"მე მომწონს 21-ე საუკუნის მშობლები, უბრალოდ გადატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე ნაკლებ დროს ატარებენ შვილებთან" - ცნობილი პედიატრის გამოცდილება და რჩევები მშობლები ხშირად ვსაუბრობთ შვილების ჯანმრთელობაზე, აღზრდის მეთოდებზე და კიდევ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. ყოველთვის გვაინტერესებს ამა თუ იმ კარგი პედიატრის აზრი ჩვენთვის საჭირბოროტო საკითხებზე. ამჯერად შეკითხვებზე ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი გვპასუხობს.
- რამდენი წელია პედიატრი ხართ და როგორ იცვლებიან მშობლები ბავშვების აღზრდის საკითხებში - რამდენად ყურადღებიანები იყვნენ წლების წინ და როგორები არიან ახლა?
- პედიატრად ვმუშაობ 1995 წლიდან. ამ პერიოდიდან მოყოლებული უკვე საკმაოდ ბევრი პაციენტი მყავდა. პარალელურად კათედრაზეც ვეწეოდი სამეცნიერო მუშაობას. უდიდეს სიამოვნებას მგვრის სტუდენტებთან ურთიერთობაც. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, რადგან ბავშვების გარეშე არარაობაა ცხოვრება და მათთან კონტაქტი სიცოცხლეს მმატებს და ბავშვობაში მაბრუნებს.
ადრე მშობლები ასე კარგად არ იყვნენ გათვითცნობიერებული სამედიცინო საკითხებში. თითქოს ნაკლებად სვამდნენ კითხვებს, მეტად სჯეროდათ ექიმის და თვალდახუჭული ასრულებდნენ მის დანიშნულებას. თანამედროვე ცხოვრებამ, ტექნოგენურმა ცივილიზაციამ განაპირობა ის, რომ ახალგაზრდა მშობლები დამოუკიდებლად ეცნობიან სამედიცინო ლიტერატურას, ბევრს კითხულობენ, ინტერნეტის მეშვეობით იღებენ სიახლეებს, ანოტაციის გაცნობის გარეშე არც მედიკამენტს და არც საკვებს არ აძლევენ ბავშვებს, ეცნობიან ბავშვთა ფსიქოლოგიას, რაც გარკვეულწილად კარგია და მივესალმები, მაგრამ ინფორმაციულმა სტრესულმა სიტუაციებმაც იმატა, ბევრი ნეგატიური მოვლენაც იდება, რასაც გვერდს ვერ აუვლი; ეს კი იწვევს სტრესული მდგომარეობების განვითარებას, პატარა, უმნიშვნელო და უვნებელი სიმპტომიც კი ხშირად ძალიან სერიოზულად ეჩვენებათ, თვითონვე აკეთებენ დასკვნებს, ნერვიულობენ, ოჯახის სხვა წევრებსაც ძაბავენ, რაც, რა თქმა უნდა, არ არის კარგი. ძალიან მომწონს მამების ჩართულობა ბავშვთა მოვლაში, მათი ზრუნვა. ამ ბოლო დროს ძალიან ყურადღებიან მამებს ვხვდები, რაც მახარებს, ზოგჯერ ისეთ კითხვას მისვამენ, მაოცებენ...
- დღეს ყველაზე მეტად რა საკითხზე ღელავენ მშობლები?
- ქართველ მშობლებს ყველაზე მეტად ბავშვის უმადობა და წონა აღელვებთ, თუმცა ზოგჯერ 2-ჯერ მეტი წონა აქვს ბავშვს, ვიდრე უნდა ჰქონდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვიც ადამიანია, ზოგჯერ შეიძლება უარი თქვას, ან ულუფა ბოლომდე არ მიირთვას. თუ დიდი წონა აქვს, მადის დათრგუნვა კომპენსატორული მექანიზმიც შეიძლება იყოს. ექიმისთვის მთავარია, რომ არ იყოს წონაში მნიშვნელოვანი ჩამორჩენა და ბავშვს ჰქონდეს ასაკის შესაბამისი ფსიქო-მოტორული განვითარება. თუ ბავშვი ავად ხდება, აუცილებლად პირველ რიგში ფილტვების მდგომარეობა აინტერესებთ, ხომ არ არის „ფილტვების ანთება“, ძალიან აშინებთ მაღალი ტემპერატურა, ეშინიათ გულყრის, რომელიც სამ წლამდე ასაკში დასაშვები ნორმაც კია მაღალ ტემპერატურაზე, ანუ ჰიპერთერმიული გულყრა. ზოგადად ტემპერატურა ვირუსული ინფექციის დროს, ორგანიზმის რეაქციაა, რომლის მეშვეობითაც გამომუშავდება იმუნიტეტი კონკრეტული გამომწვევის მიმართ.
ასევე იხილეთ: "გეკითხებით, რას ერჩით თქვენი ბავშვების ჯანმრთელობას?" - ქართველი პედიატრის მოწოდება
- ყველაზე ხშირად რა შეკითხვებს გისვამენ მშობლები და რა შეცდომებს უშვებენ ისინი ბავშვების აღზრდისას?
- მშობლებს ყველაფერი აინტერესებთ და ეს ბუნებრივია. როგორც აღვნიშნე, ფიზიკური და ფსიქო-მოტორული განვითარება, აცრებთან დაკავშირებული კითხვები ძალიან ბევრია. მინდა გითხრათ, რომ სავალდებულო, კალენდარული აცრები ბავშვს უნდა ჩავუტაროთ, რადგან იმ დაავადებებს, რაზეც იცრებიან ჩვენი პატარები, ბევრი, მათ შორის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის გამოწვევა შეუძლიათ. აინტერესებთ, რომელი საკვები, ბურღული, მარილი, შაქარი და ზეთი უნდა გამოიყენონ ბავშვთა კვებაში, რომ იყოს შედარებით სუფთა და უვნებელი. გახშირდა კითხვები მენტალურ მდგომარეობებთან დაკავშირებით, ხშირად თხოულობენ ფსიქოლოგის კონსულტაციას. ერთხელ დედამ მოიყვანა 5 წლის ბავშვი კონსულტაციაზე და მიმტკიცებდა, რომ ძალიან ცელქი იყო. ბავშვმა პრაქტიკულად დაანგრია კაბინეტი, გადააყირავა მაგიდა, გატეხა ლარნაკი, გადმოყარა წიგნები... დედას ერთი შენიშვნაც კი არ მიუცია. ასეთ შემთხვევაში აღზრდის დეფიციტი იყო და არა ჰიპერაქტივობის. მე ავუხსენი დედას და მგონი, გაიგო... ხშირად სვამენ მშობლები კითხვას ბავშვის კომპიუტერთან მიჯაჭვულობასთან დაკავშირებით, რასაც სრულიად ვერ აუკრძალავთ, მაგრამ ეს ურთიერთობა რეგლამენტირებული და ლიმიტირებული, თან კონტროლირებადი უნდა იყოს. უნდა ვაკონტროლოთ, რას უყურებენ ბავშვები, რომ არ მოხდეს ნერვული სისტემის, ასევე თვალის დაძაბვა და კიდევ უამრავი სხვა პრობლემის განვითარება. მე მყავდა პაციენტი, რომელიც ცხოვრობდა ვირტუალურ სამყაროში, ყველა თამაშს იგებდა, რასაც კი თამაშობდა. როდესაც რეალურად ითამაშა ფეხბურთი, ბილიარდი და ნახა, რომ არ იყო მთლად ძლიერი და სხვამ აჯობა, ძალიან ჩაიკეტა და არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბება დაეწყო. ამის თავიდან ასაშორებლად მოახდინეთ სუბლიმაცია სპორტით, ცეკვით, მუსიკით, გამოუყავით გარკვეული დრო კომპიუტერთან ურთიერთობისთვის და რაც მთავარია, მეტად ეკონტაქტეთ ბავშვებს და მიეცით საშულება მეტი დრო გაატარონ ადამიანებთან ურთიერთობაში, იცხოვრონ რეალურ სამყაროში.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად იცავენ და ითვალისწინებენ მშობლები ექიმის რეკომენდაციას, ბავშვის მოვლასა და წამლების დანიშვნასთან დაკავშირებით?
- მშობლები დღეს ძალიან ყურადღებიანები არიან, იცავენ და ზედმიწევნით კარგად ასრულებენ ყველა რჩევა-დარიგებას. ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც დედები ასეთი მოტივირებულები არიან ძუძუთი კვებისთვის. ალტერნატივა ბუნებრივ კვებას არ გააჩნია. მომწონს, როდესაც არ აჩვევენ შოკოლადს, უკრძალავენ ჩიფსებს, ფერად გაზიან და ენერგეტიკულ სასმელს, შებოლილ პროდუქტებს, დამოუკიდებლად, ექიმის გარეშე არ აძლევენ მედიკამენტებს. მოკლედ, მე მომწონს 21-ე საუკუნის მშობლები, უბრალოდ გადატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე ნაკლებ დროს ატარებენ შვილებთან, მაგრამ რა ვქნათ, თავს ზემოთ ძალა არ არის. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას და წარმატებული ცხოვრების გზას!
- დაბოლოს, იქნებ გვითხრათ ამ ეტაპზე რა ვირუსებია გავრცელებული და როგორ უნდა ვებრძოლოთ?
- ვირუსული ინფექციები ამ ეტაპზე ცოტა შემცირდა, თუმცა ვხვდებით ადენოვირუსულ ინფექციას, რომელიც მიმდინარეობს ფარინგიტით, ტონზილიტით, კონიუნქტივიტით, ლარინგიტით, მუცლის ტკივილით, ხშირად პირღებინებით და ნაწლავის დისფუნქციით,
მაგრამ გართულებები არ გვაქვს.
ვირუსი ორგანიზმში აერწვეთოვანი გზით ხვდება, ვირუსის რეპლიკაცია-ელიმინაციის პროცესი ორგანიზმში 5-7 დღეს გრძელდება, ვირუსულ ინფექციას მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა სჭირდება. ის ორგანიზმში არც შეჭრას და არ გამოსვლას არ ეკითხება არავის,
ასე რომ, იყავით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, არეგულირეთ ტემპერატურა. თუ 38,5-ზე ზემოთ არის, მიიღეთ დამწევი, იკვებეთ ვიტამინიზირებული საკვებით...
მერი ბლიაძე