ჩვენს ექიმებს აკლიათ წვრთნა, ცოდნა, მაღალი სტანდარტების მქონე კლინიკებში მიღებული მრავალწლიანი პრაქტიკა ექიმი ზაზა უჯმაჯურიძე თითქმის ოცი წელია დანიაში, კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ონკოლოგიისა და სხივური თერაპიის მიმართულებით მოღვაწეობს. როგორ ავიცილოთ ონკოლოგიური დაავადებები თავიდან, რით განსხვავდება ქარტველი პაციენტების მდგომარეობა უცხოელებისგან და რატომ არ ურჩევს პაციენტებს საზღვარგარეთ მკურნალობას - ამ ყველაფრის შესახებ ბატონი ზაზა mshoblebi.ge-ს დანიიდან ესაუბრა.
- ექიმები ამბობენ, დღეს კიბო განაჩენი აღარ არისო. რას გულისხმობენ, რეალურად ხომ ამ ავადმყოფობას უამრავი ადამიანი ეწირება?
- ბევრი სიმსივნიანი პაციენტი იკურნება სათანადო მკურნალობით, განსაკუთრებით ადრეულ სტადიებზე, განსაკუთრებით თუ ქირურგია შესაძლებელია. ასე იყო ყოველთვის, მაგრამ ბევრი პაციენტის განკურნებას ვერ ვახერხებთ.
ამ კითხვაზე მარტივი პასუხი არ არსებობს. ალბათ იცით, რომ ავთვისებიანი სიმსივნეები იყოფა სტადიებად. გარდა ამისა, კიდევ ბევრი სხვა კლასიფიკაციები და ფაქტორებია გასათვალისწინებელი, მაგრამ მოსახლეობისთვის გასაგები რომ იყოს, შევჩერდეთ მხოლოდ სტადიებზე. ადრეული სტადიები ძალიან ხშირად რჩება, საბოლოო სტადიებში ეს რიცხვი საგრძნობლად კლებულობს. ამიტომ არსებობს სკრინინგი, რომ სიმსივნე ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინო, მაგალითად, ძუძუს, ნაწლავის, პროსტატის, საშვილოსნოს ყელის. თუმცა აქაც ბევრი საკამათო საკითხია პროფესიონალთა შორის.
ჩვენს ქვეყანაში პაციენტებს სჩვევიათ ექიმთან გვიან მისვლა, რისი ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი არსებობს. ეს მეტად სავალალოა. მაგრამ ჯანდაცვაში ამჟამად განხორციელებული გარკვეული დადებითი ცვლილებები იმედს იძლევა, რომ პაციენტები უფრო გაბედულად მიმართავენ ექიმს. სამწუხახოდ, პაციენტები ხშირად გვიან მოდიან ექიმთან, მაგრამ ეს მაინც ჯობს იმას, რომ საერთოდ არ მივიდნენ.
რაც შეეხება უფრო მაღალ სტადიებს, ასე ხელის მოსმით არ შეიძლება პაციენტისთვის იმედის გადაწურვა, რადგან თითოეული პაციენტის ისტორია განსაკუთრებულია და საჭიროა,რომ მათ გამოცდილი პროფესიონალებისაგან მიიღონ სათანადო რჩევები მკურნალობისა და საბოლოო გამოსავლის შესახებ. საჭიროა, რომ ავადმყოფმა იცოდეს, რას უნდა ელოდეს მკურნალობის შედეგად.
დღესდღეობით ბევრი ახალი და ეფექტური მეთოდი ინერგება მსოფლიოში. კლასიკური ქიმიოთერაპია თანდათანობით მეორე ადგილზე გადადის, თუმცა მისი ადგილი მაინც საკმაოდ დიდია მკურნალობაში. ძალიან ბევრი მიღწევაა ეგრეთ წოდებულ დამიზნებით თერაპიაში (ტარგეტედტჰერაპიეს), იმუნოთერაპიაში, ვითარდება მთელი რიგი ახალი მეთოდები. ასევე ვითარდება და იხვეწება სხივური თერაპიის ტექნოლოგია და მეთოდები, მათ შორის ნაწილაკოვანი მკურნალობა, რის რიცხვშიც შედის ადრონული თერაპია და სხვ. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაუმჯობესებელი. არ შეიძლება რომელიმე ამ მეთოდის რეკლამირება, თითქოს ის სასწაულებს ახდენდეს. გარდა ამისა, მაინც არ უნდა ვიჩქაროთ, რადგან ეს ახალი მეთოდები ჯერ კიდევ ბევრ კითხვას ბადებს.
ყველაფერი ეს ძალიან კარგია, მაგრამ უაღრესად ძვირია.
დასავლეთის ქვეყნებში ასეთი მკურნალობის ხარჯები იფარება ჯანდაცვით, მაგრამ ამის საშუალება ჯერ საქართველოში ალბათ არ არის, რადგან ჩვენს ქვეყანას ჯერ საამისო სახსრები ალბათ არ გააჩნია.
მიუხედავად ამისა, მე მაინც მოვუწოდებ საქართველოში ჯანდაცვის მესვეურებს, უპირველეს ყოვლისა ყველაფერი გაკეთდეს საიმისოდ, რომ შეიქმნას ერთი (და არა ბევრი) მაღალკვალიფიციური ონკოლოგიური ცენტრი, სადაც თავს მოვუყრით და სათანადოდ განვავითარებთ ონკოლოგიის მთელ დარგებს. აქ უნდა გამოვიყენოთ გამოცდილი და ახალგაზრდა კოლეგები, ვინც ჩვენს ქვეყანაში მუშაობენ, ასევე საჭირო იქნება ძალიან მჭიდრო კავშირი უცხოეთთანაც. ჩვენს ქვეყანაში ბევრი კარგი ექიმია და ჩვენებურ ავადმყოფს არ უნდა სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლა.
მხოლოდ მაშინ, როცა სათანადოდ გამოვიყენებთ იმ ძველ და გამოცდილ მეთოდებს, რომლებიც კატასტროფულ თანხებს არ მოითხოვს, შეგვიძლია დავიწყოთ უახლესი მიღწევების დანერგვაზე ფიქრი.
რაც შეეხება მაღალი სტადიების სიმსივნეებს: ხშირ შემთხვევაში შეიძლება ამ დაავადებისთვის ქრონიკული ხასიათის მიცემა. ხშირად მომყავს დიაბეტის, ჰიპერტენზიის და სხვ. მაგალითები. ისინიც არ იკურნება, მაგრამ პაციენტს შეუძლია ამ დაავადებით იცოცხლოს. ცხადია, ამ მაგალითებს ასი პროცენტით ვერ შევუფარდებთ სიმსივნეს, მაგრამ სანამ გამოცდილ ექიმებს არ დაელაპარაკებით, საკუთარ თავს განაჩენს ნუ გამოუტანთ.
მაღალი სტადიის მკურნალობა ხშირად ძალიან რთულ კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს და ვიყენებთ ქიმიოთერაპიას სხივურ თერაპიასთან, ასევე სხვა მეთოდებთან ერთად. ქირურგიის მნიშვნელობა ყოველთვის ძალიან დიდია. არ არსებობს ერთი მეთოდი ან რამე სხივური ამაჩქარებელი, რომლითაც მაღალი სტადიები იკურნებოდეს, თუმცა სხვადასხვა მეთოდების სწორი კომბინირებით შეიძლება კარგი შედეგების მიღწევა. აქ ყველაფერი პაციენტის დაავადების გავრცელებასა და მიმდინარეობაზეა დამოკიდებული.
- დანიაში მოღვაწეობთ, რა სიახლეებია დანერგილი ამ ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების განსაკურნებლად და რას ისურვებდით გადმოეტანათ საქართველოში?
- დანიაში დანერგილია ყველაფერი ის, რაც ყველა მოწინავე ქვეყნებმა შიმუშავეს ონკოლიური დაავადებების წინააღმდეგ. თანაც ეს ყველაფერი საყოველთაო ჯანდაცვით იფარება, სრულად და განურჩევლად ყველასათვის. აქ მცხოვრებ არც ერთ ადამიანს არ სჭირდება ამ მხრივ თანხის და ძალისხმევის გაღება, რადგან აბსოლუტურად ყველა, მათ შორის ისიც, ვინც კანონიერად იმყოფება დანიაში, სრულიად დაცულია. ეს მთლად უფასოც არ არის, რადგან ყოველი ჩვენგანი 38-60%-მდე გადასახადს ვიხდით შემოსავლიდან.
საქართველოში ჯერ ონკოლოგიის ელემენტარული პრინციპები უნდა დაინერგოს. ჩვენს ექიმებს აკლიათ წვრთნა, ცოდნა, მაღალი სტანდარტების მქონე კლინიკებში მიღებული მრავალწლიანი პრაქტიკა. სახელმწიფოს არასოდეს უზრუნია იმაზე, რომ ექიმები გაეზარდა, ხანგრძლივად მიევლინა ისინი უცხოეთის კლინიკებში, სადაც რამდენიმე წლიანი პრაქტიკის შემდეგ ისევ სამშობლოში დაბრუნდებოდნენ და აამაღლებდნენ ჩვენი მედიცინის დონეს. ეს ეხება არა მარტო ონკოლოგიას. ჩემი გამოცდილებით, ონკოლოგია ისეთივე ქაოსურ მდგომარეობაშია, როგორც სხვა სპეციალობები, მეტ-ნაკლები განსხვავებით. მედიცინა ზოგადად გადაქცეულია კერძო საქმოსნობად და ნაკლებად არის ინტერესი იმისა, რომ გაუმჯობესდეს მკურნალობის დონე. მთელი აქცენტი გადატანილია აპარატურაზე, რაღაც ეფემერულ სახელებზე. მაგრამ უპირველესი, რაც უნდა მოხდეს, უნდა გაერთიანდნენ მთელი რიგი ონკოლოგები ერთ მსხვილ ცენტრად, ამას სათავეში ჩაუდგეს ვინმე, ვისაც მართლა წლების, ან ათწლეულების მანძილზე უმუშავია ონკოლოგიაში ევროპასა თუ ამერიკაში, დაივიწყონ ყველაფერი, რაც იციან და თავიდან დაიწყოს მათი აღზრდა. ასევე სხვადასხვა სპეციალობების წარმომადგენლებმა უნდა იმუშავონ ერთად, ჯგუფურად, სწორ მკურნალობას სჭირდება სხვადასხვა სპეციალისტებისაგან შემდგარი ჯგუფი და არა ერთი ექიმი. ნუ დავივიწყებთ ექთნებსაც, ვის გარეშედაც ექიმი სრულიად უძლურია. მე შემეძლო ამ კითხვაზე დიპლომატიურად მეპასუხა, მეთქვა, რომ საქართველოში დიდი მიღწევებია, მაგრამ რეალურად ეს დარგი ძალიან დიდ ყურადღებას და პატრონობას საჭიროებს, ამიტომ ქართული ონკოლოგია არ არის იმისათვის მზად, რომ თანამედროვე მიღწევები დაინერგოს მასში. მე მაინც არავის მოვუწოდებ, სამკურნალოდ იმოგზაურონ საზღვარგარეთ, რადგან ხშირ შემთხვევებში ისინი ვერაფერს უკეთესს ვერ სთავაზობენ ჩვენს პაციენტებს, ვიდრე ჩვენი ქართველი კოლეგები, ვისაც მე, ცხადია, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ძალიან უკმაყოფილო ვარ ზოგადად ჯანდაცვის ჩვენებური დაქსაქსულობით. მაგალითად, არ შეიძლება გულის ოპერაციები კეთდებოდეს 10 საავადმყოფოში. დანიაში ეს კეთდება მხოლოდ 4-5 ცენტრში. ასევე ორ მილიონიან კოპენჰაგენზე მხოლოდ ორი ონკოლოგიური განყოფილებაა. და ჩვენთან?
- დანია მსოფლიოში ერთერთი პირველია საუკეთესო საცხოვრებრლი პირობებით და რამდენად ხშირია ამ ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებები?
- ონკოლოგიურ დაავადებათ რიცხვი დანიაშიც დიდია, მაგრამ მთელი რიგი, მაგალითად, ფილტვის კიბო, საშვილოსნოს ყელის კიბო, მცირდება. ამ დროს უნდა ვიფიქროთ ორ რამეზე: სიხშირეზე და სიკვდილიანობაზე. ზოგი დაავადების სიხშირე მცირდება, ზოგის იზრდებაა, სიკვდილიანობაც მცირდება, მაგრამ საგრძნობლად არა. არ უნდა იფიქროთ, რომ განვითარებულ ქვეყნებში უფრო ნაკლებად გავრცელებულია სიმსივნური დაავადებები, უბრალოდ, ან აქ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები უკეთესია.
- ჩვენს ქვეყანაში საკვები პროდუქტის ხარისხი პრაქტიკულად არ კონტროლდება. რამდენად საშიში ეს ონკოლოგიური დაავადებების განვითარებისთვის?
- საქართველოში ყოველთვის საუკეთესო ხილი და ბოსტნეული იყო. ეს თანდათანობით იკარგება, საქართველოში არ უნდა გვჭირდებოდეს საკების იმპორტი სხვა ქვეყნებიდან, განსაკუთრებით, სრულიად უგემურის. ის, რითაც თავი მომქონდა, როგორც ქართველს (რომ ჩვენი პროდუქტი ასეთი არაჩვეულებრივია), უკვე ძნელი საპოვნელია. პროდუქტი ზოგადად ცუდია და ეს საგანგაშოა. საქართველოში ეს პრობლემა არ უნდა იდგეს.
- საქართველოში უამრავი ადამიანი დღეს იწყებს დილას ყავით. ზოგიერთი ყავით და სიგარეტით...რამდენად უწყობს ხელს ეს სამი ფაქტორი ონკოლოგიური დაავადებების გამოწვევას?
- ამ შეკითხვაზე მარტივი პასუხის გაცემა შეუძლებელია. ჩამოთვლილიდან ცნობილია, რომ მხოლოდ ერთი, კერძოდ, თამბაქოს წევა, არის ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი. ამიტომ დავიწყებ ამით. თამბაქოს მოწევა ძლიერი რისკფაქტორია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ასევე მთელი რიგი სხვა დაავადებებისა და განსაკუთრებით კიბოს განვითარებაში. ეს ეხება კერძოდ ფილტვის, შარდის ბუშტის, კუჭისა და საყლაპავის, ასევე თავისა და კისრის არის სიმსივნეებს, მეტს თუ არ გავყვებით. თამბაქოს მავნებლობაზე დღეს ბევრი საუბარი არც უნდა დაგვჭირდეს. საზოგადოება, განსაკუთრებით დასავლეთ სამყაროში, მშვენივრად იცნობს ამ გარემოებას. ამიტომაც დასავლეთში მოწევა გარკვეულწილად სირცხვილადაც კი ითვლება, თუ ამის თქმის უფლებას მივცემთ თავს. ფაქტიურად, არ არსებობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, გარდა ქუჩისა, სადაც მოწევა ნებადართული იყოს. მწეველებს თითქოს გარიყულებად ვუყურებთ. თუმცა ყველა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ბედი და თუ უნდა, მოწიოს კიდეც. მაგრამ მორალურად დაუშვებელია, თამბაქოს გამონაბოლქვში გავახვიოთ სხვები, პასიური მწეველობაც თითქმის იგივე რისკში აყენებს ადამიანს.
რაც შეეხება ყავას, მისი მავნებლობა მთლად დადასტურებული არ არის, თუმცა ბევრი ყველაფერი ცუდია. საქმე ისაა, რომ ცხოვრების არასწორი რეჟიმი, ანუ მოწევა, ცუდად კვება, ასევე ალკოჰოლიც სახიფათო კომბინაციაა. ამას ალბათ დაემატება უმოძრაობა, სიმსუქნე და სხვ., რაც საბოლოოდ ცუდ და არაჰარმონიულ ცხოვრების წესზე მიუთითებს. ასეთი წესი კი ქმნის ცუდ ფონს, სადაც ადამიანის ჯანმრთელობას მთელი რიგი პრობლემა შეიძლება შეექმნას.
თუ როგორ უნდა იკვებოს ადამიანმა, კერძოდ დილით რომელ საათზე უნდა ჭამოს, რა ჭამოს და ა.შ., ამაზე მე არანაირი კომენტარი არა მაქვს, რადგან ყველა ქვეყანაში ხალხს კვების სხვადასხვა ტრადიცია აქვს. არავინ იცის, რომელია სწორი. არ შეიძლება, რომ ადამიანმა მხოლოდ წესებით იცხოვროს. ყოველივე ჩვენგანს განსხვავებული ორგანიზმი, ცხოვრების თავისებური რიტმი, ტემპერამენტი გვაქვს. ამიტომ ერთი წესი ყველას არ მიუდგება. მთავარი ის არის, რომ ყველას უნდა ესმოდეს გაწონასწორებული ცხოვრების ძირითადი საფუძვლები: არა მოწევას, ალკოჰოლი ძალიან შეზღუდულად, ფიზიკური აქტივობა, კვირაში მინიმუმ ერთი საათი მაინც, ჰქონდეს რამე გატაცება ცხოვრებაში, აირიდოს სტრესი და უარყოფითი ემოციები. მე პირადად უკვე 30 წელია ვეგეტარიანელი ვარ და ყველას მოვუწოდებ ამისკენ, რადგან მჯერა, რომ ეს ცხოვრების ყველაზე სწორი წესია. ადამიანებს არ ჭირდებათ ცხოველების ხოცვა. სხვანაირად ამას ვერ ჩამოვაყალიბებ. ადამიანებმა თანდათანობით უნდა გაზარდონ ბოსტნეულის, ხილის, რძის ნაწარმის მიღება და შეამცირონ ხორცის ჭამა.
წაიკითხეთ ასევე: ქართველი ონკოლოგების საგანგებო განცხადება: "მდგომარეობა საგანგაშოა"
მანანა გაბრიჭიძე