არასწორი თანკბილვის მიზეზები და სავალალო შედეგები - რას გვირჩევს სტომატოლოგი? არასწორი თანკბილვა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც ბევრი სხვა პრობლემა სდევს თან. როგორ მივაქციოთ ყურადღება ამ პრობლემას და როგორ ავიცილოთ თავიდან, ამაზე ექიმი სტომატოლოგი პავლე ხუჯაძე გვესაუბრება.
- არასწორი თანკბილვა ძალიან აქტუალური პრობლემაა... რა შეიძლება გახდეს ამის მიზეზი - საწოვარა, ბოთლით დიდხანს კვება, თითის წოვა...?
- ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების მიზეზებს ორ დიდ ჯგუფად – ეგზოგენურ და ენდოგენურ ფაქტორებად ყოფენ. წამყვანი როლი, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობას და მემკვიდრეობით განწყობას ენიჭება. ასევე მნიშვნელოვანი ენდოგენური ფაქტორებია: ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (ავიტამინოზები), ენდოკრინოპათიები (ჰიპო და ჰიპერთირეოზი, ადრენოგენიტალური სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები, ნანიზმი), დედის ქრონიკული და ორსულობასთან დაკავშირებული დაავადებები (ტოქსიკოზი, ანემია), ნაყოფის არასწორი მდებარეობა, სანაყოფე წყლების არათანაბარი განაწილება.
უამრავი ეგზოგენური მიზეზებიდან მნიშვნელოვანია: მავნე ჩვევები, როგორიცაა თითისა და მატყუარას ხანგრძლივად წოვა, ტუჩის კვნეტა, სარძევე კბილების ნაადრევი ექსტრაქცია, დეკომპენსირებული კარიესი, მოკლე ტუჩისა და ენის ლაგამი, მინანქრისა და დენტინის არასრულფასოვნება, ცუდი ეკოლოგიური პირობები და ა.შ.
არასწორი თანკბილვის განვითარების კიდევ ერთი მიზეზია, თანამედროვე ადამიანის კვების რაციონის დარღვევა - საკვები საკმაოდ რბილია, ჩვენი საღეჭი აპარატი კი ვერ იღებს სათანადო დატვირთვას, რის გამოც ხდება ყბის ძვლების არასაკმარისი განვითარება, კბილები კი რჩებიან იგივე ზომის, ამიტომ მათ ყბის ძვალში ადგილი აღარ ყოფნით.
ასევე იხილეთ: როგორ ავარჩიოთ სწორად ჯაგრისი და კბილის პასტა და როგორ უნდა გაიხეხოს ბავშვმა კბილები?
ცოტა დეტალურად მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან თემას როგორიცაა პირით სუნთქვა.
ცხვირის ღრუს ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს, ბავშვს მუდმივად უწევს პირით სუნთქვა. პირით ხანგრძლივად სუნთქვა იწვევს სახის ქალის ძვლების არასწორ განვითარებას. ნორმაში ენა განლაგებულია ზედა კბილთა რკალში, ენის წვერი კი უნდა მდებარეობდეს სასასთან ახლოს. აქედან გამომდინარე ზედა ყბას აქვს ელიფსის ფორმა ენის შესაბამისად. ლოყები გარედან აწვებიან კბილებს, ენა კი შიგნიდან აკომპენსირებს ამ დაწოლას. როცა ბავშვი სუნთქავს პირით ენა ქვევით იწევს და ლოყების ზეწოლა არ კომპენსირდება, რასაც მოჰყვება ზედა კბილთა რკალის შევიწროება. შედეგად ზედა ყბა ელიფსის ნაცვლად იღებს სამკუთხა ფორმას. U ნაცვლად იგი იღებს V ფორმას. პირით სუნთქვის შედეგად ქვედა ყბის განვითარება ნელდება, ზრდის ვექტორი იცვლება ვერტიკალური მიმართულებით, ვითარდება თანკბილვის ანომალია.
ქრონიკულად პირით სუნთქვას მოჰყვება მაღალი ე.წ. “გოთიკური” სასის განვითარება. პირის ღრუსა და ცხვირის ღრუს გამყოფი ძგიდე ბავშვებში ძალიან რბილია. ცხვირით სუნთქვის დროს პირის ღრუში პერიოდულად ვითარდება უარყოფითი წნევა, ცხვირის ღრუში კი მასში შემავალი და გამავალი ჰაერის ნაკადების გამო წნევა დადებითია. ანუ ძგიდეზე მუდამ მოქმედებს მუდმივი ძალა, რომლის ვექტორიც ქვევითაა მიმართული.
პირით სუნთქვის დროს ყველაფერი პირიქითაა. ცხვირში იქმნება უარყოფითი წნევა, ხოლო პირის ღრუში დადებითი. შესაბამისად ძალის ვექტორი იცვლება საწინააღმდეგო მიმართულებით. შედეგად წლების განმავლობაში სასის ფორმა იცვლება და ვითარდება ჩაღრმავება.
- თუ არის შესაძლებელი კბილების ცვლის დროს რაიმე ხერხით შეძლებისდაგავრად ხელი შევუშალოთ არასწორ თანკბილვას...
- ორთოდონტიული მკურნალობის დაწყება შესაძლებელია როგოც სარძევე, ასევე ცვლადი თანკბილვის დროს. არსებობს სპეციალური მოსახსნელი და მოუხსნელი აპარატები, რომლებიც საშუალებას იძლევა ან შევამსუბუქოთ ან საერთოდ ავირიდოთ შემდგომი მკურნალობა ბრეკეტებით. ასევე მნიშვნელოვანია პროფილაქტიკის მიზნით მშობელმა ყურადღება მიაქციოს ბავშვის მავნე ჩვევებს და დროულად მოახდინოს მათი აღმოფხვრა.
- რა პრობლემები მოსდევს არასწორ თანკბილვას?
- პირველ რიგში ეს ესთეტიური პრობლემებია, ყბების და სახის დეფორმაციები, კბილების არასწორი დგომა და ა.შ.
შემდგომ იწყება ფუნქციური პრობლემები თანკბილვის ანომალიის სირთულიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს ღეჭვის, ყლაპვის, საუბრის პრობლემები.
კბილების მჭიდრო დგომა იწვევს ჰიგიენის გართულებას, რაც თავის მხრივ - ნადების გაჩენას, კარიესის განვითარებას, კბილის ირგვლივ რბილი და მაგარი ქსოვილების დაზიანებას.
ციცი ომანიძე