როგორ გავუქროთ ბავშვს სტომატოლოგის შიში და რა არის ყველაზე ხშირი სტომატოლოგიური პრობლემა სტომატოლოგიური პრობლემები ბავშვებს საკმაოდ პატარა ასაკიდან ეწყებათ. ამის მიზეზი სხვადასხვა ფაქტორი შეიძლება გახდეს, მათ შორის მშობლების არასაკმარისი ინფორმირებულობა ამ საკითხში და პროფილააქტიკის მიზნით ექიმთან ვიზიტის კულტურის არარსებობა. სტომატოლოგიურ პრობლემებზე, კბილების მოვლა-ჰიგიენაზე და კიდევ ბევრ საინტერესო საკითხზე ექიმ-სტომატოლოგ პავლე ხუჯაძეს მივმართეთ, რომელმაც ჩვენთვის დრო არ დაიშურა და ამომწურავი, ყველასთვის გასაგები და მისახვედრი პასუხები გაგვცა.
- უპირველესად, საინტერესოა ბავშვებში ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური პრობლემა რომელია?
- კარიესი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ბავშვებში. პრობლემა, რომელსაც ბევრი მშობელი ვერ ან არ ხედავს, არ მიიჩნევს მნიშვნელოვნად, რადგან მაინც მოსაცვლელია. შუა საუკუნეებში კარიესი მდიდრების დაავადებად ითვლებოდა, რადგან შაქარზე მხოლოდ მდიდრებს მიუწვდებოდათ ხელი. დღეისათვის შაქარი ხელმისაწვდომია და ჩვენც ჩვენი შვილების გულის მოსაგებად ფერად-ფერად კანფეტებს ვიყენებთ... აქ მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, არ მისცეთ ტკბილებული ძილის წინ, განსაკუთრებით - საწოლში.
- ხშირია ბავშვებში სტომატოლოგის მიმართ შიში, გაქვთ რამე რჩევა, როგორ დავაძლევინოთ პატარებს ეს ბარიერი, რასაც ხშირად სავალალო შედეგამდე მივყავართ... პატარა, მაგრამ „ურჩ“ პაციენტებს როგორ „უმკლავდებით“ ხოლმე?
- თავიდან პატარა კლასიფიკაცია:
პირობითად სტომატოლოგთან მიმავალი ყველა ბავშვი შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად:
რომლებიც საერთოდ არ არიან სტომატოლგთან ნამყოფები;
რომლებიც იყვნენ და მიიღეს უარყოფითი ემოციები;
რომლებიც იყვნენ სტომატოლოგთან და დარჩნენ კმაყოფილები.
ბოლო ჯგუფს არ შევეხებით, მათთან არც მშობლებს და არც ექიმს არანაირი პრობლემები არ ექმნებათ. მინდა ვისაუბროთ პირველ ორ ჯგუფზე, მათთან მუშაობა პრინციპულად განსხვავებულია. ჩვენი ამოცანაა, პირველი და მეორე ჯგუფიდან ბავშვები გადავიყვანოთ მესამე ჯგუფში. მაგრამ როგორ?
პირველ რიგში რა უნდა ვიცოდეთ:
თუკი გეშინიათ თქვენ, ეშინია ბავშვსაც. ამიტომ აუცილებელია დაძლიოთ საკუთარი შიში. თუკი ეს არ გამოგდით, ბავშვის წაყვანა დაავალეთ მას, ვისაც არ ეშინია: მეუღლეს, ბებიას, ბაბუას და ა.შ.
სტომატოლოგთან ვიზიტი ბავშვისთვის სტრესია. თუკი მას დამატებით ეუბნებიან ან რაიმეთი მიანიშნებენ, ბავშვის წარმოდგენა ამას გააბუქებს და ცუდად იმოქმედებს. ამიტომ სტომატოლოგთან ვიზიტს უნდა მოეკიდოთ, როგორც ჩვეულებრივ, ყოველდღიურ მოვლენას. მაგალითად, როგორც მაღაზიაში წასვლას.
აბსოლუტურად უკონტაქტო ბავშვები არ არსებობს. არსებობენ ბავშვები, რომლებთანაც რთულია საკონტაქტო გზების მონახვა.
არ შეიძლება სტომატოლოგებით (და საერთოდ ექიმებით) დაშინება. ფრაზები: „თუ კბილებს არ გაიხეხავ, წაგიყვან სტომატოლოგთან“ ან „ნემსს გაგიკეთებს“ მხოლოდ გააუარესებენ სიტუაციას. ბავშვი აღარც კბილებს გაიხეხავს და სტომატოლოგთანაც არ წამოვა.
არ შეიძლება ბავშვის შექება კლინიკაში მოწყობილი აურზაურისთვის. მაგალითად, „აი, რა უქენით ექიმს“, ან „უჰ, როგორ კარგად უკბინე თითზე“. აღტაცებით იმის მოყოლა, თუ როგორ „იცელქა“ თქვენმა შვილმა კლინიკაში, ნამდვილად არასაქებარია.
არასდროს არ დაამციროთ ბავშვი ვიზიტისას. ნუ დაემუქრებით სახლში გალახვით და კუთხეში დაყენებით. ამით უკეთესს ვერ იზამთ, მხოლოდ დამატებით სტრესს მიაყენებთ მას.
ნუ შეაშინებთ ბავშვს მამით, საშიში ძიათი ან პატრულის თანამშრომლით. იგივე მიზეზით დამატებითი სტრესია.
რაც უფრო ხშირად დაგყავთ ბავშვი სტომატოლოგთან, მით უკეთესი. სად კარიესის დაბჟენა და სად პულპიტის და პერიოდონტიტის მკურნალობა. ეს უკანასკნელები მოითხოვს უფრო მეტ დროს და უფრო შრომატევადია. თან კარიესის მკურნალობა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე მისი გართულებების.
რაც შეეხება ურჩ პაციენტებს, მხოლოდ სითბოთი და ალერსით. ძალადობა ჩვენთან მიუღებელია.
- რა სიხშირით უნდა ვატაროთ ბავშვები სტომატოლოგთან, სამწუხაროდ, მოგეხსენებათ, უმრავლესობა მხოლოდ მაშინ მიდის, როცა რამე აწუხებს...
- მიუხედავად იმისა, აწუხებს თუ არა რამე თქვენს პატარას, ნუ დაიზარებთ სტომატოლოგთან წელიწადში ორჯერ ვიზიტს. ამით არა მარტო აირიდებთ პრობლემებს, არამედ გაუჩენთ მას კარგ ჩვევას.
- რა შეცდომებს უშვებენ მშობლები ყველაზე ხშირად - თქვენ, როგორც სტომატოლოგი რა შეცდომებს ამჩნევთ?
- შეცდომა არის არსებული სიტუაციის სწორად არშეფასება. არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანს ვერ მოვთხოვთ ლაქის სტადიის კარიესის აღმოჩენას, თუმცა ამისთვის არსებობს სტომატოლოგი. პროფილაქტიკური ვიზიტები სწორედ რომ ამისთვისაა, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები.
ჯერ კიდევ არიან მშობლები, რომელთაც სარძევე კბილები არ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად, მათი აზრით ისინი მაინც იცვლება და მათი მკურნალობა-არმკურნალობა არაა გადამწყვეტი. გარდა იმისა, რომ სარძევე კბილები ბავშვს ჭამასა და საუბარში ეხმარება, ის ადგილს უმზადებს სამომავლოდ ძირითად კბილებს. თუ ბავშვმა სარძევე კბილი ჩვეულზე ადრე მოიცვალა, ეს თავის მხრივ პრობლემას უქმნის სხვა კბილებს. ძირითადი კბილი დეფორმირდება ნაადრევად მოცვლილი სარძევე კბილის ხარჯზე. მოგვიანებით ამან კბილთა არასწორი წყობა შეიძლება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ადრეული ასაკიდან სარძევე კბილების მოვლა.
ნებისმიერი ადამიანი ცდილობს თავიდან აირიდოს ზედმეტი ხარჯები, მინდა ყველა ასეთ მშობელს უთხრა რომ პროფილაქტიკა გაცილებით ნაკლებ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, ვიდრე მკურნალობა.
- რამდენად არის საჭირო ანესთეზია ბავშვთა სტომატოლოგიაში და რა გაფრთხილებას მისცემთ ასეთი შემთხვევებისთვის მშობლებს?
- ანესთეზია, ჩემი აზრით, ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტია. მისი საშუალებით მშვიდად მუშაობს ექიმი და მშვიდადაა ბავშვიც. არ სჭირდება მოითმინე, ცოტაც დარჩა და ა.შ. შეძახილები. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ანესთეზია არ არის საჭირო, ამას წყვეტს მკურნალი ექიმი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და უნდა იცოდეს მშობელმა, არის ბავშვის ალერგიულობის საკითხი. თუკი პირველად ხდება ანესთეზიის გაკეთება, აუცილებელია ალერგიული სინჯის აღება, რაც აგვარიდებს შემდგომ გართულებებს. სამწუხაროდ, მშობელი ხშირად ვერ აანალიზებს ამ ვერაგი დაავადების საფრთხეს და რატომღაც ზედმეტ ხარჯად მიაჩნიათ სინჯის გაკეთება. მინდა ყველა მშობელს მივმართო და ვურჩიო, ნუ დაიზარებთ და შეასრულეთ ექიმის დარიგებები. ნუ ენდობით ალალბედს.
ციცი ომანიძე