როგორ უნდა მოუაროს ბავშვმა კბილებს და რა ასაკიდან უნდა დაიწყოს გახეხვა - ექიმი-სტომატოლოგის რჩევები სტომატოლოგიური პრობლემები, არასწორი მოვლა და დაზიანებული კბილები ბევრ სხვა პრობლემასაც იწვევს და ზოგადად ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. კბილების მოვლა-ჰიგიენაზე, გახეხვის სწორ ფორმაზე და ჯაგრისისა და კბილის პასტის შერჩევაზე ექიმი სტომატოლოგი პავლე ხუჯაძე გვესაუბრება.
- კბილების მოვლა-ჰიგიენა - რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?
- კბილების ხეხვა ერთმნიშვნელოვნად უნდა დავიწყოთ პირველივე კბილის ამოსვლისთანავე! თავიდან გამოიყენეთ თითზე წამოსაცმელი ჯაგრისი ან წყალში დასველებული ბინტი. შეიძლება მცირე რაოდენობით კბილის პასტის დამატებაც ასაკის მიხედვით.
ამოიჭრა საღეჭი კბილები? მათ აქვთ უამრავი ნაოჭები და ღრმულები (ფისურები) უკვე აუცილებელია კბილის ჯაგრისი.
კბილები სჯობს გავიწმინდოთ ყოველი საკვების მიღების შემდეგ (სასურველია ღამის კვების შემდეგაც). ასე ბავშვი მარტივად ეჩვევა აღნიშნულ პროცედურას. ამასთან ეს ბოთლის კარიესის პროფილაქტიკაცაა. 3 წლამდე ბავშვს კბილების გახეხვაში უნდა ეხმარებოდეს მშობელი. კბილების გახეხვა აუცილებელია დღეში ორჯერ, დილას და საღამოს. თუ ბავშვი ამას დამოუკიდებლად ახერხებს, თქვენ მხოლოდ თვალი ადევნეთ, რამდენად სწორად აკეთებს და იყენებს თუ არა სათანადო რაოდენობის პასტას. მუდმივად შეახსენეთ პატარას, რომ კბილის პასტა არ უნდა გადაყლაპოს. იქამდე, სანამ არ დარწმუნდებით, რომ თქვენი შვილი სწორად იხეხავს კბილებს, აუცილებლად დაეხმარეთ მას. არ დაგავიწყდეთ პერიოდულად კბილის ჯაგრისის გამოცვლა.
- როგორ მოვუაროთ სწორად კბილებს, როგორ შევარჩიოთ ჯაგრისი, კბილის პასტა 6 წლამდე ბავშვებისთვის და შემდეგ უკვე მოზრდილებისთვის?
- პატარებისთვის განკუთვნილი კბილის პასტა აუცილებლად უნდა შეირჩეს ასაკობრივად, უზრუნველყოფდეს კბილების ფაქიზ, მაგრამ ხარისხიან წმენდას. საბავშვო კბილის პასტა უნდა იყოს უსაფრთხო, რადგან ბავშვებს უჭირთ პირის ღრუს სრულფასოვნად გამოვლება და ტუბის 30%-ს უბრალოდ ყლაპავენ. 3 წლამდე ბავშვისთვის კბილის პასტის რაოდენობა უნდა იყოს ბარდის მარცვლის ნახევარი, სამი წლის ზევით კი - ბარდის მარცვლის ოდენა.
კბილის პასტის შერჩევისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს 2 კომპონენტს - პასტის აბრაზიულობას და მასში ფტორის შემცველობას.
საბავშვო კბილის პასტები იყოფა 0-დან 4 წლამდე, 4-8 და 8 – 14-მდე.
0-4 წლამდე პასტაში აბრაზიულობის მაჩვენებელი RDA არ უნდა აღემატებოდეს 20 პირობით ერთეულს, ხოლო ფტორის კონცენტრაცია - 200ppm ან საერთოდ არ უნდა იყოს.
4-8 წლამდე პასტაში აბრაზიულობის მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს RDA 50 – კბილების წმენდა უნდა იყოს რბილი, არ უნდა მოხდეს მინანქრის ტრავმირება. ფტორის შემცველობა არაუმეტეს 500ppm.
პასტები 8 დან 14 წლამდე: ამ ასაკში ბავშვებს ძირითადად აქვთ მუდმივი კბილები ამიტომ მათი შემცველობა ახლოა დიდების პასტასთან და ფტორის შემცველობა არი 1400ppm. ხოლო აბრაზიულობის მაჩვენებელი 50 ერთეული.
- რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს კბილების გაეხეხვის პროცესი და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს სწორად?
- კბილთა რკალი პირობითად დაყოფილია რამდენიმე სეგმენტად: მოლარები (6-7-8 კბილები), პრემოლარები (4-5 კბილები) და წინა კბილები თითოეულ მხარეს. ხეხვისას კბილები არ უნდა იყოს შეხებაში. ჯაგრისს ვათავსებთ კბილის ზედაპირიდან 45 გრადუსიანი კუთხით. ვიწყებთ ხეხვას მარცხნიდან, ზედა ყბის ლოყისკენა ზედაპირებით. ვასრულებთ 10 მოძრაობას, ეტაპობრივად გადავდივართ სხვა სეგმენტებზე.
შემდგომ ვწმენდთ კბილების სასისკენა ზედაპირებს, მარცხნიდან მარჯვნივ ყველა სეგმენტს, თითოეულზე 10 მოძრაობით.
ხეხვის შემდგომი ეტაპია მოლარების და პრემოლარების საღეჭი ზედაპირები. ხეხვა წარმოებს საღეჭ ზედაპირებზე პირიდან მიმართულებით. სასურველია ჩატარდეს 10-15 მოძრაობა თითოეულ მხარეს.
ქვედა ყბაზე წმენდა ტარდება იგივე თანმიმდევრობით: ჯერ ლოყისკენა, შემდგომ ენისკენა და ბოლოს საღეჭ ზედაპირებზე.
ქვედა საჭრელების ენისკენა და ზედა საჭრელების სასიკენა ზედაპირების ხეხვისას ჯაგრისი განლაგებულია კბილთა რკალის პერპენდიკულარულად. კბილების ხეხვა სასურველია ღრძილების მასაჟით დავამთავროთ. პროცედურა ხორციელდება დახურული პირით, ჯაგრისის წრიული მოძრაობებით, ღრძილებიდან კბილების მიმართულებით, მარცხნიდან მარჯვნივ.
კბილების ხეხვა გრძელდება მინიმუმ 2 წუთი.
- რამდენ ხანში უნდა ვცვალოთ ჯაგრისი და კბილის პასტა?
- ჯაგრისი უნდა ვცვალოთ 2-3 თვეში ერთხელ. პასტაც სასურველია ვცვალოთ არა მარტო სახელის, არამედ შემადგენლობის მიხედვითაც. განსაკუთრებით ეს ბავშვებს ეხება, რადგან მათ ახალისებთ სიახლეები, ახალი ფერები და გემოები.
ციცი ომანიძე