობის ბრალი იყო და ექიმებმაც ვერ გაიგეს მიზეზი… საბედნიეროდ, ბატარეა ძველი იყო, დამჯდარი, თორემ აუცილებლად ყველაფერი სავალალოდ დამთავრდებოდა…ელემენტი ორგანიზმში იწყებს შლას და სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებები გამოიყოფა.
უცხო სხეულები: ფული, ქვა, ელემენტი - რენტგენზე ჩანს, მაგრამ ხე და პლასმასი - არა. ამიტომაც რენდგენით ვერ გავიგებთ, თუ ბავშვმა პლასტმასის სათამაშო გადაყლაპა. არადა, საშიშია, რადგან შეიძლება ბასრკიდეებიანი იყოს, ან შეიძლება ჰქონდეს მოტეხილი კიდე… ამიტომაც ვაფრთხილებ მშობლებს, დააკვირდნენ ამ კლინიკურ ნიშნებს, რაც უცხო სხეულის გადაყლაპვაზე მიუთითებს:
1) ყლაპვის გაძნელება! იღებს მხოლოდ სითხეს მაგრამ ვერ ჭამს პურს, ვაშლს და ა. შ.
2) აქვს ნერწყვისდენა... ბავშვს რომ გუშინ და გუშინწინ ნერწყვისდენა არ ჰქონია და ახლა დაეწყო რაღაც საეჭვო საქციელის შემდეგ, უნდა დაფიქრდეს, ბავშვს ხომ არაფერი აქვს გადაყლაპული.
3) ბავშვის უაზრო ჭირვეულობა… ამ დროს უნდა მიმართოს მშობელმა პედიატრს ან ბავშვთა ქირურგს. რასაკვირველია უკეთესია ბავშვთა ქირურგი… ოჯახის ექიმიც ვერ იქნება ამ შემთხვევაში კომპეტენტური.
მანანა გაბრიჭიძე