როგორ შევუნარჩუნოთ პატარებს კბილები და ნორმალური წონა
რა ხდება ბავშვის ორგანიზმში, როცა ის ტორტს, ნამცხვარს ან ნაყინს მიირთმევს. როგორ მოქმედებს მის კბილებზე ვაშლი ან კანფეტი. რით გასხვავდება თაფლი და არარაფინირებული შაქარი ჩვეულებრივისგან? რა საფრთხეს შეიცავენ მზა ნახევარფარიკატები? ეს კითხვები ბევრ მშობელს უჩნდება, რომლებსაც ძალიან ადარდებთ თავინთი შვილების ტკბილეულით გატაცება. ვეცდებით, ყველა ამ კითხვას პასუხი გავცეთ.
დიდი რაოდენობით შაქრის მიღება კარიესსა და ჭარბ წონას იწვევს. შაქრის მაღალი შემცველობის პროდუქტებმა შესაძლოა, ნეგატიური ცვლილებები გამოიწვიოს ბავშვის სისხლის შემადგენლობაში. ეს მის ქცევასა და განწყობაზეც აისახება. რაფინირებულ შაქარში არავითარი კვებითი ღირებულება არ არის, თუმცა არაფერი დაშავდება, თუ ხანდახან პატარას ტკბილეულით გავახარებთ. სამაგიეროდ, ეს ნუგბარი მის გატაცებად არ უნდა იქცეს. არც მისი გამორიცხვაა საჭირო.
მნიშვნელობა აქვს, თუ რა გზით მოხვდება შაქარი ბავშვის ორგანიზმში. რაფინირებული თეთრი შაქარი (რომელსაც ძირითადად მოვიხმართ) მხოლოდ კალორიების გროვაა. თუ სუფთა სახით მიირთმევთ, ენერგიის უცაბედ, მოკლევადიან მოზღვავებას იგრძნობთ. მარმელადებს, კანფეტებს, შოკოლადის ბატონებს, გაზიან ტკბილ სასმელებს ასეთივე ეფექტი აქვთ - ბავშვში ჯერ ენერგიის "აფეთქებას" გამოიწვევენ, რასაც მალე საწინააღმდეგო ეფექტი, მოთენთილობა და უხასიათობა მოჰყვება.
სამაგიეროდ, შაქრის ენერგია შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს, თუ მას ნატურალურ ინგრედიენტებს დავუმატებთ: ხილს, რძის პროდუქტებს, შვრიას, კვერცხს. ეს პროდუქტები კუჭს გაავსებენ და ენერგიასაც თანდათან, დაბალანსებულად გამოათავისუფლებენ.
უკეთესი ვარიანტია შაქრის ბუნებრივი წყაროდან მიღება - ხილისგან ან რძის პროდუქტებისგან. ეს შაქარი ენერგიას თანდათან იძლევა და ორგანიზმს სხვა სასარგებლო ნივთიერებებითაც ამარაგებს.
ყველაფრის მიუხედავად, შაქრისა და ტკბილეულის გამორიცხვა ოჯახის მენიუდან არ ღირს, მხოლოდ ზომიერება უნდა შეინარჩუნოთ. თანაც დადგენილია, რომ ბავშვები მაინცდამაინც იმ საკვებს ირჩევენ, რომელსაც უკრძალავენ.
შაქარი დიდი რაოდენობითაა დაფასოებულ საკვებში: იოგურტში, ბურბუშელაში, მოჭიქულ ყველეულში (სიროკი). შინაური კექსი ან ნამცხვარი უკეთესი ალტერნატივაა. მათში შაქრის დოზა კონტროლირებადია, თანაც ნატურალურ ინგრედიენტებს გამოიყენებთ. მასში არ იქნება მარგარინი, სტაბილიზატორები, კონსერვანტები, საღებავები და შემადედებლები.
ნუ მიაჩვევთ ბავშვს ჯილდოს სახით, წასახალისებლად, ან უბრალოდ, გასახარებლად ტკბილეულის მიცემას. ამის შედეგად ტკბილეული მათში ყოველთვის დადებით ემოციებთან იქნება დაკავშირებული და ნუგბარის მიმართ ლტოლვაც გაუძლიერდებათ. ტკბილეული ხანდახან უნდა გაჩნდეს მაგიდაზე.
შაქარი და კბილები
რაფინირებული შაქარი, საქაროზა, კარიესს იწვევს. ის დიდი კონცენტრაციითაა კანფეტებში, რომლებიც კბილებს ეკვრიან. ნატურალური შაქარიც კი იწვევს პირის ღრუში კარიესის გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას.
მთავარია, როგორ გამოვიყენებთ შაქარს. ხანგრძლივი მოხმარებისას კბილები სერიოზული რისკის ქვეშ დგება. 10 წუთში შეჭმული ნაყინი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ნელ-ნელა დალეული ვაშლის წვენი. შაქრის მიღებიდან 20 წუთის განმავლობაში პირის ღრუში კარიესის გამომწვევი მჟავა გამოიყოფა. თუ შაქრის მიღებას (თუნდაც ნატურალურისას, რომელიც ხილ-ბოსტნეულშია) გავაგრძელებთ, მჟავის მოქმედებაც ხანგრძლივდება. ამიტომ დროდადრო ჭამა ჯობია გამუდმებულ სუსნაობას. რა თქმა უნდა, აუცილებელია კბილების ხეხვაც.
არარაფინირებული და "ბუნებრივი" შაქარი
უპირატესობა მიანიჭეთ შაქარს, რომელსაც ეტიკეტზე მითითებული აქვს "არარაფინირებული". ეს ნიშნავს, რომ პროდუქტმა ნაკლები დამუშავება განიცადა. ასეთი შაქარი უფრო არომატულია, ვიდრე თეთრი, ქიმიურად დამუშავებული ანალოგი. თუმცა ნუ დაივიწყებთ, რომ ეს მაინც საქაროზაა, რომელიც ზუსტად ისევე იწვევს კარიესს და ენერგიის არასაჭირო მოზღვავებას, როგორც რაფინირებული შაქარი.
რაც შეეხება თაფლს, მართალია, ძალიან ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, მაგრამ უმეტესად მაინც შაქრის წყაროა. ამიტომ მისი ჭარბად გამოყენებაც არ არის რეკომენდებული.