განსაკუთრებით, რთულია ბავშვის ავადობა ქალაქიდან მოშორებით გასული მშობლისათვის, როდესაც ექიმი გვერდით არ ჰყავს.
ბევრი მშობლისთვის ზაფხული ნაწლავურ ინფექციებთან ასოცირდება. ამ სეზონზე საკვებით გამოწვეული მოწამვლები არაიშვიათი მოვლენაა. განსაკუთრებით რთულია ბავშვის ავადობა ქალაქიდან მოშორებით გასული მშობლისთვის, როცა ექიმი გვერდით არ ჰყავს.
თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი სამეცნიერო კონსულტანტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ბავშვთა ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მანანა ხოჭავა გირჩევთ, როგორ მოიქცეთ, რომ სირთულეები თავიდან აიცილოთ, რომელ ხილსა თუ ბოსტნეულს უნდა ერიდოთ და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, როდესაც საკვებისმიერი ინტოქსიკაცია ვითარდება
- რომელ ხილთან და ბოსტნეულთან უნდა ვიყოთ ფრთხილად? განსაკუთრებით ბავშვები რისგან დავიცვათ?
- რომელიმე ბოსტნეული ან ხილი ამოვიღოთ რაციონიდან, არ იქნება სწორი! ამ პროდუქტებში არის მინერალები, ვიტამინები სასარგებლო კომპონენტები და ისინი აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისათვის. პროდუქტი აუცილებლად უსაფრთხო წესით უნდა იყოს მოყვანილი. არ უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით ნიტრატებს და მავნე ნივთიერებებს! ამის კონტროლი ექიმს არ ეხება, ბაზარზე რომ შემოდის ხილ-ბოსტნეული, მისი შემოწმება უნდა ხდებოდეს! ძალიან ძნელია ვიზუალურად გამოცნობა, პროდუქტი დაბინძურებულია თუ არა! სამწუხაროდ, ზოგჯერ ფერმერი მოსავალს არასწორად მოიწევს, რომელიც გასაყიდად აქვს გამზადებული და ჯანსაღ პროდუქტს თავად მოიხმარს... მაგალითად, წლების წინ იყო შემთხვევა, როდესაც კახეთიდან მოწამლული ბავშვი მოიყვანეს და ბებიამ თქვა, რძალმა ბავშვს ის საზამთრო აჭამა, რომელიც გასაყიდად გვქონდა გადადებულიო... ეს მორალურად ძალიან არასწორია! იმედი მაქვს ასეთი შემთხვევები ხშირი არ იქნება! ადამიანმა როგორც თავისი ბავშვი არ უნდა მოწამლოს, ისე არ უნდა მოწამლოს სხვისი შვილებიც! ეს მხოლოდ მორალურად კი არ არის არასწორი, გარკვეული დანაშაულია!
ჩემი მთავარი რეკომენდაცია გახლავთ ის, რომ ხილ-ბოსტნეული შევიძინოთ ისეთ ობიექტებში, სადაც მეტ-ნაკლებად შემოწმებული იქნება! ასევე დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუ რამდენად ჰიგიენურ პირობებში იყიდება. თუ მიწაზე დევს და დაბინძურებულია, არანაკლებ სახიფათოა!
პროდუქტების საყინულეში შენახვის ვადები
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახლში მოტანილი ხილ-ბოსტნეულის დამუშავებას! ძალიან კარგად უნდა გაირეცხოს გამდინარე წყალზე! მწვანილი ცოტა ხანს უნდა ჩალბეს და შემდგომ გამდინარე წყლით გაირეცხოს! ზოგიერთი მეცნიერი რეკომენდაციას იძლევა, რომ აუცილებელია საპნითაც გაირეცხოს! პროფესიონალები იძლევიან რეკომენდაციებს, რომ ხილი აუცილებლად უნდა გაიფცქვნას! თუმცა ძალიან ძნელია ამაზე საუბარი, რომ ჩვენ ყველა ხილ-ბოსტნეულს გავფცქვნით და ისე მივირთმევთ. ამიტომ, აუცილებელია გარეცხვა და ხელების დაბანა!
- როგორ მივხვდეთ, რომ მოწამვლაა?
- მოსახლეობა მოწამვლას ისეთ რაღაცას ეძახის, რომელიც ძალიან ხშირად ნაწლავთა ინფექციას წარმოადგენს. ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლა შეიძლება მსგავსი სიპტომატიკით გამოიხატებოდეს (გულისრევით, ღებინებით, ფაღარათით, საერთო სისუსტით). მოწამვლა 98 პროცენტში ჩვეულებრივი, ბანალური ნაწლავთა ინფექციებია, რომელიც გამოხატული შეიძლება იყოს მრავალჯერადი ღებინებით, ფაღარათით, ცხელებით და დეჰიდრატაციით. აი, გაუწყლოების სიმპტომს უნდა ვებრძოლოთ! ეს არის ძალიან რთული მდგომარეობა, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობით წყალი, მინერალები და ქლორიდები იკარგება! ბავშვებში განსაკუთრებით საშიშია ეს მდგომარეობა, რადგან ძალიან სწრაფად ვითარდება გაუწყლოება! ამიტომაც, უნდა ვეცადოთ, რომ დიდი რაოდენობით წყალი (პატარ-პატარა ულუფებით) ყოველ ხუთ წუთში მივაწოდოთ ბავშვს! სუფთა წყალი, სულაც არ არის საჭირო მინერალური წყლები! ასევე საჭიროა საკვების ზომიერად მიწოდება!
- განსაკუთრებით თუ კურორტზე ხდება, როგორ მოვიქცეთ ვიდრე ექიმი მოვა და როდის არის აუცილებელი ექიმი?
- ძალიან კარგი შეკითხვაა! არის შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია ადგილზევე დაავადების მართვა, ვიმეორებ, აუცილებელია წყლის მიწოდება, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვმა შესაძლებელია ისევ აღებინოს! როდესაც ორგანიზმს წყალი არ მიეწოდება, ხდება გამოშრობა, ვითარდება შოკური მდგომარეობა და შემდგომ უკვე გადასხმებია საჭირო! ეს არის კრიტიკული და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა და აქამდე არ უნდა მივიყვანოთ საქმე! მედიკამენტები ამ დროს მეასეხარისხოვანია და მხოლოდ სტაციონარის პირობებში ინიშნება!
- თუ შეიძლება ჩამოვთვალოთ ის პროდუქტი, რომლითაც ყველაზე ხშირად იწამლებიან?
- საზამთრო ერთ-ერთი ცნობილია... სამწუხაროდ, საზამთროს სწრაფი დამწიფებისთვის ხშირად რაღაც ხერხებს მიმართავენ. თუ არის უკონტროლო შეწამვლები, მოწამვლა შეიძლება ყურძენმაც გამოიწვიოს და ნებისმიერმა ხილმაც... ასევეა პომიდორი და კიტრი... ამ პროდუქტებს ზაფხულში ძალიან ხშირად მოვიხმართ. გვსურს ვიტამინების მიღება და ვიტამინების ნაცვლად შეიძლება ნიტრატები მივიღოთ... ფობია არ უნდა განვითარდეს, მანიაკური შიშები არ უნდა გვქონდეს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან ადრე იმ ხილის ყიდვა არ არის საჭირო, რომლის სეზონიც არ არის... არ ვარ აგრონომი, რომ ზუსტად ვიცოდე როგორ მოჰყავთ, მაგრამ იანვარში რომ საზამთრო სასარგებლო არ იქნება, ისედაც ცხადია! ხელოვნურად გაზრდილი ალბათ ქიმიური პრეპარატების ხარჯზე იქნება!
- რა რჩევებს მოგვცემთ რომ არ მოვიწამლოთ როგორც ხილით, ასევე საჭმელით?
- ალბათ, ხშირად გვსმენია ნაყინით მოწამვლის შემთხვევები, კრემიანი ნამცხვრებით... განსაკუთრებით, როდესაც რძეზე დამზადებული კრემია და არ არის ნორმალურად შენახვის პირობები დაცული. ასევე როდესაც კულინარს რაიმე ჩირქოვანი პროცესი აქვს ხელზე, ამ მდგომარეობას ძალიან წარმატებულად შეუძლია სტაფილოკოკური ინფექციის გადაცემა, რომელიც კრემში ძალიან კარგად მრავლდება. ჩვენ ადრე ამ დაავადებებს კვებით ტოქსიკოინფექციებს ვეძახდით... ანუ კვებით მოწამვლა - ასეთი დიაგნოზი არის მიღებული და ამ შემთხვევაში გვაქვს ძალიან მძაფრი კლინიკური გამოვლინებები... - სიცხე, ღებინება - ძალიან მოკლე ხანში პროდუქტის მიღების შემდეგ... ამიტომ ის პროდუქტები, რომლებიც რძეზეა დამზადებული, ძალიან ფრთხილად უნდა მივიღოთ ცხელ პერიოდში. თუ შესაძლებელია მათი თერმული დამუშავება, აუცილებლად უნდა დამუშავდეს... თუმცა, კრემიანი ნამცხვრების და ნაყინის თერმულად დამუშავება, მოგეხსენებათ შეუძლებელია! ამიტომაც ძალიან დიდი ყურადრება უნდა მივაქციოთ ვადებს!
- თუმცა კულინარს თუ ხელზე ჩირქიანი პროცესი აქვს ნამცხვრის მომზადებისას, ამას ჩვენ როგორ გამოვიცნობთ?
- ვერანაირად! სამწუხაროდ გემოც კი არ არის შეცვლილი პროდუქტის. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია იმ წარმოებას, სადაც პროდუქტი მზადდება! ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ სტაფილოკოკი კი არა, შეიძლება ნაწლავის ჩხირიც კი ვიპოვოთ... კონტროლი სანიტარული სამსახურის მოვალეობაა, დღეს ეს კონტროლი არსებობს, მაგრამ არასაკმარისად! ადრე უფრო მკაცრად ხდებოდა! ამჟამად, დარწმუნებული ვარ ბევრგან, (განსაკუთრებით პატარა საცხობებში) კონტროლი არ ხდება! ჩვენც შეიძლება დავაბინძუროთ, დაუბანელი ხელებით მივირთვათ, მაგრამ მოწამვლა უფრო ლოკალური იქნება (ოჯახში ხუთი-ექვსი ადამიანი მოიწამლოს) და არა მასიურად!
- რამდენად ხშირია მშობლების დაუდევრობით გამოწვეული ბავშვთა მოწამვლის შემთხვევები?
- მშობელმა შეიძლება ბევრი რამ არ იცოდეს და უნებლიე შეცდომები დაუშვას, მაგრამ ხელები რომ ხშირად უნდა დაიბანონ, ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს! ბაქტერიები ჩვენს ხელზე არ ჩანს უბრალო შეხედვით, ამიტომ ყველა მშობელს ევალება ბავშვს ჰიგიენის ნორმები ასწავლოს! ტუალეტი სუფთად რომ უნდა დატოვოს, აუცილებლად ხელები საპნით დაიბანოს, არავითარ შემთხვევაში გარეთ რომ არ უნდა ხდებოდეს მოშარდვა და დეფეკაცია! ამას თუ მშობელი ბავშვს არ ასწავლის, მაშინ ყველაფერია მოსალოდნელი და ეს არის მშობლის ყველაზე დიდი დაუდევრობა! ზოგჯერ თავად მინახავს ბავშვებს ხელზე მხოლოდ წყალს გადაავლებენ, თითებს დაუსველებენ, ან სველი ხელსახოცით გაუწმინდავენ, რაც სწორი არ არის! ბაქტერიების მოკვლის საშუალება არის ჩვეულებრივი საპონი! გამდინარე წყალში ხელების საპნით დაბანა ყველაზე კარგია!
დეზინფექტანტის როლიც კი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი! დეზინფექტანტი მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენო, როდესაც სხვა გამოსავალი არ არის და წყალი და საპონი იმ მომენტში მიუწვდომელია! ან ხელი საპნით უნდა დაიბანო და მის შემდგომ გამოიყენო დეზინფექტანტი! მე ძალიან დიდი ხანია ინფექციურ საავადმყოფოში ვმუშაობ და ვხედავ ექიმები, რომლებიც ხელს ხსირად საპნით იბანენ, არცერთს არანაირი ინფექცია სახლში არ წაუღია! ჩვენ მუდმივად ინფექციების ეპიცენტრში ვართ, მაგრამ ხელების ხშირი დაბანვით შესაძლებელია თავიც დაიცვა და ახლობლებიც!
- თუმცა არ ვართ დაზღვეული რომ ყველგან სუფთა წყალი მოდის ონკანში...
- ვერ დაგეთანხმებით, რომ ონკანში სუფთა წყალი არ მოდის... თუმცა ვყოფილვარ ქალაქგარეთ და რაც მდინარეების პირას მინახავს, ეს არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი! მე ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდა თაობას, ისწავლონ როგორ უნდა მოექცენ ბუნებას! როდესაც ბოთლებს და ნარჩენებს ტოვებ, უნდა იცოდე, რომ, როცა დაბრუნდები იქ ისევ სამმაგად დაგხვდება ნაგავი! ასეთ პირობებში წყლის მიღებაც არ არის უსაფრთხო თუნდაც წყაროდან... რაც შეეხება ონკანის წყალს, მე ერთხელ, თავად არ მომეწონა სახლში წყლის გემო, მივმართე კომპანიას, მოვიდნენ და ლაბორატორიული დასკვნა დამიდეს! თვითონ დავრწმუნდი, რომ წყალი შეგვეძლო დასალევად მოგვეხმარა. ჩვენ ქვეყანას ბუნებრივად აქვს ძალიან დიდი სიმდიდრე! მაგალითად, ამერიკის ძალიან ბევრ შტატში სუფთა წყალს ონკანიდან ვერ დალევთ და აუცილებლად უნდა იყიდოთ... სხვა შემთხევაა, როდესაც წლის მილები შეიძლება დიდხანს არ იყოს გამოცვლილი, როდესაც წყალი შეწყდება და შემდეგ დიდი წნევით მოდის, მიწიდან არის ზოგჯერ დაბინძურებული... ამ დროს წყლის ადუღება აუცილებელია. თუ ქიმიურ ნივთიერებებზე არ გვაქვს საუბარი, ადუღების შემთხვევაში ბაქტერიები და პარაზიტები მოიხარშებიან და წყალი უსაფრთხოა! როდესაც ქიმიური ნივთიერებებია, იქ მხოლოდ ადუღება საკმარისი არ არის!
სოფელში ჭა აუცილებლად უფრო მაღლა უნდა იყოს ვიდრე ტუალეტი! ჭისკენ არ უნდა მიედინებოდეს ტუალეტის წყალი!
- ახლა თუ არის ენტეროვირუსები გავრცელებული?
- იმედია, მომცემთ საშუალებას შეგისწოროთ: ენტეროვირუსული ინფექცია რატომღაც გაიგივებულია ნაწლავთა ინფექციასთან, რაც სწორი არ არის! ენტეროვირუსული ინფექცია სულაც არ ნიშნავს დიარეით მიმდინარე ინფექციას... ენტეროვირუსული ინფექცია არის ვირუსული ინფექცია, რომელსაც შეუძლია მენინგიტის გამოწვევა, გამონაყრის, კუნთების ტკივილის... რაც შეეხება დიარეას, ეს ძალიან იშვიათია... სამწუხაროდ, როგორც არაპროფესიონალები, ასევე პროფესიონალებიც იყენებენ ხშირად სიტყვა - ენტეროს, "ენტერო" ნაწლავს ნიშნავს! მე ვთხოვ ყველას, რომ ფაღარათით მიმდინარე ინფექციას არ დავარქვათ ენტეროვირუსული ინფექციები!
- საუბრის დასასრულს... ამ სეზონზე ხშირი მომართვიანობაა?
- ჩვენს საავადმყოფოში არ არის ამჟამად დაფისირებული ხშირი მომართვიანობა კვებითი მოწამვლის გამო, მაგრამ გარკვეულ ინფექციებს ტალღისებურობა ახასიათებს! ახლა შეიძლება მომართვიანობა ნაკლები იყოს ხალხის დიდი ნაკადის ქალაქიდან დასასვენებლად გასვლის გამო! ზოგჯერ მოზღვავებული შემოსვლაა, ზოგჯერ კი - ნაკლები! ეს ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელია.
მანანა გაბრიჭიძე